იტალიაში, ტარანტოს ნაგავსაყრელთან დატოვებული ბავშვის 23 წლის დედამ მისი მიტოვება გადაიფიქრა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ბოლო ცნობებით, ქართველმა ქალმა გადაწყვიტა, ჩვილი, რომელსაც ადგილობრივმა ექიმებმა ლორენცო დაარქვეს, თავად გაზარდოს.
"სამსახურის დაკარგვის მეშინოდა“, - უთხრა ახალგაზრდა ქალმა გამომძიებლებს, რომლებიც არასრულწლოვნის მიტოვების საქმეს იძიებენ.
ქალი ადგილობრივი საავადმყოფოს სამეანო განყოფილებიდან უკვე გაწერეს. ის ადვოკატთან ერთად, პოლიციის განყოფილებაში წავიდა, რათა ბავშვის დედობა ეღიარებინა, რის მერეც შეძლებს მოითხოვოს შვილის გაზრდის უფლება, თუმცა ჯერჯერობით ბიუროკრატიული პროცედურების გამო, აღიარების პროცესი არ დასრულებულა. მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნებენ თუ არა დედას მიტოვებულ ჩვილს თუ დანაშაულის გამო, პასუხისგებაში მისცემენ. მას გამოძიება არასრულწლოვნის მიტოვებას ედავება და მკვლელობის მცდელობის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, შეიძლება დააკავონ. საბოლოო გადაწყვეტილება ტარანტოს არასრულწლოვანთა სასამართლოს პროკურატურამ უნდა მიიღოს.
როგორც ცნობილია, ქალს კიდევ ერთი, 4 წლის ვაჟი ჰყავს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.
გასულ კვირას, პარასკევს, ქალმა იმ სახლის აბაზანაში იმშობიარა, სადაც მომვლელად მუშაობდა. ბავშვის ჭიპლარი თავად გადაჭრა და პლაცენტა ნაგავში გადააგდო. მეორე დილით კი საბანში გახვეული ჩვილი სავაჭრო ჩანთაში ჩასვა და ნაგავსაყრელთან დატოვა.
მიტოვებული ჩვილი ადგილობრივმა აღმოაჩინა, რომელიც იმ დროს ძაღლებს ასეირნებდა. განაგრძეთ კითხვა