სკოლამდელი აღზრდის დაწყება დიდი ნაბიჯია როგორც თქვენი ბავშვის, ისე თქვენს ცხოვრებაში. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დროის გატარების სწავლა, შესაძლოა, რთული ეტაპი იყოს, თუმცა ფორმალური განათლების გზაზე მოგზაურობის დაწყება საინტერესო პროცესიცაა.
UNICEF Georgia გთავაზობთ რჩევებს თქვენი შვილის ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასასვლელად.
თუ შეძლებთ, თქვენს შვილთან ერთად დაგეგმეთ წინასწარი ვიზიტი სწავლის დაწყებამდე. ერთად ითამაშეთ სათამაშო მოედანზე და დაათვალიერეთ ბაღის შიდა სივრცეც. ამგვარად, პირველ დღეს ის ნაცნობ სივრცეში მოხვდება.
გამოიყენეთ თამაში-იმიტაცია, რათა დაეხმაროთ თქვენს შვილს სკოლამდელი აღზრდის იდეასთან შეგუებაში. მორიგეობით გაათამაშეთ სხვადასხვა რუტინული საქმიანობა, როგორიცაა ამბების მოყოლის დრო, სიმღერა და ძილის დრო. ასევე შეგიძლიათ გაცვალოთ როლები - ხან თქვენ იყოთ მასწავლებელი, ხან თქვენი შვილი. ეს დაეხმარება თქვენს შვილს, საბავშვო ბაღი გასართობ ადგილად აღიქვას და შეამციროს შფოთვა პირველ დღეს.
ივარჯიშეთ ღილებისა და ელვაშესაკრავის შეკვრაში, ზურგჩანთის მოკიდებაში და პალტოს ან ქურთუკის კაუჭზე ჩამოკიდებაში. შეგიძლიათ ფეხსაცმლის ჩაცმაც თამაშად აქციოთ - ნახეთ, რამდენად სწრაფად შეძლებს ამას!
უამბეთ პატარას თქვენი სკოლამდელ დაწესებულებაში წასვლისდროინდელი ისტორიები, როგორ გრძნობდით მაშინ თავს და რა განსაკუთრებული მოგონებები დაგრჩათ. თუ შეგიძლიათ, იპოვეთ თქვენი ან სხვა ნაცნობი ზრდასრული ადამიანების ფოტოები, და ერთად ისაუბრეთ მათ შესახებ.
საბავშვო ბაღში ბავშვის მიყვანამდე რამდენიმე კვირით ადრე გაავარჯიშეთ დაძინებისა და ადგომის ახალი რეჟიმი. ბავშვი დააძინეთ ისეთ დროს, რომ ღამე კარგად გამოიძინოს და ისე გაიღვიძოს, რომ არც თქვენ და არც მას არ მოგიწიოთ სიჩქარე მზადებისას. ეს ორივეს მოგცემთ დროს ადაპტაციისთვის. თუ შეძლებთ, შეგიძლიათ დაამკვიდროთ ახალი ტრადიცია - სკოლაში წასვლამდე წინა ღამით ერთად შეარჩიოთ ტანსაცმელი და დილით ერთად ისაუზმოთ.
ჰკითხეთ თქვენს პატარას ბაღში წასვლისას მისი გრძნობების შესახებ და დაარწმუნეთ, რომ აღელვება, წუხილი ან სხვა ემოციები სრულიად ნორმალურია. ახალი საქმე შეიძლება საშიშად და ვეებერთელად მოეჩვენოს, მაგრამ, ამავე დროს, შეიძლება ძალიან სახალისოც იყოს! დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ თქვენ დღის ბოლოს ყოველთვის მოაკითხავთ და ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი იქნება ეს ყოველდღიური პრაქტიკა.
დამშვიდობება შეიძლება რთული იყოს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი შვილისთვის. როცა ამის დრო დადგება, შეეცადეთ დაემშვიდობოთ სწრაფად და პოზიტიურად - უთხარით, რომ მალე კვლავ ნახავთ ერთმანეთს. შეგიძლიათ შეიმუშავოთ სპეციალური რუტინაც, რომელიც თქვენს შვილს დაამშვიდებს, მაგალითად, ერთად იმღეროთ რამე ან მოიგონოთ ხელის განსაკუთრებული ჩამორთმევა.