ხევის ყველაზე გავლენიან ოჯახში დაბადებულის შვილის, მწერალ ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრება იმდენად იცნაურად წარმიმართა, რო, მან ცხოვრება სიღატაკეში დაასრულა. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში და ზოგადად, მის ეპოქაში, თუმცა ის მუდმივად რჩებოდა თავისი ქვეყნისა და თავისი ხალხის ერთგულად, რომელიც პირნათლად ცდილობა სარგებელი მოეტანა სამშობლოსთვის.
დიდი ქართველი მწერალი 1848 წლის 8 იანვარს, სტეფანწმინდაში დაიბადა. ხევის მმართველის, მიხეილ ყაზბეგისა (ჩოფიკაშვილის) და ელისაბედ თარხნიშვილის შვილი თბილისში ჰაკესა და კანონიჩის პანსიონებში სწავლობდა, 1863 წლიდან კი კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა სწავლა. ვიდრე მამა ცოცხალი ჰყავდა, მისი ცხოვრება მარტივად მიდიოდა, თუმცა 1866 წელს მამა გარდაეცვალა და ამის მერე შეძლებულ ცხოვრებას მიჩვეულ ოჯახს გაუჭირდა.
18 წლის ახალგაზრდა ალექსანდრე ყაზბეგი უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთში გაემგზავრება. 1867-1870 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. მოსკოვში მწერალს მატერიალურად მეტად შეზღუდულ პირობებში უხდებოდა ცხოვრება. იგი სამეურნეო აკადემიის სტუდენტი გახდა. სწავლას შეუდგა მთელი მონდომებით. ეს ყველაფერი კარგად ჩანს მის წერილებში, რომლებაც მოსკოვიდან ოჯახს უგზავნიდა. თუმცა ძალიან დიდი იყო განთლების მიღების სურვილი, უნდოდა სამშობლოში განათლება მიღებული, დიდი კაცი დაბრუნებულყო, ამიტომ ხშირად წერილებში დედას მისთვის ფული გაგზავნასაც სთხოვდა და საყვედურობდა კიდეც, თუ ვერ გაუგზავნიდა.
„მართალია, ძნელს და ძნელს საქმეს ვებრძვი, მაგრამ მაქვს იმედი თავი გავიტანო და პავლესაგან ნასწავლი ქამანდი უგდო, რომელსაც წაუქცევლათ არ გადაგირჩება სიძნელე საქმისა. და მაშინ, მცირე დავითისავით, როგორც ის მივარდა გოლიათს და მოსჭრა თავი, ისე მე ამ სიძნელეს, და შემოვალ საქართველოს კარებში დიდებით.
ქართული ანდაზაა _ ცდა ბედის მონახევრე არისო. აქ მეტად დამცირებული არის ცდა. ჩემის აზრით, უკეთუ კაცს ცდა ექნება და შეიდებს რასმე თავში, უეჭველათ მიაღწევს ღვთით. მე თქვენი გამოგზავნილი ჩურჩხელები მივიღე, რომლისთვისაც დიდათ და დიდათ გმადლობ.
ჩემს საყვარელს და ჩემთვის მზრუნველს ხელებს დაგიკოცნი ჩემთვის მზრუნველს გულსა.
მე აქაურს მყრალს თამბაქოს ვწევ. უნდა იცოდე რა საძაგლობა არის. მე ასეთს სწავლაში ვარ, რომ დღეში ორი საათი მოცლა არა მაქვს არც კვირაობით და არც ისე დღეობით. მოსკოვს გარეთ შვიდი ვერსია აკადემია და იქ დავდივარ სასწავლებლათ დილით ექვსი საათიდგან ან საღამოს ათს საათამდის. ათს საათზე ისევ მოსკოვში მოვდივარ. მე თვითონ არ მქონდა ჩემი თავის იმედი, რომ ამოდენა ჯდომას გაუძლებდი და ჩემი დაუდგომარი ფეხები სიარულს დაიშლიდნენ. მხოლოდ სამშაბათი საღამო მაქვს თავისუფალი და მაშინ დავდივარ ხოლმე აქ ერთს პომეშჩიკთან, გვარათ ველნენინოვები, რომელთაც სამშაფათობით შეყრილობა აქვთ ხოლმე და ტანცაობაც, რა საკვირველია, სადაც ქალები გადარია ჩემმა ლეკურმა.
ღმერთს გეფიცები და გაძლევ პატიოსანს სიტყვას, რომ ერთბაშათ ლაპარაკში მნახო, ვეღარ მიცნობ. ასე გამოვიცვალე, რომ ვერც მე და ვეღარც ჩემი ამხანაგები ვეღარა მცნობენ. ამ ზაფხულს კი ვერა, მაგრამ იმ ზაფხულს ერთი მოვალ, ორის თვით დაგხედავთ და ისევ წამოვალ“ - ვკითხულობთ ყაბეგის ერთ-ერთ წერილში, სადაც კარგად ჩანს, თუ რამდენად ძლიერ უნდოდა განათლების მიღება.
ეს კი გახლავთ მცირე ამონარიდი ალექსანდრეს კიდევ ერთი წერილიდან, სადაც კარგად ჩანს, როგორ უჭირდა თავის გატანა: „აგერ ექვსი თვე შესრულდა, რაც ველი ფულს და ოთხი თუმნის მეტი არ მომსვლია რა. მე განსაცვიფრებლათ მიმაჩნია თქვენი მოქმედება მისთვის, რომ თქვენ ძალიან კარგათ იცით ჩემი აზრი და სურვილი. (განგიმეორებთ) მე აქ მოვსულვარ სასწავლელათ და არა თუ ფულების მოსაგებათ. ერთი ეს ჰკითხეთ თქვენ თითონ თქვენს თავს: კაცს, რომელიც ისე უკან არის დარჩენილი როგორც მე, შეუძლიან კიდეც ისწავლოს და თავის თავიც გაიკვებოს?“
სამწუხაროდ, მას 1870 წელს საქართველოში დაბრუნება ისე მოუწია, რომ აკადემია არ დაუმთავრებია. სამშობლოში დაბრუნებული ცხვარში წავიდა მწყემსად. „გადავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს. მე თვითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რაოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მეცხვარე” - ამონარიდი „ნამწყემსარის მოგონებანიდან“.
საბოლოოდ, მისი ცხოვრება და შემოქმედება მრავალმხრივ განვითარდა. ის გახლდათ მწერალი, დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი და მსახიობი. ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე“ („აკაკია მოჩხუბარიძე“), თეატრალური – „მოხევე“. წერილებს ხშირად სწორედ აკაკია მოჩხუბარიძის სახელით აწერდა ხელს.
ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი „სამოციანელების“ ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში.
მისი რომანებსა და მოთხრობებს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს და ისინი არასდროს კარგავენ აქტუალობას. თუმცა არანაკლები ღირებულებისაა ყაზბეგის ლექსები და პიესები. სწორედ ლექსები და პიესები წერილებთან ერთად არის თავმყორილი „პალიტრა L-ის“ ოთხტომეულის მე-4 ტომში, რომელიც გაყიდვაში 7 აგვისტოს გამოვა.
წიგნი გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში, სპეციალურ ფასად 14 ლარად გაიყიდება. მისი შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, ამისთვის გამომცემლობას უნდა დაუკივშირდეთ ნომერზე 032 2 47 00 45 ან ეწვიოთ ვებგვერდს.
R