ექიმი ეკა კვირკველია რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სქესობრივ ცხოვრებაზე საგანმანათლებლო ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყო, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა. ის რეპროდუქტოლოგია, მუშაობს პაციენტებთან, არის კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, ასრულებს რეზიდენტურას, არის ორგანიზაცია "რეპროდუქციული განათლების ჰაბის" დამფუძნებელი და დირექტორი. ჩართულია სამედიცინო-სამეცნიერო კვლევებში და აქტიურად აწარმოებს საკუთარ ბლოგს, რომლის საშუალებითაც უამრავ მითსა და არასწორ წარმოდგენას უარყოფს და ადამიანებს სწორი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. ეკა საკუთარი საქმიანობის შესახებ გვიყვება და საუბრობს იმაზეც, თუ რა გახდა წინაპირობა, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოები გადაეღო და სოციალური ქსელის საშუალებით სხვებისთვის გაეზიარებინა:
- როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე და სხვადასხვა კლინიკის მეან-გინეკოლოგიურ განყოფილებებში დავიწყე მორიგეობა, ბევრ ცუდ და მტკივნეულ საკითხს შევეჯახე, რამაც დამაფიქრა და მიბიძგა, რომ საგანმანათლებლო ვიდეოები გადამეღო და ყველასთვის გამეზიარებინა. კლინიკებში, სამწუხაროდ, ხშირად მოდიოდნენ ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლი ქალები, რომლებსაც ორსულობის შეწყვეტა, სხვადასხვა დაავადებისაგან გათავისუფლება სურდათ. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ, არც პოლიციას მიმართავდნენ და ჰქონდათ შიში, რომ შესაძლოა, ოჯახშიც პრობლემები შეჰქმნოდათ. ძალიან ბევრი თემა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, უამრავი სტერეოტიპი, არასწორი შეხედულება არსებობს, რაც ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, აზიანებს და მათ ცხოვრებას მთლიანად ცვლის. ჩემი მიზანია, მსგავსი ვიდეოებით ადამიანებმა უსაფრთხოების, თავდაცვის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ და სამომავლოდ პრობლემების წინაშე აღარ აღმოჩნდნენ. ზოგადად, სქესობრივი განათლება ინფორმირებულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და არსებული რისკების შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. ასევე, სწორი ინფორმაციის შემთხვევაში, მოზარდები სქესობრივ ცხოვრებას უფრო გააზრებულ ასაკში დაიწყებენ, მათი გადაწყვეტილებები უფრო მყარი და ნაფიქრი იქნება. აღარ მიიღებენ ნაადრევად დაქორწინების გადაწყვეტილებას, ისაუბრებენ პრობლემაზე, ეცოდინებათ, რომელ სპეციალისტს უნდა მიმართონ, როგორ უნდა მიიტანონ დაავადებაზე ეჭვი და ასე შემდეგ. ეს არის ცოდნა, რომელიც თითოეულ ადამიანს სჭირდება. გარდა ამისა, თავადაც ვყოფილვარ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, განვიცდიდი ჩემი მეგობრებისა და პაციენტების შემთხვევებს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ თემების მიხედვით, ვიდეოები გადამეღო და ადამიანებისათვის გადამოწმებული ინფორმაცია მიმეწოდებინა, მესაუბრა მითებსა და არასწორ შეხედულებებზე, რომლებიც როგორც მოზარდების, ასევე ზრდასრული ადამიანების ცხოვრებას მთლიანად ცვლის და მცდარ წარმოდგენებს უყალიბებს. მგონია, რომ მსგავსი საუბრებისთვის საჯარო პლატფორმები აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. რაც უფრო ინფორმირებულია პაციენტი, მკურნალობის პროცესი ბევრად უფრო მარტივი და შედეგიანია. მაგალითად, თუ ქალს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი აქვს, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში სპეციალური მეთვალყურეობა, სწორად შერჩეული კვება, მკურნალობა სჭირდება, სათანადო ინფორმირებულობის შემთხვევაში, დიაგნოზის მიმღებლობაც უფრო მარტივია და ექიმებთან ერთად, სწორი მკურნალობის მნიშვნელობაც გააზრებულია.
