27 წლის ჰელენ სიმონსი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 1976 წელი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გადამწყვეტი თარიღი იქნებოდა. ავსტრალიელი ქალი უმუშევარი იყო, სახელმწიფოსაგან სოციალურ შეღავათებს იღებდა, მანამდე კი რამდენიმე წლის განმავლობაში ბორტგამცილებლად მუშაობდა ევროპაში. გოგონა ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რომ საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა და თავი ერჩინა. ერთ დღესაც მისი ოჯახის მეგობარმა, არქიტექტორმა ჯოზეფ გოლდბერგმა უთხრა, რომ მდივანი სჭირდებოდა. ჰელენი სიამოვნებით დასთანხმდა. ახალგაზრდა ქალი ძალიან დაღლილი იყო ნათესავებზე ზრუნვით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვით და სიახლეები სჭირდებოდა .
ჰელენის პირველი საპასუხისმგებლო დავალება ინდოეთში ვიზიტი იყო. არქიტექტორი იქ მივლინებით გაემგზავრა, რომ ინდოელი პრინცისთვის, მუკარამ ჯაჰისთვის სასახლის გეგმა შეედგინა. რა თქმა უნდა, მდივანიც თან წაიყვანა.
ინდოეთის ქალაქ ჰაიდერაბადში გოლდბერგი და სიმონსი კლიენტს საქმიან ვახშამზე უნდა შეხვედროდნენ. ჰელენს დამღლელი ფრენის შემდეგ ვახშამზე წასვლა არ სურდა, თუმცა უფროსმა სთხოვა, რომ ეს მისი საქმის ნაწილი იყო და ასევე, არც ინდური სამზარეულოს გასინჯვის შესაძლებლობა უნდა გამოეტოვებინა. გოლდბერგმა ქალს აცნობა, რომ შეხვედრაზე ძალიან გავლენიან ადამიანთან მიდიოდნენ, თუმცა ჰელენმა არ იცოდა, რომ ის პრინცი იყო...
"ეს ნამდვილად ერთი ნახვით სიყვარული იყო. ისეთი განსხვავებული იყო და ისე შემომხედა, რომ შანსი არ დამიტოვა. მაშინვე შემიყვარდა. ატლასიც კი ვიყიდე, რომ ინდოეთის გეოგრაფია შემესწავლა, რადგან ამ ქვეყნის შესახებ აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი" - უთხრა ჰელენმა ჟურნალისტებს მოგვიანებით. როგორც აღმოჩნდა, გრძნობა ორმხრივი იყო. მეორე დილით მამაკაცმა ჰელენს უზარმაზარი თაიგული გაუგზავნა...
ჯაჰი ინდოეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა ჰელენი მივლინებაში იმყოფებოდა, მუკარამმა უამრავი სამკაული, ყვავილი აჩუქა, დაპატიჟა ძვირად ღირებულ რესტორნებში. გოგონა, რომელიც ფერმაში გაიზარდა და სიღარიბეში ცხოვრობდა, ახლა სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდა.
მალევე პრინცმა ჰელენს ცოლობა სთხოვა და ამ წინადადებით გაოგნებულმა გოგონამ, თანხმობა მაშინვე უთხრა. თუმცა, მოგვიანებით, გაარკვია, რომ კაცმა მისი გულუბრყვილობით ისარგებლა. სინამდვილეში იგი თურქ პრინცესაზე იყო დაქორწინებული, 14 წლის განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობდა და ორ ვაჟს ზრდიდა. ჰელენი ძალიან იმედგაცრუებული იყო. ჯაჰის ულტიმატუმი წამოუყენა, ან ცოლს უნდა გაშორებოდა, ან კიდევ მათი ურთიერთობა დამთავრდებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, იგი გოგონას დაჰპირდა, რომ განქორწინდებოდა და მას მოიყვანდა ცოლად. ჰელენმა პრინცს დაუჯერა, ავსტრალიაში გაემგზავრა და მისგან შეტყობინებასა და ახალ ამბებს ელოდებოდა.
