ორი დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში, ტარანტოში, ნაგავსაყრელზე ახალშობილი დატოვეს. მალე გაირკვა, რომ ბავშვის დედა ქართველი იყო. იტალიურ მედიაში მომხდარზე ახალი დეტალები ვრცელდება.
ტარანტოს ნაგავსაყრელთან მიტოვებული ახალშობილის დედა, საქართველოს მოქალაქეა და ის 24 წლისაა.
ქალს 7 დღე მისცეს, რათა გადაწყვიტოს, დაიტოვებს თუ არა ბავშვს. ქართველი ქალი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ოჯახში აღმზრდელად აიყვანეს და ეშინოდა, რომ ჩვილის გამო სამსახურს დაკარგავდა. გავრცელებული ინცორმაციით, ახალგაზრდა ქალს კიდევ ერთი შვილი - 4 წლის ვაჟი ჰყავს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.
ქალი ამჟამად ჰოსპიტალიზებულია ტარანტოს კლინიკა "სანტისიმა ანუნზიატას" გინეკოლოგიურ განყოფილებაში. პოლიციელებმა ბავშვის დედა ადგილზე დაკითხეს. მედია წერს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ჰყავს ადვოკატი ფრანჩესკო ზინზი, რომლის თქმითაც, ბავშვის მამაც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა.
"ქალს ჰყავდა პარტნიორი, რომელთანაც ამჟამად დაშორებულია. ასევე ჰყავს კიდევ 4 წლის ვაჟი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ის იტალიაში მარტში ჩამოვიდა, ამ დროს უკვე ორსულობის მე - 4 თვეში იყო. მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ ყოფილი პარტნიორი ახალშობილის მამაა", - ამბობს ადვოკატი.