ჯულია ორმონდს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა 1990-იან წლებში, თუმცა მოულოდნელად, ის თითქმის გაქრა ეკრანებიდან და მოგვიანებით პროდიუსერისა და სცენარისტის ამპლუაში უფრო ჩნდებოდა და ასევე პოლიტიკური აქტივობით დაკავდა. ყველას ეგონა, რომ მან უბრალოდ ასე გადაწყვიტა, თუმცა სიმართლე მხოლოდ ახლა გაირკვა.
ჯულია ორმონდმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი სკანდალურად ცნობილ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინზე, რომელსაც ჰოლივუდში არაერთმა ქალმა უჩივლა. ჯულიას ინციდენტი 1995 წელს შეემთხვა, თუმცა ხმის ამოღება ახლაღა გაბედა. მისი მონაყოლის თანახმად, საქმიანი ვახშმის შემდეგ საუბრის საბაბით გავლენიანმა პროდიუსერმა განმარტოებულ ადგილას შეიტყუა და აიძულა მასთან ორალური სექსი. ჯულიამ მაშინვე უთხრა ამის შესახებ თავის აგენტებს, თუმცა მათ არ მიიღეს სერიოზულად მისი სიტყვები და გადაარწმუნეს, რომ არ ღირდა ბრძოლა გავლენიან პროდიუსერთან. თუმცა ვაინშტაინმა მაინც გაიგო, რომ ჯულია ცდილობდა ამ ფაქტზე ხმის ამოღებას და მის წინააღმდეგ მოქმედებას, ამიტომ ყველაფერი ქნა, რომ ჯულიას კარიერა დაენგრია - მას სულ უფრო იშვიათად სთავაზობდნენ ახალ როლებს...
"ყველამ იცოდა ვაინშტაინზე, მისმა პროდიუსერებმაც. მაგრამ არც ერთ პროდიუსერს და არც ერთ კომპანიას არ გაუფრთხილებია ჯულია, რომ ვაინშტაინი ასე ესხმოდა თავს ქალებს, რადგან ის მეტისმეტად გავლენიანი იყო და ბევრი ფული მოჰქონდა... ზარალი კატასტროფული იყო, როგორც პირადი, ისე მატერიალური კუთხით. მომხდარის შემდეგ ჯულია ფაქტობრივად გაქრა ეკრანებიდან", - წერია სარჩელში.
შეგახსენებთ, რომ ვაინშტაინის სკანდალი 2017 წელს აგორდა, როცა რამდენიმე ცნობილმა მსახიობმა ქალმა გაბედა და საჯაროდ დასდო ბრალი ჰოლივუდის ყველაზე გავლენიან პროდიუსერს სექსუალურ ზეწოლაში. გამოძიების შემდეგ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რამდენიმე ბრალდებაც იყო გაუპატიურებაზე, რის გამოც მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ იმ ბრალდებებში გაამართლა.