სიახლეები არ ყოფილა... მუკარამმა ქალს არც მისამართი დაუტოვა, სადაც წერილებს მისწერა. დაჰპირდა, რომ თავად გააგებინებდა ამბებს. ჰელენი დღეების განმავლობაში ტიროდა და დათრგუნული იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მართლაც მიიღო შეტყობინება. პრინცი სწერდა, რომ განქორწინებას აპირებდა, იქამდე კი მისი ნახვა სურდა. სიმონსს იმდენად უნდოდა ფერმიდან და სიღარიბიდან გაქცევა, რომ წინადადებას მაშინვე დასთანხმდა. მუკარამის გამო ჰელენი მზად იყო, საკუთარი სიამაყე გაეთელა და ყოველ კვირა ინდოეთში მიფრინავდა. ასე დაიწყო მათი ოთხწლიანი რომანი...
ჰელენი საყვარელს ერთ-ერთ სასახლეში მისი ცოლისაგან მალულად ხშირად ხვდებოდა. პრინცი ყველა ხარჯს ანაზღაურებდა, უამრავ საჩუქარს სჩუქნიდა და სულ არწმუნებდა, რომ მალე განქორწინებოდა და მას მოიყვანდა ცოლად. გოგონა საყვარელი მამაკაცის რელიგიაზეც გადავიდა და ისლამი მიიღო.
ორი წლის შემდეგ ჰელენი დაორსულდა. პრინცმა როგორღაც ქალი დაარწმუნა, რომ ავსტრალიაში წასულიყო და თავადაც, საკუთარ ვაჟებთან ერთად იქ გადავიდოდა და ერთად იცხოვრებდნენ.
თავიდან მუკარამმა სცადა, საკუთარი ცოლი დაერწმუნებინა, რომ ავსტრალიაში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რომ ჰელენი ისევ ფარულად ენახა. თუმცა, უარი რომ მიიღო, შემდეგ განქორწინება მოითხოვა. ეს პროცესი რთულად წარიმართა, რადგანაც მისი ცოლი წინააღმდეგი იყო. ამასობაში, ჰელენს ვაჟი შეეძინა. ერთი წლის სემდეგ კი ინდოელ პრინცზე რეალურად დაქორწინდა. ისინი ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ პერტში დასახლდნენ.
მათი ქორწინება 7 წლის განმავლობაში გაგრძელდა. გარედან თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო. წყვილი ბევრს მოგზაურობდა, ესწრებოდნენ სოციალურ ღონისძიებებს, ცხოვრობდნენ საკმაოდ შეძლებულად. ბრილიანტები, სასახლეები, ძვირად ღირებული მანქანები, იახტები - ქალს არაფერი აკლდა. პერიოდულად ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა და სიყვარულის ისტორიაზე საუბრობდა.
ქორწინებიდან შვიდი წლის შემდეგ მუკარამმა უმსხვილეს ევროპულ კომპანიებში აქციები იყიდა და მუდმივი მივლინებები და მოგზაურობები დაეწყო. ამ დროს წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავდა. ბავშვებზე ძიძები ზრუნავდნენ, ჰელენს კი საქმე არაფერი ჰქონდა. მისი ქმარი მუდმივად შორს იყო... მალევე ქალმა 25 წლის ბიჭთან დაიწყო რომანი.
1987 წელს ჰელენი მძიმედ დაავადდა, პნევმონია დაემართა. ანალიზების აღებისას აღმოჩნდა, რომ ქალს შიდსი ჰქონდა. ტესტი პრინცმაც გაიკეთა, თუმცა უარყოფითი აღმოჩნდა... მუკარამი მიხვდა, რომ ცოლმა უღალატა, სასახლიდან გააგდო და ბავშვების ნახვაც აუკრძალა.
აღსანიშნავია, რომ იმ წლებში შიდსის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. ამავდროულად, ჰელენ სიმონსი გახდა პირველი ქალი ავსტრალიაში, რომელსაც ეს დიაგნოზი დაუსვეს. ორი წლის შემდეგ ქალი გარდაიცვალა. დაავადება მას ახალგაზრდა პარტნიორმა გადასდო...
მუკარამმა ჰელენთან განქორწინების შემდეგ სამჯერ იქორწინა. ახლა 89 წლისაა, ცხოვრობს ნიცაში, ზრუნავს შვილებზე და ჟურნალისტებს არ ეკონტაქტება.