რაც ამ უგუნურობას შედეგად მოჰყვება, ის ყველაფერი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების კისერზე იყოს დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია მეგრული "დედაენის" შესახებ, რომელიც გალის სკოლებში უნდა შეიტანონ. ინფორმაცია რადიო "აფხაზეთის ხმის" ვებგვერდიდან თავის კედელზე გაავრცელა ბატონმა ლევან ღვინჯილიამ და საკუთარი კომენტარიც დაურთო: "რაც ამ უგუნურობას შედეგად მოჰყვება, ის ყველაფერი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების კისერზე იყოს.
იწყება ჯერაც ვერშემდგარი ერის სამუდამოდ დაშლისა და განადგურების მიზანმიმართული პროცესი".
იმის შესახებ, რომ გალის აფხაზური ადმინისტრაცია გალის ქართულ სკოლებში მეგრული "დედაენის" შეტანას აპირებდა, ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ახალგაზრდა ინტელექტუალების ვებგვერდმა "ლაზარემ" კი ექსკლუზიურად გამოაქვეყნა წიგნის ფოტოები.
"ლაზარეს" ინფორმაციიდან და ფოტოებიდან ირკვევა, რომ წიგნი 500 ცალი ტირაჟით დაიბეჭდა, მისი ავტორი და შემდგენელი ნარგიზა ბასარიაა, რომლის ბიოგრაფია წიგნის უკანა ყდაზე მეგრულად და რუსულადაა დატანილი.
წიგნში ქართული დამწერლობით დაწერილი მეგრული სიტყვების თარგმანი რუსული და ინგლისურია. როგორც ვარაუდობენ, ეს წიგნი სავალდებულო გახდება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. სავარაუდო, საპილოტე პროექტი სწორედ გალის ქართულ სკოლებში ჩატარდება.
ბატონი ლევანის კედელზე ინფორმაციის გავრცელებას ბევრი კომენტარი და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთ-ერთი, ვინც წამოწყებას დაეთანხმა, იყო საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია: "ამ წიგნს და სვანურ ენას თუ დანარჩენ საქართველოშიც შემოიღებენ კარგს იზამენ, კარგს და აუცილებელს, მე რომ მეგრული თითქმის არ ვიცი, კარგს არაფერს ნიშნავს და მოეშვით ენაში სეპარატიზმის დანახვას, მეგრელები ყოველთვის იყვნენ ერთიანი საქართველოს ბიძგის მიმცემი, დადიანს მეფობაზე პრეტენზია არასდროს განუცხადებია, მაშინაც კი, როდესაც ლევან დადიანის ზეობის ხანაში იმერეთის მეფეც კი კრძალვით ერიდებოდა მას. და ამის შემდეგ აფხაზებს და ოსებს ვერც ეკონომიკით და ვერც ევროპიზაციით ვერ მოვხიბლავთ."