28 წლის რუთ სპერს იშვიათი დაავადება აქვს და ამის გამო 6-ჯერ ჩავარდა კომაში. ყველაფერი კი 14 წლის ასაკში დაიწყო... გოგონა სკოლაში პროგრამას ჩამორჩებოდა და ინფორმაციის დამახსოვრებას ვეღარ ახერხებდა, ძლიერ სისუსტეს გრძნობდა და ენერგია აღარაფერზე ჰყოფნიდა. ექიმთან მიიყვანეს და პოსტურალური ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომი დაუსვეს. ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანს გულისცემა უჩქარდება ყოველ ჯერზე, როცა მისი სხეული პოზიციას იცვლის.
"ბავშვობაშიc ჩემი ჯანმრთელობა იდეალური არ იყო. ბარძაყის დისპლაზია, საშარდე გზების ინფექცია მქონდა. გარდა ამისა, აუხსნელი ტკივილები მაწუხებდა, რასაც მოზარდობის პერიოდს მიაწერდნენ." - ამბობს რუთი.
საბოლოოდ დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს. მას ელერს-დანლოსის სინდრომი აქვს, რომლის დროსაც შემაერთებელი ქსოვილები და შინაგანი ორგანოები ზიანდება. დაავადება შარდის ბუშტს, კუნთებს, შინაგან ორგანოებს ნელ-ნელა აზიანებს, ფიტავს და მუდმივ ტკივილს იწვევს. აღნიშნული სინდრომი ასევე კანის ადვილად დაზიანებას იწვევს, ჭრილობა რთულად ხორცდება და სახსრები ჰიპერმობილურია. რუთ სპერს ასევე თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პროგრესირებადი ჰიპოფუნქცია აქვს, რაც პერიოდულად შეტევას იწვევს. გოგონა მუდმივად მედიკამენტებს იღებს, ნებისმიერი პატარა ინფექციაც კი საშიშია.
რუთ სპერი იშვიათი დაავადებების გამო 6-ჯერ ჩავარდა კომაში. ასევე, რამდენჯერმე გულიც გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
"ვიდრე ჩემი თანატოლები მეგობრებთან ერთობიან, მოგზაურობენ, კარიერას იწყობენ, მე მუდმივად საავადმყოფოში ვარ, მილები მაქვს ჩასმული, რომ ვიკვებო და წამლები მივიღო. ბოლოს სარკეში რომ ჩავიხედე, სამედიცინო აღჭურვილობის გარდა ვერაფერი დავინახე." - ამბობს რუთი.
გოგონა ერთი პერიოდი საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობდა და სხვა ადამიანებს ეხმარებოდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამსახურის დატოვება მოუწია.
გასული წლის შემოდგომაზე რუთი ინფექციით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სეფსისი განუვითარდა. 277 დღის განმავლობაში კლინიკაში იყო. საბედნიეროდ, გამოჯანმრთელდა.
რუთი ამბობს, რომ ემოციებთან გამკლავებაში თავისი პატარა ძაღლი ეხმარება. სწორედ მან შეუწყო ხელი, რომ სახლიდან გასულიყო და ადამიანებთან ურთიერთობა დაეწყო.
"მას შემდეგ, რაც დიაგნოზი დამისვეს, ექვსჯერ ვიყავი კომაში და ყოველ ჯერზე, როცა ვიღვიძებდი, სულ უფრო და უფრო მადლიერად ვგრძნობდი თავს, რომ გადავრჩი და ოჯახთან ყოფნა შემეძლო", - ამბობს რუთ სპერი.
საერთაშორისო მედიამ გოგონას ყურადღება სწორედ საოცარი ისტორიის გამო მიაქცია. ექიმებმა 6-ჯერ მოახერხეს მისი კომიდან გამოყვანა. ახლა რუთი გარეთ ხშირად გადის, ამბობს, რომ სამედიცინო მილებთან თანაცხოვრება ისწავლა და ცხოვრებას შემართებით აგრძელებს. მან საკუთარი ბლოგი შექმნა და გამომწერებს ისტორიებს უზიარებს.
"ყოველი დღე შეიძლება არ იყოს კარგი, მაგრამ არის რაღაც კარგი ყოველ დღეში." - ამბობს ის.
ქალი ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს და საზოგადოებას ეუბნება - ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, არ ნიშნავს, რომ სხვებისაგან განსხვავებულია და არაფრის კეთება შეუძლია.
რუთს განსაკუთრებით უყვარს ცურვა. სპეციალურ კოსტიუმს იყენებს, რომელიც ინფექციებისაგან იცავს.
"შეიძლება ვერასოდეს გავხდე მსხვილი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ან ექიმი, რომელიც სიცოცხლეს გადაარჩენს, ან მსოფლიოში ცნობილი მწერალი ან თუნდაც უბრალოდ მედდა, როგორც ვგეგმავდი, მაგრამ რაც არ უნდა ხანმოკლე იყოს ჩემი ცხოვრება, მაინც ვიტყვი, რომ ღირდა." - ამბობს რუთი და უამრავ ადამიანს მოტივაციას აძლევს, რომ არასოდეს შეწყვიტონ ბრძოლა და უკეთესი მომავლის შექმნას შეეცადნონ.