- თავდაპირველად, რამდენიმე ვიდეო ტიკ-ტოკზე დავდე. აპლიკაცია რომ გადმოვწერე, ჩემი მეგობრები დამეხმარნენ, რომ ვიდეოები განმეთავსებინა. პირველ ეტაპზე, 2 ვიდეო მქონდა. ერთი სქესობრივი განათლების შესახებ მითებზე საუბარს ეთმობოდა და მინდოდა, ყველასთვის მეთქვა, რომ ეს არ არის სწავლება სექსის შესახებ და რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ბევრი აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ იცოდნენ. მეორე ვიდეო შეეხებოდა იმას, რომ ე.წ. სარეცხი საპონი დასაბანად, განსაკუთრებით კი, ვულვის დასაბანად არ უნდა გამოვიყენოთ. ამ ვიდეოებს ჩემი ძალიან დიდი ბულინგი და კრიტიკა მოჰყვა. ადამიანები ჩემ მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ. მიწერდნენ, რომ ე.წ. სარეცხ საპონს ჩვენი ბებიები ხშირად იყენებდნენ და მე არასწორ ინფორმაციას ვავრცელებდი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, გარეგნულად ბავშვური სახე მაქვს და ხალათი თუ არ ჩავიცვი, ექიმად ვერ აღმიქვამენ. მე კიდევ ფორმალობა განსაკუთრებით არ მიყვარს და თუკი პაციენტი თავს არაკომფორტულად გრძნობს და ნერვიულობს, ხალათს საერთოდ ვიხდი და ისე ვესაუბრები. პირველი ვიდეოების შემდეგ, 3-თვიანი პაუზა ავიღე. ბევრი უარყოფითი კომენტარი დაგროვდა, სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი და ვფიქრობდი, გამეგრძელებინა თუ არა ამის გაკეთება. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სწორი და სანდო ინფორმაციის მიღება სჭირდებათ და ვიდეოების გადაღება გავაგრძელე. ძალიან ხშირად პირად შეტყობინებებში მწერენ და თავიანთი პრობლემის შესახებ ამ ფორმით მიზიარებენ, რადგან ამაზე საჯაროდ საუბრის რცხვენიათ. ზოგიერთ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესება დიდია. ბევრი ადამიანისაგან მომისმენია, რომ სოციალურ ქსელში ჩემი გვერდების გამომწერი არ არის იმის გამო, რომ არ უნდათ, გამომწერთა სიაში მათმა ახლობლებმა ნახონ და რაკი სქესობრივ ცხოვრებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობ, მათ შესახებ რაიმე არასწორად იფიქრონ. სინამდვილეში, სწორი ინფორმაცია უამრავ ადამიანს ეხმარება. სოციალურ ქსელებში დაწყებული მიმოწერის შემდეგ, ჩვენი ექიმების გუნდს ბევრმა პაციენტმა მიმართა და შესაბამისი დახმარება მიიღო. ბევრი წყვილი იმიტომ აპირებდა განქორწინებას, რომ სქესობრივ ცხოვრებაში პრობლემა ჰქონდათ, თუმცა კომუნიკაციას ვერ ახერხებდნენ, არ იცოდნენ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი და ასე შემდეგ. ჩვენთან კონსულტაციის შემდეგ კი, ამაზე ლაპარაკი, მოგვარება დაიწყეს, რაც ძალიან კარგია. ყოველთვის ვცდილობ, დრო თუ მაქვს, ადამიანებს უსასყიდლოდაც გავუწიო კონსულტაცია და მათთვის სასურველი ინფორმაცია მივაწოდო.
- აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად ახლახან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ვისაუბრე და მათთვის უსაფრთხოების წესების გაზიარება დავიწყეთ. რეკომენდაციები ყველა ბავშვისთვის ერთნაირია.
თუკი მშობელი თვლის, რომ სპეციალისტის დახმარება სჭირდება იმისათვის, რომ შვილს სწორად გაუზიაროს სხვადასხვა ინფორმაცია, რეკომენდებულია, რომ პედიატრს, გინეკოლოგს,ფსიქოლოგს, უროლოგს, რეპროდუქტოლოგს - ზოგადად, სფეროს ექსპერტებს მიმართოს და მათგან მოისმინოს რეკომენდაციები.
- პირველ რიგში, მოზარდს სქესობრივი ურთიერთობების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება გარდა სქესობრივად გადამდები სხვადასხვა ინფექციისა, აივ/შიდსისაგან დაიცავს. ასევე, დავიცავთ ძალადობის საფრთხეებისაგან, ტოქსიკური ურთიერთობებისაგან. სამწუხაროდ, ჩვენთან ბევრ ქალს დაბალი თვითშეფასება აქვს და ფიქრობენ, რომ თუკი საყვარელ მამაკაცს ურთიერთობაზე უარს ეტყვიან, ის მას მიატოვებს. ამიტომ, სურვილის საწინააღმდეგოდ ურთიერთობას ნორმად თვლიან.
უსაფრთხოების საკითხების სწავლებით ბავშვებს პედოფილებისა და მოძალადეებისაგან, კიბერბულერებისაგან დავიცავთ. ავარიდებთ ნაადრევი ქორწინების, ურთიერთობების, ორსულობისა და მშობიარობის რისკებს.
სქესობრივი განათლება ასევე მოზარდებს ოჯახისა და შვილის ყოლის პასუხისმგებლობას ასწავლის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე სკოლაში ასეთი პრაქტიკაა მიღებული. 16-17 წლის მოზარდ გოგონებს, რომლებსაც სურთ, რომ შვილი ჰყავდეთ, სახლში მტირალა თოჯინას ატანენ, რომელსაც ჩვეულებრივ სჭირდება გამოცვლა, ზრუნვა და ასე შემდეგ. ერთი კვირის განმავლობაში მისი მოვლა უწევთ. რაღაც ნაწილი ხვდება, რომ ამისთვის მზად არ არის. ინფორმირებისთვის ესეც კარგი სიმულაციაა.
