მწერალი გიორგი კეკელიძე წარსულის ამბავს იხსენებს და საზოგადოებას მიმართავს:
"ბაბუაჩემის თვითმკვლელობა, მიუხედავად იმისა, რომ წესი არ აუგეს, რაც ქრისტიანებისთვის, მოგეხსენებათ, დიდი ტრაგედიაა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაგვაკლდა, როგორც ღრმა და თბილი კაცი - მაინც უცნაურ ნიშნულად იქცა ჩვენი ოჯახისთვის. ბებიაჩემიც, მამაჩემიც და დედაჩემიც, მძიმე დღეებისას და ასეთი დღეები, იმ წლებში ვერ იყო ცოტა - დანანებით ამბობდნენ ხოლმე: "ეჰ, კი დეისვენა ეგერ შაქრომ, აბა, აგია ცხოვრება?". და მესმოდა მე ამისთანა სიტყვები 11 წლისას, 12 წლისას, 15 წლისას - ხან საუზმისას და ხან ვახშმისას, მესმოდა და სადღაც, ფიქრის ფსკერზე ჩაწვა განცდა, რომ თვითმკვლელობა გადანახული და ცოტა სასიამოვნო გამოსავალიც კია. მერე გავიზარდე - ბევრი რამ ვნახე, წავიკითხე და შევიმეცნე, მაგრამ აი, აგერ, ყურისძირში, ჩიხში თავის შემგრძნობმა (და არა მყოფმა - ჩიხი ხომ ცხოვრებაში უბრალო და პრიმიტიული პროექციაა - სხვა არაფერი), პირველი, რაც გავიაზრე და ვცადე კიდეც, თქვენთვის ცნობილი ამბავი გამოდგა...
ზუსტად ეს დღეები - შარშანდელი - დიდი წამებისა და უიმედობის გადალახვისა იყო. მთელი ზაფხული და შემოდგომის პროლოგი, სწორედ ეგ ვცადე და შევძელი; დავამარცხე გაქცევის სურვილი საზარელი და მრავალმხირივ ტანჯვის მიუხედავად.
ჰოდა, ხან გამოცდილებას ასე საჯაროდაც გაგიზიარებთ ხოლმე.
ამჯერად ჩემი რამდენიმე რჩევაა; არასდროს დაუტოვოთ ბავშვებს ორაზროვანი განცდა ამგვარი ფატალური თემების განხილვისას.
ნუ ისაუბრებთ მათთან ხშირად ამ თემაზე, თუმცა სრულადაც ნუ გააქრობთ - ახსენეთ, როგორც მარცხი, გაუაზრებელი და ვერაფრის მომტანი ნაბიჯი, ოღონდ ფრთხილად და მანძილის დაცვით. დიახ, ხშირი საუბარი ფიქრსაც გაუხშირებს ადამიანს, სრული ტაბუ კი - ინტერესს გაზრდის, შესაბამისად - დიდი ზომიერება გვმართებს.
როგორც კი ვინმე სუიციდზე ლაპარაკს დაიწყებს, მით უფრო, თუ ამ ყველაფერს, სტრესი, შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია ახლავს თან, ნუ მიიჩნევთ უწყინარ და დროებით მეტაფორად, ნუ წაუყრუებთ - აუცილებლად მიიყვანეთ ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპევტთთან.
თუ მომებზრებელია და ცოტა ყოველდღიურ შანტაჟს მიაგავს ეს ძახილი, მაინც გაძელით - მას სურს და არც სურს ამის გაკეთება. თან სიცოცხლე უნდა, თან ისეთი არა, რომელიც ჯოჯოხეთში ატრიალებს. აქაც სწორი მკურნალობაა საჭირო - ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და შინაგანი ნებელობა.
ცალკე არსებობენ სუიციდური სპექტრის ადამიანები, რომელებზეც ყველანაირი სიტყვაობა - "ცხოვრება მშვენიერია", "რას ლაპარაკობ, ანგელოზივით შვილები გყავს" და "აბა, ლალი, თავს შემოუძახე" - მავნებლობა უფროა, ვიდრე დახმარება. არ მოქმედებს და იმიტომ. სიტუაციური სასოწარკვეთისგან განსხვავებით - ვთქვათ, რაღაც სირთულე გაქვთ და მოგვარდა - ეს მიდრეკილება, მხოლოდ სპეციალისტების ჩარევით დაიძლევა.
მოკლედ, წინ მრავლმხრივი სამუშაოა.
ამიტომაც, დიდი რისკი გავწიე და ჩემი ტელეფონი საჯარო გავხადე - ყოველდღე, სულ მცირე, ხუთ ახალ ადამიანს ვარწმუნებ, რომ თვითმკვლელობა დანებება და უხეში წერტილია ამ უცნაურ ბრძოლის ველზე, სიცოცხლე რომ ჰქვია. რომ გაცილებით საინტერესო ამბები არსებობს წინ და სწორედ მათ გამო, ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. მერე ექიმებთან ვამისამართებ და უამრავი გამარჯვებული გვყავს - რაც ძალიან, ძალიან, ძალიან მახარებს.
მიგულეთ გვერდით დაუზარებლად".