72 დღე ჯოჯოხეთში - ავიაკატასტროფა, რომელმაც 29 ადამიანი შეიწირა და გადარჩენილები კანიბალებად აქცია - მშობლები

72 დღე ჯოჯოხეთში - ავიაკატასტროფა, რომელმაც 29 ადამიანი შეიწირა და გადარჩენილები კანიბალებად აქცია

2023-10-19 12:19:09+04:00

1972 წლის 13 ოქტომბერს ანდებში ავიაკატასტროფა მოხდა, რომლის შესახებაც 10-ზე მეტი დოკუმენტური და მხატვრული ფილმი გადაიღეს. კატასტროფას 16 ადამიანი გადაურჩა. მათგან 5-მა კი ავტობიოგრაფია დაწერა და შემთხვევის შესახებ წარმოუდგენელი დეტალები გაიხსენა.

ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილებმა 72 ჯოჯოხეთური დღე ანდებში გაატარეს. თავდაპირველად, მრავალი წლის განმავლობაში ისინი არ საუბრობდნენ, რისი გაკეთება მოუწიათ, რომ გადარჩენილიყვნენ, თუმცა შემდეგ ალაპარაკდნენ...

2-1697703702.png

ერთ-ერთმა გადარჩენილმა, რობერტო კანესამ, 1995 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არსებობდა ბედისწერის განსაკუთრებული ნიშნები, რომლებიც მიანიშნებდა, რომ ფრენა უნდა გადაედოთ. თუმცა, არავის უფიქრია, რომ თავს ამხელა უბედურება დაატყდებოდათ...

1955 წელს ურუგვაის ქალაქ მონტევიდეოში ვაჟთა პირველი კათოლიკური სკოლა დაარსდა. ხუთი წლის შემდეგ ირლანდიური სამონასტრო თემის წევრებმა, ძველმა ქრისტიანებმა, რაგბის კლუბი შექმნეს, რომელშიც დაწესებულების სტუდენტები შედიოდნენ. თვლიდნენ, რომ რაგბი მამაკაცის სულისკვეთებას განსაკუთრებით აძლიერებდა, ამიტომაც შესაბამისი კლუბი ჩამოაყალიბეს.

ახალგაზრდებმა სპორტში მალევე მიაღწიეს წარმატებას. კლუბი ჯერ ქალაქის პირველ გუნდად გადაიქცა, შემდეგ კი ეროვნული ჩემპიონი გახდა. 1970 წელს კი უკვე აქტიურად საუბრობდნენ მეზობელ ქვეყნებში საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაზე, ბიჭებსაც უნდოდათ, საკუთარი შესაძლებლობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოესინჯათ. ამიტომ, როდესაც ჩილედან სანტიაგოში ამხანაგურ მატჩში მიიწვიეს, სიამოვნებით დასთანხმდნენ. კლუბს დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონია, ამიტომაც სამხედრო თვითმფრინავის დაქირავება გადაწყვიტეს, რომელიც უფრო იაფი ჯდებოდა. მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მორაგბეები შეხვედრისთვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ. თვითმფრინავი 45-ადგილიანი იყო. ამხანაგურ მატჩზე მორაგბეთა 35-კაციანი გუნდი მიემგზავრებოდა. რაკი ადგილები იყო, მათ თან 2 გოგონა და 8 მეგობარი წაიყვანეს.

თუმცა, ფრენის დღეს უამინდობა იყო. შტორმის ფონზე კი ეკიპაჟის წევრებს არგენტინაში დაშვება მოუწიათ. ერთი ღამე იქ გაათიეს, თუმცა ქარი ჩადგომას არ აპირებდა. პილოტი მგზავრებს მოუწოდებდა, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ და სიცოცხლის რისკის ფასად მატჩში მონაწილეობა არ იყო ასეთი აუცილებელი. როგორც მოგვიანებით გადარჩენილებმა გაიხსენეს, პილოტთან 19 წლის რობერტო კანესა მივიდა, რომელმაც ირონიულად იკითხა: "თქვენ რა, მშიშრები ხართ?" პილოტმა, 40 წლის ხულიო ფერალასმა კი ბიჭებს უპასუხა: "ახალგაზრდებო, გინდათ ხვალ თქვენმა მშობლებმა გაზეთებში წაიკითხონ, რომ 45-კაციანი თვითმფრინავი უამინდობის გამო ჩამოვარდა?" კანესას ეს სიტყვები შემდეგ სამუდამოდ დაამახსოვრდა...

