"ბათქაში ჩამოინგრა და ორ ადამიანს - დამლაგებელს და მშობელს დაეცა" - რა დეტალები ხდება ცნობილი საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევის შესახებ - მშობლები

"ბათქაში ჩამოინგრა და ორ ადამიანს - დამლაგებელს და მშობელს დაეცა" - რა დეტალები ხდება ცნობილი საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევის შესახებ

2023-09-26 12:11:43+04:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევისას დაშავებული ერთ-ერთი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ სოფელ ნატანებში მერის წარმომადგენელმა ვალერიან ვაჩეიშვილმა განუცხადა, ჭერიდან ჩამონგრეული ბათქაში ორ ადამიანს - დამლაგებელს და მშობელს დაეცა.

მისივე თქმით, არცერთ მათგანს სერიოზული დაზიანება არ მიუღია. მისივე ინფორმაციით, დამლაგებელი კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მეორე ცვლაში მოხდა.

"ბათქაში ჩამოინგრა და ორ ადამიანს - დამლაგებელს და მშობელს დაეცა. არაფერი ისეთი უსაშველო არ ხდება. დამლაგებელი ქობულეთის კლინიკაში არის გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

რაც შეეხება მშობელს, მას ფეხებზე დაეცა და ის უკვე სახლშია“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ ვალერიან ვაჩეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.