ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევისას დაშავებული ერთ-ერთი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ სოფელ ნატანებში მერის წარმომადგენელმა ვალერიან ვაჩეიშვილმა განუცხადა, ჭერიდან ჩამონგრეული ბათქაში ორ ადამიანს - დამლაგებელს და მშობელს დაეცა.
მისივე თქმით, არცერთ მათგანს სერიოზული დაზიანება არ მიუღია. მისივე ინფორმაციით, დამლაგებელი კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მეორე ცვლაში მოხდა.
"ბათქაში ჩამოინგრა და ორ ადამიანს - დამლაგებელს და მშობელს დაეცა. არაფერი ისეთი უსაშველო არ ხდება. დამლაგებელი ქობულეთის კლინიკაში არის გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
რაც შეეხება მშობელს, მას ფეხებზე დაეცა და ის უკვე სახლშია“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ ვალერიან ვაჩეიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.