სტატიის სპონსორია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები
დღეისთვის საქართველოში რამდენი ათასი ბავშვი და მოზარდია, ვინც შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზით მკურნალობს. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ინსულინის ნემსები ესაჭიროება. ინსულინის გარდა, აუცილებელია დიეტაც დაიცვან, მიღებული ნახშირწყლები დაითვალონ. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. როდესაც მშობელი და ბავშვი კონსულტაციაზე მოდიან, ყოველთვის ერთი და იგივე საუბარი გვაქვს: გავიზომოთ შაქარი! ხშირად გავიზომოთ! რატომ? იმიტომ, რომ ბრმად ინსულინის გაკეთება არ შეიძლება. ინსულინი ხომ არ არის ჩვეულებრივი წამალი, ექიმის დანიშნულების მიხედვით, დავუშვათ, დღეში ერთხელ რომ უნდა მიიღოს პაციენტმა. შესაყვანი ინსულინის დოზა მუდმივად იცვლება. თუ სისხლში გლუკოზის, შაქრის საწყისი დონე მაღალია, ხომ მეტი უნდა გავიკეთოთ, არა? თუ დაბალია, ნაკლები. მაგრამ თუ არ გავიზომეთ, საიდან გვეცოდინება რამდენი გავიკეთოთ? ბავშვის შეგრძნებებს ნუ ვენდობით! ბრმად გაკეთებით შეიძლება ზედმეტი მოგვივიდეს, ან, დაგვაკლდეს. შესაბამისად, ბავშვს შაქრის დონე შეიძლება ზედმეტად დაუვარდეს, და „გაითიშოს“; ან, პირიქით, ძალიან მაღალზე აუვარდეს.
უკვე ნახევარი საუკუნეა, მეცნიერებმა ზუსტად დაადგინეს: რაც უფრო ნორმალური იქნება სისხლში შაქრის მაჩვენებლები, მით უკეთ იქნება ბავშვი. განვითარებულ ქვეყნებში გლუკომეტრები უკვე 1980-იან წლებში შემოვიდა. გლუკომეტრისა და შაქრის ხშირად გაზომვის დამსახურებაა, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს პროგნოზი მკვეთრად გაუმჯობესდა, და ეს დაავადება უკვე იმდენად საშიშიც აღარაა, როგორიც ათწლეულების წინ იყო.
მაშ, დღეში რამდენჯერ გავიზომოთ? ერთი უცხოური ბროშურა მაგონდება, მრავალი წლის წინ გავეცანი. შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებში შაქრიანი დიაბეტის მართვას შეეხებოდა. გულის ამაჩუყებელი რჩევები ეწერა - როგორ ვმართოთ პაციენტი თუ შეგვიძლია გავხარჯოთ დღეში ერთი 1 ჩხირი, სამ დღეში 1 ჩხირი, კვირაში 1 ჩხირი, და ასე შემდეგ. ბოლოს კი პატიოსნად ეწერა - ასე იშვიათად გაზომვით შაქრიანი დიაბეტის წესიერად მართვა შეუძლებელიაო. პირდაპირ მოგახსენებთ - ბავშვს რომ შაქრიანი დიაბეტი კარგად ჰქონდეს გაკონტროლებული, აბსოლუტური მინიმუმი არის დღეში 4 გაზომვა; ესეც, თუ იდეალურად არის ყველაფერი. თუ შაქრის მაჩვენებლები ცოტა მაინც არეულია, ესაჭიროება დღეში 6, ან 8, ან მეტი გაზომვა.
დღეისთვის გლუკომეტრის ერთი ტესტ-ჩხირი 50 თეთრამდე ღირს. დღეში ექვსიც რომ გამოვიყენოთ, მხოლოდ 3 ლარი გამოდის. თანაც, ნაწილს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდაც იძლევიან. მაშ, მოდით, გავუფრთხილდეს ბავშვის ჯანმრთელობას, და ტესტ-ჩხირებზე ნუ დავზოგავთ.
კი ბატონო, ძალიან კარგად მესმის, რომ ხშირად თანხაზე კი არ არის საუბარი: ბავშვს სტკივა თითები და განიცდის, რომ ასე ხშირად უწევს ჩხვლეტა; მოზარდს კი ერიდება ხოლმე და არ უნდა გაამხილოს. საზოგადოდ, რასაკვირველია, სტრესის წყაროა ეს ჩხვლეტები. მაგრამ, სამაგიეროდ, სისხლში გლუკოზის მაჩვენებლები ნორმას უახლოვდება.
ისიც მესმის, რომ იდეალურად ზუსტი გლუკომეტრი არ არის. 10-15%-იან ცდომილებას იძლევა ხოლმე. მაგრამ, არაფერს ხომ ჯობია? აბა, წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ვმართოთ შაქრიანი დიაბეტი, პაციენტს სისხლში შაქრის დონე სულ რომ არ გავუზომოთ?
ბოლო დროს, საბედნიეროდ, ჩვენთანაც შემოდის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები. თუ ასეთ სისტემას ვიყენებთ, გლუკომეტრის გამოყენება შეიძლება უფრო იშვიათად დაგვჭირდეს, მაგრამ, მაინც დაგვჭირდება. უწყვეტი მონიტორინგის სისტემასაც და გლუკომეტრსაც თავ-თავისი უპირატესობები აქვთ. თითის ჩხვლეტა უსიამოვნოა, უწყვეტი მონიტორინგის სისტემის გამოყენების შემთხვევაში კი სენსორია ჩასაყენებელი. სისტემა უფრო 10-15 წუთის წინანდელ მდგომარეობას გვიჩვენებს, გლუკომეტრი კი ამწამიერს. გლუკომეტრი სისტემის კალიბრაციისთვისაც გამოიყენება. გარდა ამისა, ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ სპორტით (მაგალითად, ცურვით, ან სიტყვაზე, ჭიდაობით) დაკავებულ პაციენტებში სენსორი შედარებით ადვილად გამოდის მწყობრიდან. პატარა ბავშვებსა და მოზარდებს, ზოგჯერ, ფსიქოლოგიური მიზეზითაც არ უნდათ უწყვეტი მონიტორინგის სისტემა.
არ შეიძლება არ ვახსენო, რომ გლუკომეტრს ზოგჯერ იმისთვისაც იყენებენ, თავისით შეამოწმონ, ბავშვს სისხლში შაქარი ხომ არა აქვს მაღალი. ნამდვილად, ძალიან მოსახერხებელია, ბინაზევე შეგიძლიათ გამორიცხოთ შაქრიანი დიაბეტის დაწყება. ვისარგებლებ შემთხვევით, და მშობლებს ასეთ რჩევას მივცემდი - დაუყოვნებლივ გავუზომოთ ბავშვს სისხლში შაქრის დონე იმ შემთხვევაში, თუ ღამე დგება მოსაშარდად, წყლის დასალევად, და წონაში იკლებს. ესენია შაქრიანი დიაბეტის დაწყების ნიშნები.
გვახსოვდეს, რაც უფრო ხშირად ვნახავთ, როგორი აქვს პაციენტს სისხლში შაქრის დონე, მით უკეთესად ვმართავთ ამ მდგომარეობას, მით უფრო ჯანმრთელი და წარმატებული ადამიანი გაიზრდება.
R