82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მხატვარი თემურ გოცაძე. მან 2 წელი და რამდენიმე თვე იცოცხლა საყვარელი მეუღლის - ცნობილი მსახიობის, მარი ჯანაშიას გარდაცვალების შემდეგ. "ახლა ერთად არიან..." - წერს მათი შვილიშვილი, მოდელი და წამყვანი მარიტა ჯანაშია.
თეიმურაზ (თემო) გოცაძე 1941 წლის 25 მარტს დაიბადა თბილისში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად, იყო თბილისის "მხატვრის სახლის" დირექტორი, საქართველოს სამუზეუმო–საგამოფენო გაერთიანების "სურათების ეროვნული გალერეის" გენერალური დირექტორი; 1994 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მისი და ქალბატონი მარინას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალი "შინ"-ში დაიბეჭდა:
"...ჩემი საქმე შინ კეთდება. სახლიდან იშვიათად მიწევს გასვლა, ხან საღამოს სპექტაკლზე მივდივარ, ან რესტორანში, ან კიდევ ქორწილში, როცა გვეპატიჟებიან. დილას, 10 საათამდე ყველაზე მეტს ვმუშაობ...
...ამ სახლში მთავარი სამი რამაა: ნახატები, მასალები (რომლითაც ნამუშევრები იქმნება) და წიგნები. ბიბლიოთეკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ეს უმთავრესია. ცხადია, ინფორმაციას გარე სამყარო გაძლევს, მაგრამ მთავარი მაინც წიგნიდან „მოდის“. ბევრ ანტიკვარს გაუვლია ჩემს ხელში, ასევე ბევრის ჩუქება დაუპირებიათ და არ მიმიღია, რადგან ეს საქციელი უკვე სხვა რამეს მოითხოვს და რად მინდა?! ჩემთვის იცით, რა არის ანტიკვარი?! ის უამრავი წიგნი, ავტორისეული წარწერებით, ბრწყინვალე პიროვნებების ნაჩუქარი. ესაა ჩემთვის ღირებული, ანტიკვარიატი არ არის ცხოვრების განმსაზღვრელი.
თემოს საიდუმლო არ აქვს. თემო მთელი ცხოვრება იყო გახსნილი და ასევე დაამთავრებს. რა მაქვს დასამალი?! რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ..." იხილეთ ინტერვიუ სრულად და სახლი, სადაც ხელოვანი წყვილი ერთად ცხოვრობდა