ცოტახნის წინ Vanity Fair-მა 36 წლის თაღლითის არიე დოდელსონის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ მამაკაცი კაილ როტშილ დეშანელის სახელით მილიარდერების დინასტიის შთამომავლად ასაღებდა თავს, უამრავ ცნობილ ადამიანს დაუახლოვდა და თავადაც პოპულარული გახდა. მის მეგობართა სიაში იყვნენ ლეონარდო დიკაპრიო, რობერტ პატინსონი, სიუკი უოტერჰაუსი, ცნობილი მოდელები და ბიზნესმენები. ოთხი წლის განმავლობაში მამაკაცი თაღლითობდა, საქმიან გარიგებებს აწყობდა, კომპანიებთან თანამშრომლობდა, მოგვიანებით კი ძარცვავდა.
კაილ დე როტშილდი ნიუ-იორკში მდიდრულ ღონისძიებებზე ცნობილ ადამიანებთან ერთად 2018 წლიდან ჩნდებოდა. მედიაში მის შესახებ იწერებოდა, რომ მულტიმილიონერია, რომელსაც მანჰეტენზე სამსართულიანი მდიდრული თაუნჰაუსი ჰქონდა და ამ სახლში წვეულებები არ მთავრდებოდა, ცნობილი ადამიანები იკრიბებოდნენ, სვამდნენ და ერთობოდნენ. კაცი იმასაც ამტკიცებდა, რომ ბელა თორნის ხვდებოდა. სოციალურ ქსელებში ვარსკვლავებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა და ყველას აფიქრებინებდა, რომ ის იმ სოციუმის წევრი იყო.
კაილ დეშანელი დროს ხშირად პრესტიჟულ რესტორანში, Emilio's Ballato-ში ატარებდა, რომელიც ცნობილ რესტორატორსა და ქეით ჰოლმსის ყოფილ ბოიფრენდს, ემილიო ვიტოლოს ეკუთვნის. კაილმა იგი დაარწმუნა, რომ მისი თანაკლასელი იყო. მოგვიანებით, ვიტოლომ თქვა, რომ მის კლასში მართლაც სწავლობდა ბიჭი სახელად კაილი, თუმცა ის დეშანელი იყო, თუ არა, აღარ ახსოვდა. რესტორანში ხშირად ხვდებოდა ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან რიანა და ლენი კრავიცი. დეშანელის ახლო მეგობარი იყო ადამ მუნვესი, CBS-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ლესლი მუნვესის ვაჟი, ასევე ავსტრალიელი მეწარმე და რესტორატორი დილან ჰეილსი.
როგორც მოგვიანებით მისმა მეგობარმა ქალებმა გაიხსენეს, კაილს ისინი ძვირად ღირებულ რესტორნებში მიჰყავდა და ყველანარი ხარჯს საკუთარ თავზე იღებდა. ხმაურიანი ცხოვრება უყვარდა და ივენთების გარეშე ვერ ძლებდა.
"ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის ჭკვიანი ადამიანი იყო, მაგრამ, სავარაუდოდ, ნარკოტიკებმა და ალკოჰოლმა ჭკუიდან საბოლოოდ შეშალა." - თქვა მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა.
კაილ დეშანელი ყოველთვის კარგად იცვამდა, ეფექტური გარეგნობა ჰქონდა და ადამიანებთან კონტაქტშიც ადვილად შედიოდა. საკმაოდ თავდაჯერებული იყო, არ ერიდებოდა საკუთარი თავის შექება და შესანიშნავი მანიპულატორი იყო. იმდენად დამაჯერებელი მეტყველება ჰქონდა, რომ ნათქვამში ეჭვი არავის ეპარებოდა. 2022 წლის ივნისში მილიარდერი ლილი საფრა რომ გარდაიცვალა, მან მეგობრებს უთხრა, რომ ის მისი ნათლია იყო. აღსანიშნავია, რომ მამაკაცს ეს სახელი და გვარი შემთხვევით არ აურჩევია. იგი მდიდრული კლანის წარმომადგენლებს ერქვათ და თქვა, რომ თავადაც მათი შთამომავალი იყო. თუკი ვინმეს აინტერესებდა, პასპორტის მონაცემებს აჩვენებდა, რომელიც გაყალბებული იყო.
კაილი ხშირად ეუბნებოდა ნაცნობებს, რომ ის როტშილდი იყო იმ კლანიდან, რომელიც საუკუნეების წინ თანამედროვე საბანკო საქმეს ქმნიდა და მათი სახელი სიმდიდრესთან იყო დაკავშირებული.
იგი მეგობრებს ეუბნებოდა, რომ მანჰეტენში გაიზარდა, შემდეგ კი იაპონიასა და შვეიცარიაში სწავლობდა. ყველა დეტალი იმდენად კარგად ჰქონდა შესწავლილი, რომ ტყუილში ვერავინ გამოიჭირა. კაილი იმასაც ამბობდა, რომ პრინსტონის ნიჩბოსანთა გუნდის წევრი იყო და ყოველთვის პრესტიჟულ საზოგადოებაში ტრიალებდა.
კინორეჟისორი ევა ევანსი დეშანელს რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდა. მან თქვა: "ის ძალიან ჭკვიანი და მხიარული ბიჭი იყო. იმდენი რამ იცოდა, ხანდახან, ენციკლოპედია მეგონა."კაილმა შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ ქალებზე, არამედ ბიზნესმენებზე და ძლიერ მამაკაცებზე. "იგი სუპერ მდიდარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ყველას არწმუნებდა, რომ სანდო და გავლენიანი კავშირები ჰქონდა. ყოველთვის ისე იქცეოდა, თითქოს მისთვის ფული არაფერს ნიშნავდა, თუნდაც ერთ დღეს 5 მილიონი დოლარი დაეხარჯა." - გაიხსენა ერთ-ერთმა ნაცნობმა.
