სწორ კვებას წამყვანი როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ხოლო, როცა საქმე ეხება ბავშვის ჯანმრთელობას, სწორი კვება საფუძველს უყრის მის სწორ განვითარებას. მშობლებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე უპასუხებს:
- ეკოლოგიურად სუფთა საკვების მოძებნა ძნელია. ისეთი მტკიცებულება, რომ გენმოდიფიცირებული საკვები განსაკუთრებულ მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ზრდა-განვითარებაზე, ისევე როგორც მოზრდილის ყოფაზე, ჯერჯერობით საკვები პროდუქტების ევრომარეგულირებლებს არა აქვთ. რომ არ იყოს გენმოდიფიცირებული საკვები, მაშინ მსოფლიო მოსახლეობა 8 მილიარდის ნაცვლად 3 მილიარდი იქნებოდა, ამდენი ადამიანის გამოკვება შეუძლებელი იქნებოდა. მნიშვნელოვანია ჩვენ ბავშვებს არ შევთავაზოთ ისეთი საკვები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი. ეს დაავადებები შემდგომ შეიძლება იყოს რისკი შაქრიანი დიაბეტის, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების და სხვა ქრონიკული პათოლოგიების განვითარების უკვე მოზრდილობაში.
- ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები, როგორიცაა საკონდიტრო ნაწარმი, დიდი რაოდენობით ნამცხვარი, გაზირებული სასმელი და ა.შ. შეგვიძლია ყველაფერი ზომიერად შევთავაზოთ, თუნდაც ფასტფუდი, ოღონდ შაურმები არ უნდა ვაჭამოთ - კონკრეტულად ამ პროდუქტს გავუსვამ ხაზს. ნამცხვარი ყველას უყვარს, ტორტიც, შოკოლადიც, კი ბატონო, ოღონდ ადრეული ასაკის ბავშვებს არ უნდა შევთავაზოთ, მოზრდილებს, 3-4 წლის შემდეგ, ზომიერად. მე ყოველთვის რეკომენდაციას ვიძლევი, რომ ბავშვს შესთავაზონ იმ დღეს მომზადებული საკვები, შინ მომზადებული ორცხობილა იქნება, პუდინგები თუ ა.შ. არის რძის გარეშე ორცხობილები, უშაქრო ორცხობილები, და ჯობს ასეთები მიირთვან ბავშვებმა, თუკი ნაყიდზეა საუბარი. ყველაფერი რომ ავკრძალოთ, არ შეიძლება. ბავშვმა ნაყინიც უნდა ჭამოს, ნებისმიერი პროდუქტიც, რომელიც საკვები პროდუქტების დაცვის ორგანიზაციის აღიარებულია და არეგულირებს საკვები პროდუქტების მიმოქცევას ბაზარზე. თუ ასეთი საკვები პროდუქტები დაშვებულია, შეგვიძლია რეჟიმის დაცვით შევთავაზოთ ბავშვებს. არ უნდა ვაჭამოთ ღია დახლებზე, მზისგულზე დალაგებული პროდუქტები. ავტომაგისტრალებზე მოფენილია საზამთრო, ნესვი, სხვადასხვა პროდუქტი. შესაბამისად, დაბინძურებულია და მათზე განვითარებულმა ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს კვებითი ტოქსიკოინფექცია. ხშირად მშობლებს არდადეგებზე ბავშვები სხვადასხვა კურორტზე მიჰყავთ და სწორედ კვებითი ინფექციის გამო 5-6 დღე იტანჯებიან. ამიტომ უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები და შევიძინოთ სამაცივრე პირობებში შენახული პროდუქტები.