ამიტომ, სქესობრივი განათლების მნიშვნელობის შესახებ შეგვიძლია, ძალიან დიდხანს ვისაუბროთ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი აბსოლუტურად არასწორი კუთხით აღიქმება და როდესაც სქესობრივ განათლებაზე ვსაუბრობთ, მშობლებს მიუღებლობა აქვთ, გარყვნილებასთან აკავშირებენ. სინამდვილეში კი, ამ გზით, შეგვიძლია ჯანსაღი ფსიქიკის, ინფორმირებული და თავდაჯერებული ადამიანები გავზარდოთ, რომლებსაც საკუთარი უფლებებიც ეცოდინებათ და პრობლემასთან ბრძოლის სწორი გზაც.
- ინტერნეტი არასწორი ინფორმაციით, ფაქტობრივად, სავსეა. მაგალითად, გავრცელებული მოსაზრებაა, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უშვილობას იწვევს, რაც, რა თქმა უნდა, მითია. რეალურად, მშობლებს შეუძლიათ, აღნიშნული ვაქცინით თავიანთი შვილები მნიშვნელოვანი პრობლემისაგან დაიცვან. მოზრდილებს სჭირდებათ მიმღებლობა, რომ გააცნობიერონ, ადამიანის ჯანსაღი სექსუალობა და რეპროდუქციული უნარები აბსოლუტურად ბუნებრივია. ძალადობის, აბორტის სამწუხარო სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია, პრობლემაზე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისაუბროს და ინფორმირებულობის დონე გავზარდოთ. როგორც აღვნიშნე, თუკი მშობელს შესაბამისი ცოდნა არ აქვს, შეუძლია, ექიმებს, ფსიქოლოგს მიმართოს, რომ შვილის უსაფრთხოებაც დაიცვას და თავადაც მიიღოს სწორი რეკომენდაციები. თუკი ბავშვებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სქესობრივი ცხოვრების შესახებ თქვენ არ დაელაპარაკებით, ისინი ინტერნეტში აუცილებლად დაიწყებენ ინფორმაციის მოძიებას. ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია კი, ხშირ შემთხვევაში, გადაუმოწმებელი და მცდარია. დაუმახინჯდებათ ფსიქიკა და არასწორი შეხედულებები ჩამოუყალიბდებათ, რაც სამომავლოდ სრულფასოვან ცხოვრებაში ხელს შეუშლის. ამიტომაც, მასწავლებლებმაც და მშობლებმაც ერთობლივად უნდა მოახერხონ, რომ მოზარდებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ, თავადაც გაეცნონ სიახლეებს, არსებულ მიდგომებს და ამაზე ბავშვებსაც ესაუბრონ.
- ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა და თემატურად, რა თქმა უნდა, ამაზეც ვუზიარებ ადამიანებს ინფორმაციას. მინდა, ყველა ქალმა იცოდეს, როგორ უნდა შეიმოწმონ საკუთარი ძუძუ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და როდის ჯობს, სპეციალისტს მიმართონ. თუკი, საშვილოსნოს კიბოს ცნობიერების ამაღლების დღეა, ამ საკითხზე ვსაუბრობ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში შეკითხვებით მწერენ და აქტუალურ თემებს თავადაც ვაკვირდები. მაგალითად, მოზარდებში პორნოგრაფია საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა. ეს ინდუსტრია მამაკაცებს, სამწუხაროდ, ბავშვობიდან არასწორ წარმოდგენებს უყალიბებს იმის შესახებ, რომ მათი ასოს ზომა ძალიან დიდი უნდა იყოს. თუკი მოლოდინები არ მართლდება, კომპლექსდებიან. ფიქრობენ, რომ პარტნიორი ამის გამო არ მიიღებს, დაცინვისა და ბულინგის მსხვერპლნი გახდებიან და ასე შემდეგ. ასევე, ქალები თვლიან, რომ სქესობრივი აქტის დროს ისე უნდა მოიქცნენ, როგორც პორნოფილმებსა და ვიდეოებში ნახეს. არსებობს კიდევ ერთი წარმოდგენა, რომ სქესობრივი კონტაქტი საშოს აფართოებს, რაც აბსურდია და სიმართლეს არ შეესაბამება.
იმდენად ბევრი მითია, ალბათ, სასაუბროდ რამდენიმე დღე არ გვეყოფა. თუმცა, ჩემი ვიდეოებით ვცდილობ, ადამიანებს სწორი ინფორმაცია გავუზიარო. ასევე, მალე You-Tube-გადაცემების გამოქვეყნებას დავიწყებ და სხვადასხვა აქტუალურ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებ, მეყოლება მოწვეული სპეციალისტებიც და ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას განვიხილავთ.