კომუნიკაციების სპეციალისტი ნათია გოცაძე გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წყვილს შორის კომუნიკაციას და რა კავშირშია ეს ბედნიერ და ჰარმონიულ ურთიერთობასთან:
- სიყვარულისთვის ყველაზე დამაზიანებელი არის ის, რომ ადამიანთან კომუნიკაცია არ გქონდეს. ორნაირად მინდა, ეს პროცესი ავხსნა. ერთი, როდესაც სიყვარულს მსხვერპლშეწირვას ვეძახით. მინდა, რომ ეს ორი რამ კატეგორიულად გავმიჯნო. სიყვარული მსხვერპლშეწირვა კი არ არის, თავის უპირობო მიძღვნაა. როგორც კი ამას მსხვერპლშეწირვას ეძახი, ესე იგი, შენი თავი მსხვერპლი გგონია - სადაა ბედნიერება? მაგრამ, თუკი შენ ამას უპირობო მიძღვნას ეძახი, ეს უკვე სიყვარულია და ხვდები, რომ ამ მიძღვნით ხარ ბედნიერი. ერთნი ხართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი კომუნიკაცია, ურთიერთობაა. პირობითად, საღამოს ადამიანი დაღლილი მოვიდა, ცუდ ხასიათზეა - არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ კომუნიკაცია და ურჩევნიათ, თავი დაანებოთ. მაგრამ, არის ასეთი თეორია, რომ სიყვარულს თავისი ენა აქვს. ეს ენა სხვადასხვაა. წყვილები ძალიან ხშირად სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. ადამიანებმა უნდა ისწავლონ, რა ენაზე ესაუბრონ თავიანთ მეწყვილეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. უკვე 32 წელია, მე და ჩემი მეუღლე ქორწინებაში ვართ. ეს იყო ეიფორია და შეყვარებულობა, რამაც ჩემი ოჯახი შექმნა. თუმცა, შემდგომ უკვე ერთმანეთის ამოცნობა ვისწავლეთ. არ არის აუცილებელი, წყვილში ყველაფერი იდენტური იყოს, ერთნაირი რაღაცები უყვარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ყველას თავისი გზა ჰქონდეს, ერთმანეთს ემოციურად ვზრდით, ვავსებთ და ხელს ვუწყობთ. ძალიან ხშირად მითქვამს, რომ მე და ჩემმა მეუღლემ გავზარდეთ ერთმანეთი, გავზარდეთ ჩვენი შვილები, შევქმენით ის ადამიანები, ვინც დღეს ვართ და ამიტომ, ყველა წარმატება, რომელსაც ვაღწევთ, არის ბედნიერება, იმიტომ, რომ მთავარს - ერთმანეთს არ ვკარგავთ.