მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ხშირად ის გოგონები, რომლებსაც ძალიან მკაცრი მამა ჰყავდათ, იმავე თვისების მამაკაცს ირჩევენ მეუღლედ? ან კიდევ, ბიჭები ირჩევენ ისეთ გოგონებს, რომლებიც დედას ჰგვანან? მეცნიერებმა დაადგინეს, ეს შემთხვევითობა არ არის.
მაგალითად, ბრიტანული გაცნობის საიტმა 50-ზე მეტ მამაკაცს სთხოვა, დაესახელებინათ თვისებები, რომლებსაც ქალებში ეძებდნენ. აღმოჩნდა, რომ კაცების ორმა მესამედმა სრულიად გაუცნობიერებლად შექმნა იდეალური ქალის პროტოტიპი, რომელიც მათ დედას ჰგავდა.
კვლევებით დადგინდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მოსიყვარულე, გულისხმიერი დედა ჰყავდათ, ცოლადაც მსგავსი თვისებების ქალები მოჰყავთ. ხოლო, ქალები, რომლებსაც მკაცრი მამა ზრდიდა, უამრავ აკრძალვას უყენებდა და თავისუფლებას უზღუდავდა, ხშირად იმავე თვისებების, მკაცრს მამაკაცებს ირჩევენ. ხოლო თუ გოგონას ბავშვობაში მამასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, მისთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, გაცილებით დიდი შანსია, რომ მომავალ მეუღლეში ის თვისებები მოძებნოს, რომლებიც მამას ჰქონდა.
ფსიქოლოგების თქმით, მსგავსი არჩევანი ქვეცნობიერში დამალული ემოციებით, გრძნობებითა და განცდებით აიხსნება. მათი განმარტებით, ადრეულ ბავშვობაში განვითარებული სიტუაციები ადამიანებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს და სამუდამოდ დაილექება ქვეცნობიერში. შემდეგ კი, შესაძლოა, ისე, რომ ვერც ვაცნობიერებდეთ, მშობლების ქცევა გავიმეოროთ.
უამრავი კვლევა მიუთითებს, რომ მშობლებთან ადრეულ ეტაპზე ურთიერთობა, განსაკუთრებით კი დედასთან, არა მხოლოდ გავლენას ახდენს, როგორი დამოკიდებულება გვექნება სხვა ადამიანებთან, როდესაც გავიზრდებით და რომანტიკულ ურთიერთობებს დავიწყებთ, არამედ აყალიბებს იმასაც, თუ რამდენად სტაბილურად და ჰარმონიულად ვიქნებით ჩვენს თავთან.
იმ დედების შვილები, რომლებიც სიყვარულსა და პატივისცემაში გაიზარდნენ, არა მხოლოდ აღნიშნული თვისების ქალებს ეძებენ, არამედ თავადაც თავდაჯერებულები ხდებიან, უშიშრად ხვდებიან ცხოვრებაში არსებულ ყველა გამოწვევას და მარტოობის არ ეშინიათ.
თუ დედა სახლში ხშირად არ იყო, ბავშვებს ვერ აქცევდა ყურადღებას და მათ ემოციური კავშირი აკლდათ, მაშინ ზრდასრულ ადამიანს იმაზე მეტი შფოთვა, შიში და დაძაბულობა ექნება, ვიდრე მათ, ვინც მოსიყვარულე დედამ გაზარდა. ასეთ ადამიანებს მარტოობის ეშინიათ და მუდმივად სჭირდებათ იმის შეხსენება, რომ უყვართ.
რაც შეეხება რომანტიკულ ურთიერთობებს, გაუცნობიერებლად ადამიანები უკვე ნაცნობ და შეჩვეულ სიტუაციებს ეძებენ. მათ, ვინც მოსიყვარულე მშობლებთან ერთად გაიზარდა, სავსებით ნორმალურია, რომ იგივე საკუთარ ოჯახშიც ეძებოს. ხოლო, თუ მკაცრ პირობებში უწევდათ აღზრდა, ხშირად ეჩვევიან, თვლიან, რომ ეს ცხოვრების წესია და სამომავლოდ საკუთარ ცხოვრებასაც მსგავსი თვისებების მქონე ადამიანს უკავშირებენ.
თუმცა, ეს საკმაოდ რთული ფენომენია და ფსიქოლოგების თქმით, გარდა ბავშვობაში გონებაში ჩაბეჭდილი ქცევების, უამრავი სოციალური თუ სხვა ფაქტორ ახდენს გავლენას. აღწერილი სიტუაციები კი ამის გამო, შესაძლოა, საპირისპიროდ განვითარდეს.