თანამედროვე მედიცინა იმდენად განვითარდა, რომ ორსულ და მშობიარე ქალებს ბევრი პროცედურის გადატანა ბევრად უფრო მარტივად და უმტკივნეულოდ შეუძლიათ. თუმცა, წლების წინ საბჭოთა კავშირში აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა არსებობდა და ქალებს, იმისათვის, რომ დედა გამხდარიყვნენ, ძალიან დიდი ტკივილის ატანა უწევდათ.
პირველ რიგში, მიიჩნეოდა, რომ თუკი ოჯახში შვილის ყოლის პრობლემა არსებობდა, ეს მხოლოდ ქალის ბრალი იყო. ამიტომაც, ყველა პროცედურა, რომლებიც გამრავლების საკითხის მოსაგვარებლად იყო შექმნილი, მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი.
1936 წელს შეიქმნა სპეციალური კანონი, რომელიც აბორტის გაკეთებას კრძალავდა. ამიტომაც, ქალებმა სხვადასხვა, მათ შორის, საშიში გზების ძიება დაიწყეს, რომ არასასურველი ორსულობა შეეწყვიტათ. სრულიად ანტისანიტარიულ პირობებში უამრავი ქალი იკეთებდა აბორტს, რაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სერიოზული დაავადებითა და ანთებით რთულდებოდა და გარდაცვალებასაც კი იწვევდა. ამის გამო, ბევრი ქალი სამუდამოდ უნაყოფო გახდა და მათ შვილის გაჩენა ვეღარასოდეს შეძლეს.
შემდგომში კი ექიმებმა, რომლებმაც რეპროდუქციული სისტემის ორგანოებზე, ქირურგიული ოპერაციები გააკეთეს, აღმოაჩინეს, რომ მენჯის არეში ადჰეზიები, ანუ შეხორცებები, შესაძლოა, უნაყოფობას იწვევდეს. ფალოპის მილების გამტარიანობის აღდგენით კი, ხშირ შემთხვევაში, წარმატებას მიაღწიეს.
თუმცა, პროცედურები, თუნდაც დიაგნოსტიკისთვის, ძალიან მტკივნეული იყო. მაგალითად, მეტროსალპინგოგრაფია, რომელიც ფალოპის მილების გამტარიანობის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას გულისხმობდა, ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე, უხეში ჩარევით ტარდებოდა. ქალები გაუსაძლისი ტკივილისაგან ხშირად გონებასაც კი კარგავდნენ.
ასევე ხშირად გამოიყენებოდა ჰიდროტუბაციის მეთოდი, რომლის დროსაც თხევადი სამკურნალო საშუალებები საშვილოსნოს ღრუში შეჰყავდათ. თუმცა, ეს პროცედურაც აბსოლუტურად გაუმართავი და დაუხვეწავი იყო, რაც ქალებს ძალიან დიდ ტკივილსაც ანიჭებდა და სხვა პრობლემის წინაპირობაც ხდებოდა. ვითარდებოდა ანთებითი პროცესები და შესაძლოა, ქალის გარდაცვალებითაც კი დასრულებულიყო.
დღეს პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი უნაყოფობის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. სინდრომის შესახებ 1928 წელს საბჭოთა პროფესორმა დეტალურად აღწერა. აღნიშნული სინდრომის დროს, ოვულაციის პროცესი დარღვეულია, მენსტრუაცია არეული, ხშირ შემთხვევაში, კი მტკივნეულია და ადამიანის ზოგად ჯანმრთელობასაც აზიანებს. ახლა პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომს ეფექტურად მკურნალობენ. შესაძლოა, ექიმმა ჰორმონალური მედიკამენტები დანიშნოს, სპეციალური კვებისა და ფიზიკური აქტივობების მოდელი შეადგინოს და პაციენტს დაეხმაროს. თუმცა, წლების წინ არც ეს მეთოდი იყო ასეთი დახვეწილი და უმტკივნეულო.
80-იანი წლებიდან უკვე ხელოვნურ განაყოფიერებაზე დაიწყეს საუბარი. საშვილოსნოში სპერმის შეყვანის მცდელობა იმდენად მტკივნეული იყო, რომ ზოგიერთი ქალი, ამ მანიპულაციის შემდეგ, გონებას კარგავდა და ითიშებოდა.
კვერცხუჯრედის ქალის სხეულის გარეთ განაყოფიერების პირველი მცდელობები 1950-იან წლებში დაიწყო. თუმცა, პირველი ბავშვი, რომელიც ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგად საბჭოთა კავშირში გაჩნდა, 1986 წელს მოევლინა ქვეყანას. იქამდე არაერთი მტკივნეული მანიპულაცია სცადეს.
ამის შემდეგ, რეპროდუქციული მედიცინა განსაკუთრებით განვითარდა. დღეს მეთოდები ბევრად უფრო დახვეწილი და უმტკივნეულოა. თუმცა წლების წინ, ქალებს იმისათვის, რომ უშვილობის პრობლემა მოეგვარებინათ, ძალიან დიდი ტკივილის ატანა უწევდათ.