ინტერნეტსივრცეში მრავალია წელია პატარა გოგონას ფოტო ტრიალებს სულისშემძვრელი ისტორიით, რომელიც ძალიან ემოციური, თუმცა, სავარაუდოდ, გამოგონილია.
„ეს პატარა გოგონა, მეორე მსოფლიო ომის დროს ბლოკადიდან იყო ევაკუირებული. მას ელენა ერქვა, გვარი კი აღარ ახსოვდა.
მან დაკარგა მთელი ოჯახი, დედა, მამა, უფროსი ძმა, ბებია.. მას არ ახსოვდა როგორ წამოიყვანეს ბლოკადიდად, არ ახსოვდა როგორ მოხვდა ბავშვთა სახლში.. ძალიან გამხდარი იყო, ისეთი რომ ჭამის სურვილიც აღარ ჰქონდა..
ის უბრალოდ იჯდა ხოლმე ღუმელთან და თბებოდა, არც ლაპარაკობდა და არც ჭამდა, ასე ემართებათ ხოლმე დისტროფიის დროს, გამოფიტული იყო შიმშილისგან, აღარც კი ტიროდა.
მისი ტოლი უამრავი ბავშვი დაიღუპა და თვითონაც სიკვდილის პირას იყო. ერთმა კეთილმა კაცმა მას ზეწრისგან გაუკეთა თოჯინა. გადასაფარებელს მოაჭრა ნაჭერი, გადაახვია, ფანქრით დაუხატა თვალები და პირი და მისცა გოგონას, თან უთხრა: “ელენა, ეს შენი თოჯინაა, შენ მისი დედიკო ხარ, მოეფერე და იზრუნე მასზე,კარგად აჭამე, მადა არ აქვს, ძალიან ცუდად არის” გოგონამ მთელი ძალით გამოგლიჯა თოჯინა და ჩაიხუტა გულში, უვლიდა, ეფერებოდა და აჭმევდა თავის შეუხედავ თოჯინას, ამ დროს თვითონაც დაიწყო ჭამა და საუბარი. გოგონა გადარჩა..
იმიტომ რომ მისთვის არ შეიძლებოდა რომ მომკვდარიყო, თოჯინაზე უნდა ეზრუნა.როდესაც ვიღაც გყავს საზრუნავი, ეს უდიდესი საციცოცხლო ძალა და მოტივაციაა ზოგიერთი ადამიანისთვის.მომავალში ეს გოგონა გახდა საუკეთესო ექთანი, რომელიც მთელი ცხოვრება ზრუნავდა ადამიანებზე“, - ამ ტექსტით ვრცელდება ეს ფოტო და მას დღესაც უამრავი ადამიანი აზიარებს. სინამდვილეში ვინ არის ეს გოგონა, ვინ არის ფოტოს ავტორი და როგორ აღმოჩნდა ის ბავშვის გვერდით ამ მძიმე წუთებში?
1940 წლის 23 სექტემბერს ჟურნალის Life-ის ყდაზე გამოქვეყნდა პატარა გოგონას ფოტო, რომელიც საავადმყოფოს საწოლში იჯდა, თავი შეხვეული ჰქონდა, ხელში კი ნაჭრის დათუნია ჰყავდა ჩახუტებული.
ეს სამი წლის ეილინ დანი იყო, რომელიც ლონდონზე საჰაერო თავდასხმის დროს დაიჭრა. ფოტო გადაღებულია ლონდონში, დიდი ორმონდის ქუჩის ბავშვთა საავადმყოფოში სამეფო ფოტოგრაფის სესილ ბიტონის მიერ. ფოტო Life-ის გარეკანზე მოხვდა და დიდი გავლენა მოახდინა ამერიკელთა გრძნობებზე ომის მიმართ.
სამეფო ფოტოგრაფი პატარა დაჭრილი გოგონას საწოლთან შემთხვევით არ აღმოჩენილა. ის სახელმწიფო დავალებას ასრულებდა. იმდროინდელი ბრიტანეთის ხელისუფლების მიზანი იყო ომის თემას ამერიკელი ხალხის გულებსა და სულში შეეღწია და ომში ჩაერთო ისინი.
იმ პერიოდში ბრიტანეთს მძიმე დღეები ედგა. ნაცისტებმა ნორვეგია, ნიდერლანდები, ბელგია და საფრანგეთი დაიპყრეს. მათი მზერა უკვე დიდი ბრიტანეთისკენ იყო მიმართული. საჰაერო ბრძოლები ბრიტანეთის წინააღმდეგ უკვე დაწყებული იყო. გერმანელთა ბომბდამშენები ქარხნებსა და სამხედრო ობიექტებს უტევდნენ. არავინ იცოდა, რა იქნებოდა ნაცისტების შემდგომი ნაბიჯი - ქალაქების ბომბვა, დანგრეული შენობები თუ დასახიჩრებული ადამიანები. ასობით ათასი ადამიანი უკვე შეწირული ჰყავდა საზარელ ომს და მომავალში საშინელების მეტს არაფერს უქადდა კაცობრიობას.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი იდეებით შთაგონებული ადამიანი იყო. გერმანიისგან გასხვავებით, რომელის ხელშიც იკუპირებული ტერიტორიების რესურსები, იარაღი და ცოცხალი ძალა იყო, ბრიტანეთს მცირე არმია და შეზღუდული ფულადი რესურსები ჰქონდა. ამიტომ ჩერჩილმა ბრძოლის „იაფი“ მეთოდები არჩია, მათ შორის იყო პროპაგანდაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, ომის საწინააღმდეგო პროპაგანდას ამერიკელი საზოგადოების ომში ჩართვისთვის ემოციური საფუძველი უნდა შეექმნა.
სწორედ ამ მიზნით ბრიტანეთის ხელისუფლებამ სამეფო ფოტოგრაფი სესილ ბიტონი დაიქირავა, რათა ლონდონში საჰერო თავდასხმის შედეგები გადაეღო და ყველასთვის ეჩვენებინა ომის სისტიკე.
სესილს ბევრი წარმატებული ფოტო ეკუთვნის, თუმცა პატარა ეილინ დანის კადრი დაუვიწყარი გახდა. ის არა მხოლოდ ომის სიმძიმეს, მომავალის იმედსაც სახავს და ზრუნვისა და სიცოცხლის გარძელების სიმბოლოა. და დიახ, მან ნამდვილად შეაღწია ამერიკელთა გულებში.
სესილ ბიტონი ამ ფოტოს გადაღებისას 36 წლის იყო. ის 1980 წელს გარდაიცვალა.