რეპროდუქტოლოგი, პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა ნიშნებით ვლინდება სქესობრივი განვითარების დარღვევები ბავშვებში:
- სქესობრივი განვითარების დარღვევები კომპლექსური პრობლემაა. ასეთი პაციენტები შესაძლოა, სრულიად სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს შეხვდნენ. ყველა პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ზოგიერთი ასეთი დარღვევა შეუძლებელია, ახალშობილობის პერიოდში აღმოვაჩინოთ. ის მხოლოდ მოზარდობის პერიოდში ვლინდება. სტრესს იწვევს ის, რომ ზოგჯერ ახალშობილი გენეტიკურად მამაკაცის სქესით იბადება და ფენოტიპურად ქალური გარეთა სასქესო ორგანოების მქონე ბავშვია და შემდეგ, როგორც ქალი, ისე ვითარდება. ეს ანდროგენების მიმართ რეცეპტორების დაქვეითების შედეგია, ერთი გენის პათოლოგიითაა განპირობებული და ამას ანდროგენრეზისტენტობის მდგრადობის აღუქმელობის სინდრომი ეწოდება. ანუ, ახალშობილი გენების მიხედვით მამაკაცია, გარეგნობის მიხედვით კი - ქალი. ეს იშვიათ პათოლოგიად ითვლება, მაგრამ ჩვენი კლინიკა ამ მიმართულებით სპეციალიზირებულია და მომართვიანობა ხშირია. გარდა ამისა, თუ ახალშობილობის პერიოდში გარეთა სასქესო ორგანოები გაურკვეველი სქესისაა და იქმნება დილემა, აუცილებელია, რომ დაზუსტდეს და ისე არ მიაკუთვნონ სქესი, სანამ არ გაირკვევა, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე.