"პირველი სქესობრივი კავშირი და ქალიშვილობის საკითხი კვლავ პოპულარული თემაა... ხშირად ფიქრობენ, რომ მენსტრუაციის დროს დაორსულება არ ხდება... მოზარდები ბევრ არასწორ ინფორმაციას იღებენ" - გავრცელებული მითები სქესობრივ ცხოვრებაზე და ექიმის რეკომენდაციები - მშობლები

"პირველი სქესობრივი კავშირი და ქალიშვილობის საკითხი კვლავ პოპულარული თემაა... ხშირად ფიქრობენ, რომ მენსტრუაციის დროს დაორსულება არ ხდება... მოზარდები ბევრ არასწორ ინფორმაციას იღებენ" - გავრცელებული მითები სქესობრივ ცხოვრებაზე და ექიმის რეკომენდაციები

2023-10-06 10:33:51+04:00

ექიმი ეკა კვირკველია რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სქესობრივ ცხოვრებაზე საგანმანათლებლო ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყო, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა. ის რეპროდუქტოლოგია, მუშაობს პაციენტებთან, არის კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, ასრულებს რეზიდენტურას, არის ორგანიზაცია "რეპროდუქციული განათლების ჰაბის" დამფუძნებელი და დირექტორი. ჩართულია სამედიცინო-სამეცნიერო კვლევებში და აქტიურად აწარმოებს საკუთარ ბლოგს, რომლის საშუალებითაც უამრავ მითსა და არასწორ წარმოდგენას უარყოფს და ადამიანებს სწორი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. ეკა საკუთარი საქმიანობის შესახებ გვიყვება და საუბრობს იმაზეც, თუ რა გახდა წინაპირობა, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოები გადაეღო და სოციალური ქსელის საშუალებით სხვებისთვის გაეზიარებინა:

- როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე და სხვადასხვა კლინიკის მეან-გინეკოლოგიურ განყოფილებებში დავიწყე მორიგეობა, ბევრ ცუდ და მტკივნეულ საკითხს შევეჯახე, რამაც დამაფიქრა და მიბიძგა, რომ საგანმანათლებლო ვიდეოები გადამეღო და ყველასთვის გამეზიარებინა. კლინიკებში, სამწუხაროდ, ხშირად მოდიოდნენ ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლი ქალები, რომლებსაც ორსულობის შეწყვეტა, სხვადასხვა დაავადებისაგან გათავისუფლება სურდათ. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ, არც პოლიციას მიმართავდნენ და ჰქონდათ შიში, რომ შესაძლოა, ოჯახშიც პრობლემები შეჰქმნოდათ. ძალიან ბევრი თემა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, უამრავი სტერეოტიპი, არასწორი შეხედულება არსებობს, რაც ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, აზიანებს და მათ ცხოვრებას მთლიანად ცვლის. ჩემი მიზანია, მსგავსი ვიდეოებით ადამიანებმა უსაფრთხოების, თავდაცვის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ და სამომავლოდ პრობლემების წინაშე აღარ აღმოჩნდნენ. ზოგადად, სქესობრივი განათლება ინფორმირებულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და არსებული რისკების შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. ასევე, სწორი ინფორმაციის შემთხვევაში, მოზარდები სქესობრივ ცხოვრებას უფრო გააზრებულ ასაკში დაიწყებენ, მათი გადაწყვეტილებები უფრო მყარი და ნაფიქრი იქნება. აღარ მიიღებენ ნაადრევად დაქორწინების გადაწყვეტილებას, ისაუბრებენ პრობლემაზე, ეცოდინებათ, რომელ სპეციალისტს უნდა მიმართონ, როგორ უნდა მიიტანონ დაავადებაზე ეჭვი და ასე შემდეგ. ეს არის ცოდნა, რომელიც თითოეულ ადამიანს სჭირდება. გარდა ამისა, თავადაც ვყოფილვარ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, განვიცდიდი ჩემი მეგობრებისა და პაციენტების შემთხვევებს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ თემების მიხედვით, ვიდეოები გადამეღო და ადამიანებისათვის გადამოწმებული ინფორმაცია მიმეწოდებინა, მესაუბრა მითებსა და არასწორ შეხედულებებზე, რომლებიც როგორც მოზარდების, ასევე ზრდასრული ადამიანების ცხოვრებას მთლიანად ცვლის და მცდარ წარმოდგენებს უყალიბებს. მგონია, რომ მსგავსი საუბრებისთვის საჯარო პლატფორმები აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. რაც უფრო ინფორმირებულია პაციენტი, მკურნალობის პროცესი ბევრად უფრო მარტივი და შედეგიანია. მაგალითად, თუ ქალს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი აქვს, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში სპეციალური მეთვალყურეობა, სწორად შერჩეული კვება, მკურნალობა სჭირდება, სათანადო ინფორმირებულობის შემთხვევაში, დიაგნოზის მიმღებლობაც უფრო მარტივია და ექიმებთან ერთად, სწორი მკურნალობის მნიშვნელობაც გააზრებულია.

- რომელი პლატფორმა აირჩიეთ თავდაპირველად ვიდეოების გამოსაქვეყნებლად და როგორ ეხმიანებოდნენ ამას ადამიანები?

- თავდაპირველად, რამდენიმე ვიდეო ტიკ-ტოკზე დავდე. აპლიკაცია რომ გადმოვწერე, ჩემი მეგობრები დამეხმარნენ, რომ ვიდეოები განმეთავსებინა. პირველ ეტაპზე, 2 ვიდეო მქონდა. ერთი სქესობრივი განათლების შესახებ მითებზე საუბარს ეთმობოდა და მინდოდა, ყველასთვის მეთქვა, რომ ეს არ არის სწავლება სექსის შესახებ და რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ბევრი აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ იცოდნენ. მეორე ვიდეო შეეხებოდა იმას, რომ ე.წ. სარეცხი საპონი დასაბანად, განსაკუთრებით კი, ვულვის დასაბანად არ უნდა გამოვიყენოთ. ამ ვიდეოებს ჩემი ძალიან დიდი ბულინგი და კრიტიკა მოჰყვა. ადამიანები ჩემ მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ. მიწერდნენ, რომ ე.წ. სარეცხ საპონს ჩვენი ბებიები ხშირად იყენებდნენ და მე არასწორ ინფორმაციას ვავრცელებდი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, გარეგნულად ბავშვური სახე მაქვს და ხალათი თუ არ ჩავიცვი, ექიმად ვერ აღმიქვამენ. მე კიდევ ფორმალობა განსაკუთრებით არ მიყვარს და თუკი პაციენტი თავს არაკომფორტულად გრძნობს და ნერვიულობს, ხალათს საერთოდ ვიხდი და ისე ვესაუბრები. პირველი ვიდეოების შემდეგ, 3-თვიანი პაუზა ავიღე. ბევრი უარყოფითი კომენტარი დაგროვდა, სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი და ვფიქრობდი, გამეგრძელებინა თუ არა ამის გაკეთება. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სწორი და სანდო ინფორმაციის მიღება სჭირდებათ და ვიდეოების გადაღება გავაგრძელე. ძალიან ხშირად პირად შეტყობინებებში მწერენ და თავიანთი პრობლემის შესახებ ამ ფორმით მიზიარებენ, რადგან ამაზე საჯაროდ საუბრის რცხვენიათ. ზოგიერთ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესება დიდია. ბევრი ადამიანისაგან მომისმენია, რომ სოციალურ ქსელში ჩემი გვერდების გამომწერი არ არის იმის გამო, რომ არ უნდათ, გამომწერთა სიაში მათმა ახლობლებმა ნახონ და რაკი სქესობრივ ცხოვრებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობ, მათ შესახებ რაიმე არასწორად იფიქრონ. სინამდვილეში, სწორი ინფორმაცია უამრავ ადამიანს ეხმარება. სოციალურ ქსელებში დაწყებული მიმოწერის შემდეგ, ჩვენი ექიმების გუნდს ბევრმა პაციენტმა მიმართა და შესაბამისი დახმარება მიიღო. ბევრი წყვილი იმიტომ აპირებდა განქორწინებას, რომ სქესობრივ ცხოვრებაში პრობლემა ჰქონდათ, თუმცა კომუნიკაციას ვერ ახერხებდნენ, არ იცოდნენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი და ასე შემდეგ. ჩვენთან კონსულტაციის შემდეგ კი, ამაზე ლაპარაკი, მოგვარება დაიწყეს, რაც ძალიან კარგია. ყოველთვის ვცდილობ, დრო თუ მაქვს, ადამიანებს უსასყიდლოდაც გავუწიო კონსულტაცია და მათთვის სასურველი ინფორმაცია მივაწოდო.

- გაგვიზიარეთ რამდენიმე აუცილებელი საკითხი, რომლებზეც მოზარდებს, როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებს, მშობლები, მასწავლებლები უნდა ესაუბრებოდნენ.

- აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად ახლახან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ვისაუბრე და მათთვის უსაფრთხოების წესების გაზიარება დავიწყეთ. რეკომენდაციები ყველა ბავშვისთვის ერთნაირია.

  1. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა საკუთარი პირადი სივრცის შესახებ იცოდეს და ჰქონდეს ინფორმაცია, რომ არსებობს სხეულის ნაწილები, სასქესო ორგანოები, რომლებზეც შეხების უფლება არავის აქვს და თუკი ვინმე ჩვენებას სთხოვს, არ უნდა აჩვენონ.
  2. გარდა ამისა, 21-ე საუკუნეში სოციალური ქსელების გააქტიურება დიდი გამოწვევაა. სამწუხაროდ, პედოფილიის შემთხვევების შესახებ ხშირად ვისმენთ და ვიგებთ. კიბერბულინგი ისეთივე საყურადღებო და საშიშია, როგორც პირდაპირი კომუნიკაცია. შესაძლოა, ბავშვები შანტაჟისა და დაშინების მსხვერპლნი გახდნენ. არსებობს რისკები, რომ მათი ფოტოები ვინმემ სპეციალური პროგრამებით დაამუშაოს, ფონი შეუცვალოს და სქესობრივ კავშირზე უარის თქმის შემთხვევაში, დაემუქროს, რომ მშობლებს აჩვენებს, სკოლაში გამოაქვეყნებს და ასე შემდეგ.
  3. გარდა ამისა, შესაძლოა, ვინმემ აიძულოს, რომ შიშველი სხეულის ფოტოები გაუგზავნოს და ასე შემდეგ. ამიტომ, მსგავს საკითხებზე ჩვენს შვილებს აუცილებლად უნდა ვესაუბროთ და ვასწავლოთ, რომ მსგავს მიმოწერაში არავის აჰყვნენ, გაუზიარონ ინფორმაცია უფროსებს მაშინვე, თუკი ვინმე დააშანტაჟებს. ასევე, სოციალურ პლატფორმებზე, მშობლებს, შვილებთან შეთანხმებით, შეუძლიათ, მშობლის კონტროლი დააყენონ, რომ საფრთხეებისაგან დაიცვან.
  4. ერთ-ერთი რეკომენდაციაა ასევე ის, რომ მოზარდებმა და ბავშვებმა სოციალურ ქსელებში არ გამოაქვეყნონ ისეთი ფოტოები, რომლებმაც შესაძლოა, პედოფილებისა და მოძალადეების ზედმეტი ყურადღება მიიქციოს.
  5. აუცილებელია, ჩვენს შვილებს თანხმობის მნიშვნელობა ვასწავლოთ, რომ სამომავლო საფრთხეებისაგან დავიცვათ. ფსიქოლოგების რეკომენდაცია ამიტომაა ხოლმე, რომ მშობელმა შვილს ჰკითხოს, შეიძლება, თუ არა, რომ შეეხოს. ამ გზით ინფორმირებულობაში ვეხმარებით და სწორ კომუნიკაციას ვაჩვევთ. მისი გადასაწყვეტია, ადამიანებს შეხების უფლებას მისცემს, თუ არა. სამწუხაროდ, ოჯახის წევრი, ოჯახის ახლობელიც ხშირად აღმოჩნდება ხოლმე მოძალადე და ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ თანხმობის გარეშე შეხების უფლება არავის აქვს. როდესაც გაიზრდება და სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებს, იქაც უნდა იცოდეს, რომ ორმხრივი თანხმობის გარეშე ურთიერთობა არ უნდა შედგეს.
  6. ვასწავლოთ მოზარდებს მანიპულაციის ფორმები და ვუთხრათ, რომ ძალდატანებით არაფერი გააკეთონ. შესაძლოა, შეყვარებულმა უთხრა: "შენ ხომ გიყვარვარ, ამიტომ, მაკოცე, მკერდზე ხელი შემახებინე", მაგრამ მას კოცნა, შეხება არ უნდოდეს და საკუთარი ნების წინააღმდეგ აკეთებდეს ამას. ინფორმირებულობა მას თავდაჯერებულობის გაზრდასა და სწორ კომუნიკაციაში დაეხმარება
  7. აუცილებლად უნდა ავუხსნათ, რომ გარდატეხის ასაკში შესაძლოა, ჭარბი ოფლიანობა იყოს გამოხატული. ოფლს სუნი აქვს იმიტომ, რომ ჰორმონალური ბალანსი ჩამოყალიბებული არ არის და ეს გარდატეხის ასაკის ერთ-ერთი ნიშანია. ვასწავლოთ ჰიგიენის წესები, გაპარსვა, ანტიპერსპირანტებისა და დეოდორანტების გამოყენება, საკუთარი თავის მოწესრიგება, პირადი ჰიგიენა.
  8. რაც შეეხება სქესობრივ ცხოვრებას, ვერავის მივუთითებთ, როდის დაიწყოს, ან არ დაიწყოს პარტნიორთან ურთიერთობა. საერთაშორისო რეკომენდაცია, თუ როდის უნდა დაიწყოს ადამიანმა სქესობრივი ცხოვრება, არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯობს ეს სრულწლოვნობის შემდგომ მოხდეს. 18 წლის ასაკი შემთხვევით არ არის აღებული. 18-დან 21 წლამდე ტვინის წინა ნაწილი, რომელიც კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი, სრულად ყალიბდება და ადამიანი ზრდასრულად ითვლება. უნდა ვუთხრათ მოზარდებს, რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყება გააზრებულად გადაწყვიტონ და სხვადასხვა რისკი გაითვალისწინონ. ამავდროულად, ერთადერთი დამცავი საშუალება, რომელიც სქესობრივი კონტაქტების დროს ინფექციებისაგანაც გვიცავს, კონდომია (ბარიერული კონტრაცეფცია) და მოზარდებმა ესეც უნდა იცოდნენ. ხშირ შემთხვევაში, ისინი სქესობრივად გადამდები დაავადებებით ინფიცირებას მალავენ, სახლში არ ამბობენ, რომ პრობლემა აქვთ, რადგანაც უფროსების რეაქციის ეშინიათ, არც ექიმთან მიდიან და პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. მაგალითად, თუ ქლამიდიას, გონორეას დროულად არ ვუმკურნალებთ, შესაძლოა, მომავალში უშვილობის მიზეზიც გახდეს.

თუკი მშობელი თვლის, რომ სპეციალისტის დახმარება სჭირდება იმისათვის, რომ შვილს სწორად გაუზიაროს სხვადასხვა ინფორმაცია, რეკომენდებულია, რომ პედიატრს, გინეკოლოგს,ფსიქოლოგს, უროლოგს, რეპროდუქტოლოგს - ზოგადად, სფეროს ექსპერტებს მიმართოს და მათგან მოისმინოს რეკომენდაციები.

- რისგან დაიცავს მოზარდს სქესობრივი ცხოვრების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება და ვინ უნდა ესაუბრებოდეს ამის შესახებ?

- პირველ რიგში, მოზარდს სქესობრივი ურთიერთობების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება გარდა სქესობრივად გადამდები სხვადასხვა ინფექციისა, აივ/შიდსისაგან დაიცავს. ასევე, დავიცავთ ძალადობის საფრთხეებისაგან, ტოქსიკური ურთიერთობებისაგან. სამწუხაროდ, ჩვენთან ბევრ ქალს დაბალი თვითშეფასება აქვს და ფიქრობენ, რომ თუკი საყვარელ მამაკაცს ურთიერთობაზე უარს ეტყვიან, ის მას მიატოვებს. ამიტომ, სურვილის საწინააღმდეგოდ ურთიერთობას ნორმად თვლიან.

უსაფრთხოების საკითხების სწავლებით ბავშვებს პედოფილებისა და მოძალადეებისაგან, კიბერბულერებისაგან დავიცავთ. ავარიდებთ ნაადრევი ქორწინების, ურთიერთობების, ორსულობისა და მშობიარობის რისკებს.

სქესობრივი განათლება ასევე მოზარდებს ოჯახისა და შვილის ყოლის პასუხისმგებლობას ასწავლის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე სკოლაში ასეთი პრაქტიკაა მიღებული. 16-17 წლის მოზარდ გოგონებს, რომლებსაც სურთ, რომ შვილი ჰყავდეთ, სახლში მტირალა თოჯინას ატანენ, რომელსაც ჩვეულებრივ სჭირდება გამოცვლა, ზრუნვა და ასე შემდეგ. ერთი კვირის განმავლობაში მისი მოვლა უწევთ. რაღაც ნაწილი ხვდება, რომ ამისთვის მზად არ არის. ინფორმირებისთვის ესეც კარგი სიმულაციაა.

ამიტომ, სქესობრივი განათლების მნიშვნელობის შესახებ შეგვიძლია, ძალიან დიდხანს ვისაუბროთ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი აბსოლუტურად არასწორი კუთხით აღიქმება და როდესაც სქესობრივ განათლებაზე ვსაუბრობთ, მშობლებს მიუღებლობა აქვთ, გარყვნილებასთან აკავშირებენ. სინამდვილეში კი, ამ გზით, შეგვიძლია ჯანსაღი ფსიქიკის, ინფორმირებული და თავდაჯერებული ადამიანები გავზარდოთ, რომლებსაც საკუთარი უფლებებიც ეცოდინებათ და პრობლემასთან ბრძოლის სწორი გზაც.

- თქვენი დაკვირვებით, ზრდასრულ მოსახლეობას ყველაზე მეტად რა მიმართულებით სჭირდება ინფორმაციის მიწოდება და რეკომენდაციების გაზიარება?

- ინტერნეტი არასწორი ინფორმაციით, ფაქტობრივად, სავსეა. მაგალითად, გავრცელებული მოსაზრებაა, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უშვილობას იწვევს, რაც, რა თქმა უნდა, მითია. რეალურად, მშობლებს შეუძლიათ, აღნიშნული ვაქცინით თავიანთი შვილები მნიშვნელოვანი პრობლემისაგან დაიცვან. მოზრდილებს სჭირდებათ მიმღებლობა, რომ გააცნობიერონ, ადამიანის ჯანსაღი სექსუალობა და რეპროდუქციული უნარები აბსოლუტურად ბუნებრივია. ძალადობის, აბორტის სამწუხარო სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია, პრობლემაზე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისაუბროს და ინფორმირებულობის დონე გავზარდოთ. როგორც აღვნიშნე, თუკი მშობელს შესაბამისი ცოდნა არ აქვს, შეუძლია, ექიმებს, ფსიქოლოგს მიმართოს, რომ შვილის უსაფრთხოებაც დაიცვას და თავადაც მიიღოს სწორი რეკომენდაციები. თუკი ბავშვებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სქესობრივი ცხოვრების შესახებ თქვენ არ დაელაპარაკებით, ისინი ინტერნეტში აუცილებლად დაიწყებენ ინფორმაციის მოძიებას. ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია კი, ხშირ შემთხვევაში, გადაუმოწმებელი და მცდარია. დაუმახინჯდებათ ფსიქიკა და არასწორი შეხედულებები ჩამოუყალიბდებათ, რაც სამომავლოდ სრულფასოვან ცხოვრებაში ხელს შეუშლის. ამიტომაც, მასწავლებლებმაც და მშობლებმაც ერთობლივად უნდა მოახერხონ, რომ მოზარდებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ, თავადაც გაეცნონ სიახლეებს, არსებულ მიდგომებს და ამაზე ბავშვებსაც ესაუბრონ.

- რის მიხედვით არჩევთ თემებს, რომლებზეც შემდგომ ვიდეოებს იღებთ და რა სტერეოტიპებსა და არასწორ შეხედულებებს აწყდებით სქესობრივი განათლების კუთხით, რაზეც ფიქრობთ, რომ პრობლემაა?

- ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა და თემატურად, რა თქმა უნდა, ამაზეც ვუზიარებ ადამიანებს ინფორმაციას. მინდა, ყველა ქალმა იცოდეს, როგორ უნდა შეიმოწმონ საკუთარი ძუძუ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და როდის ჯობს, სპეციალისტს მიმართონ. თუკი, საშვილოსნოს კიბოს ცნობიერების ამაღლების დღეა, ამ საკითხზე ვსაუბრობ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში შეკითხვებით მწერენ და აქტუალურ თემებს თავადაც ვაკვირდები. მაგალითად, მოზარდებში პორნოგრაფია საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა. ეს ინდუსტრია მამაკაცებს, სამწუხაროდ, ბავშვობიდან არასწორ წარმოდგენებს უყალიბებს იმის შესახებ, რომ მათი ასოს ზომა ძალიან დიდი უნდა იყოს. თუკი მოლოდინები არ მართლდება, კომპლექსდებიან. ფიქრობენ, რომ პარტნიორი ამის გამო არ მიიღებს, დაცინვისა და ბულინგის მსხვერპლნი გახდებიან და ასე შემდეგ. ასევე, ქალები თვლიან, რომ სქესობრივი აქტის დროს ისე უნდა მოიქცნენ, როგორც პორნოფილმებსა და ვიდეოებში ნახეს. არსებობს კიდევ ერთი წარმოდგენა, რომ სქესობრივი კონტაქტი საშოს აფართოებს, რაც აბსურდია და სიმართლეს არ შეესაბამება.

  • პირველი სქესობრივი კავშირი და ქალიშვილობის საკითხი კვლავ ძალიან პოპულარული თემაა. შეამოწმო, ქალს ჰქონდა, თუ არა სქესობრივი კავშირი და ამაში დარწმუნებული იყო, ეს შეუძლებელია. მითია, რომ პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს რაღაც სკდება, ან იხევა. შესაძლოა, ქალს საერთოდ არ ჰქონდეს აპკი, ან კიდევ პირველ სქესობრივ აქამდე არც კი მიჰყვეს, სიარულის, კიბეზე ასვლის, ან ფიზიკური აქტივობის დროს დაუზიანდეს და ვერც იგრძნოს.
  • გარდა ამისა, ხშირად ფიქრობენ, რომ მენსტრუაციის დროს დაორსულება არ ხდება. თუმცა, ოვულაცია ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.
  • ხშირია შეკითხვები ორგაზმის შესახებ. მამაკაცები ნაადრევი ეაკულაციის შესახებ ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით.
  • ხალხის რაღაც ნაწილს ჰგონია, რომ თუ პირველი ჯგუფის სისხლი აქვთ, ეს ძლიერი სისხლია და სქესობრივი კონტაქტის გზით ინფექციები არ გადაედებათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
  • სამწუხაროდ, ბერმა ადამიანმა საკუთარი ანატომია არ იცის და ეს ბევრ პრობლემას ქმნის, თუნდაც სქესობრივ ცხოვრებაში.
  • ერთ-ერთი გავრცელებული მითი ვაჟიშვილობის ძაფს უკავშირდება. ასოს თავზე ლაგამია, რომელზეც ფიქრობენ, რომ პირველი სექსის დროს უნდა გაწყდეს. არადა იქ არტერია გადის და ის რომ გაწყდეს, საავადმყოფოში წასვლა და სისხლდენის შეჩერება მოუწევთ.
  • გავრცელებულია მითი ტელეგონიის შესახებ. ფიქრობენ, რომ პირველი პარტნიორი და მისი სპერმა სამუდამოდ ახდენს ქალზე გავლენას, ერწყმის დნმ-ს და შემდგომში, შვილები სხვა პარტნიორისგან პირველ პარტნიორს ემსგავსებიან.
  • ვაგინიზმი ძალიან ხშირად გავრცელებული პრობლემაა და არც ამის შესახებ აქვთ სწორი ინფორმაცია. წყვილები წლობით ვერ ახერხებენ ჰარმონიულ ურთიერთობას, რაც მთლიანად ცვლის მათი ცხოვრების ხარისხს.

იმდენად ბევრი მითია, ალბათ, სასაუბროდ რამდენიმე დღე არ გვეყოფა. თუმცა, ჩემი ვიდეოებით ვცდილობ, ადამიანებს სწორი ინფორმაცია გავუზიარო. ასევე, მალე You-Tube-გადაცემების გამოქვეყნებას დავიწყებ და სხვადასხვა აქტუალურ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებ, მეყოლება მოწვეული სპეციალისტებიც და ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას განვიხილავთ.