კაილ დეშანელმა ხალხს უთხრა, რომ საოჯახო ოფისში მუშაობდა, რომელსაც უოლ-სტრიტსა და ვაშინგტონში ჰქონდა ოფისები და ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებას ინდური განათლების ტექნოლოგიების კომპანია Byju's-ში ახორციელებდა. მისი თქმით, ის ასევე იყო საინვესტიციო კომპანია Oxshott Capital-ის მმართველი დირექტორი, თუმცა თავად კომპანიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ის ჩვეულებრივი მენეჯერი იყო. დეშანელი ამტკიცებდა, რომ $120 მილიონის ინვესტირებას კინოსტუდია Stampede-ში აპირებდა, რომელიც Warner Bros-მა დააარსა. დეშანელმა ასევე ყველას უთხრა, რომ ტექნოლოგიურ კომპანია Axiomatic-ში ახორციელებდა ინვესტიციებს. კაცი აცხადებდა, რომ მომგებიანი ბიზნეს-კავშირები ჰქონდა საზღვარგარეთაც, განსაკუთრებით საუდის არაბეთში და ასახელებდა სხვადასხვა კომპანიას. მან საკუთარი საქველმოქმედო ფონდიც დააარსა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ თანხის დიდი ნაწილი თავად მიითვისა. ერთვებოდა ღონისძიებების დაგეგმვაში, ბილეთების გაყიდვაში, ზოგჯერ არარსებულ ადგილებსა და ბილეთებს ჰყიდდა და საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებდა.
კაილის ბევრი ახლობელი აღნიშნავდა, რომ ის ძალიან დიდი რაოდენობით ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა. 2022 წელს მამაკაცს ფინანსური პრობლემები შეექმნა. შეხვედრებზე უკვე ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მიდიოდა. თებერვალში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად საკუთარ სახლში დიდი წვეულება მოაწყო და ასობით ადამიანი დაპატიჟა.
2023 წლის დასაწყისში მამაკაცის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, იგი სულ უფრო ხშირად სესხულობდა ფულს. მალევე მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ქალმა გაარკვია, რომ კაილი მისი საკრედიტო ბარათიდან ფულს იპარავდა. ნელ-ნელა გამოძიება დაიწყო. სხვებიც დაეჭვდნენ და მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ თანხა ქრებოდა. გამოიძიეს, რეალურად არსებობდა, თუ არა ეს პიროვნება, მისი ოჯახის ისტორიით დაინტერესდნენ, მაგრამ კაილი არსად ილინკებოდა. კვლავ განაგრძობდა გამოგონილი ამბების მოყოლას, მაგრამ მისი უკვე აღარ სჯეროდათ. მოგვიანებით, მისი ნამდვილი პირადობის მოწმობაც იპოვეს, სადაც ეწერა, რომ არიე დოდელსონი იყო.
Vanity Fair-ის ჟურნალისტი ლეიკვუდში, ნიუ ჯერსიში გაემგზავრა. სწორედ იქ დაიბადა დოდელსონი. ქალაქი ერთგვარი რელიგიური საზოგადოებისაგან შედგება და თავიანთი წესები აქვთ. შაბათს მანქანები და ელექტრონული მოწყობილობები არ მუშაობს, ქორწინება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად ითვლება და მკაცრად იმართება, სპორტდარბაზი ქალებისა და მამაკაცებისთვის განსხვავებულ დროს მუშაობს, იყიდება ისეთი ჟურნალები, რომლებიც რელიგიასა და რწმენას ეხება. ხალხიც სინაგოგამდე ფეხით მიდის და ლოცულობს.
გაირკვა, რომ არიე მალკიელ დოდელსონი პრაქტიკოსი რაბინი იყო ლეიკვუდში, სადაც ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა და ადგილობრივ კოლეჯს ხელმძღვანელობდა. ის ასევე იერუსალიმში ისრაელის მთავარი რაბინატის მრჩევლად მსახურობდა. დოდელსონს ძალიან დიდი ცოდნა და განათლება ჰქონდა, ამიტომაც რაბინის ამპლუაში სტუმრად ბევრ ადგილზე ეპატიჟებოდნენ.
მოგვიანებით მამაკაცმა გადაწყვიტა, საკუთარი ცხოვრება მთლიანად შეეცვალა. რაკი, სოციალურ წრეში გარკვეული იყო, ასევე დიდი განათლება ჰქონდა, ადამიანებით მანიპულირება შესანიშნავად შეძლო. 2018 წლიდან იგი ნიუ-იორკში გადავიდა და კაილი დაირქვა.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ახლა მამაკაცი ისეა გამქრალი, ვერავინ ვეღარ უკავშირდება. გასული თვეების განმავლობაში კაილზე არაერთმა ქალმა ისაუბრა და თაღლითობაში ამხილა. ჟურნალისტმა დოდელსონის ნათესავებთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ჯერჯერობით, მამაკაცის მიმართ გამოძიება არ დაწყებულა და არც სამართალდამცავები აკეთებენ კომენტარს. თუმცა, ფაქტია, რომ ჭკვიანმა კაცმა შეძლო, ისეთი ისტორიის მოგონება, ისე დაგეგმა ყველაფერი, რომ ცნობილ ადამიანებს დაუმეგობრდა, ისარგებლა კავშირებით, შემდეგ კი თაღლითობას მიმართა.