3-1697703724.jpg
რობერტო კანესა

ეკიპაჟის მოთხოვნით, პილოტმა ფრენა განაგრძო. ფრენის პირველი საათი გეგმის მიხედვით წარიმართა, შემდეგ კი თვითმფრინავმა მოულოდნელად რყევა დაიწყო. ის ციკლონში მოხვდა. პილოტების სიმარჯვის გამო, თვითმფრინავი მთის მწვერვალს პირდაპირ არ შესჯახებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ადგილზედაიღუპებოდა. ფრთა ციცაბო კლეს გამოედო, პილოტებმა კონტროლი დაკარგეს და თვითმფრინავი ჩამოვარდა. 10-ზე მეტი მგზავრი მაშინვე გარდაიცვალა. დანარჩენებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს.

"ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, სახე მომპარეს. სიცივეში გამეღვიძა და ირგვლივ სიჩუმე იყო. სახეზე ხელი მოვისვი და ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ცოცხალი გადავრჩი." - თქვა ერთ-ერთმა გადარჩენილმა, ნანდო პარადომ. ბიჭი სასწაულებრივად გადარჩა. მან ავიაკატასტროფამდე თანაგუნდელს ადგილი გაუცვალა. თვითმფრინავის ჩამოვარდნისას კი ზუსტად ის მხარე დაზიანდა ყველაზე მეტად, სადაც ნანდო უნდა მჯდარიყო, მაგრამ მისი მეგობარი დაჯდა. ბიჭი ადგილზე დაიღუპა. ეკიპაჟის ექიმიც დაიღუპა, ამიტომ დაშავებულებზე მეთვალყურეობა სამედიცინო სკოლის გადარჩენილმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს. ზოგიერთი მალევე დაიღუპა.

5-1697703753..jpg

დაჭრილებს არც საკვები ჰქონდათ, არც მედიკამენტები, ტემპერატურა კი სულ უფრო მეტად ეცემოდა. ამავდროულად, გადარჩენილებმა გაიგეს, რომ მათ ეძებდნენ, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მეორე პილოტმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე კოორდინატები არასწორად გადასცა და მათ სხვა მხარეს ეძებდნენ. იმის გააზრება, რომ გადარჩენილები შესაძლოა, შიმშილითა და სიცივით დაღუპულიყვნენ, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა.

"მხოლოდ სიზმრები მამშვიდებდა. დეპრესია, რომელსაც ყოველი გაღვიძების დროს ვგრძნობდი, სულ უფრო ანადგურებდა ჩემს ფსიქიკას. იმისათვის, რომ არ გავგიჟებულიყავი, ახლობლებზე ფიქრი საერთოდ შევწყვიტე." - თქვა ჟურნალისტმა ალფრედო დელგადომ, რომელიც აღნიშნულ რეისზე იმყოფებოდა.

მესამე დღეს ჰორიზონტზე მაშველი თვითმფრინავი გამოჩნდა. თუმცა, თვითმფრინავის ნარჩენები თოვლით იყო დაფარული და ვერ შენიშნეს. გადარჩენილებს ერთმანეთზე ჩახუტებულებს ეძინათ, მაგრამ დილით ხელები და ფეხები მაინც მოყინული ჰქონდათ.

7 დღის შემდეგ ისედაც მწირი საკვები ამოიწურა... რადიო, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობდა, აცხადებდა, რომ თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები დასრულდა, რადგან მის კვალს ვერ მიაკვლიეს. გადარჩენილები სასოწარკვეთილები იყვნენ. მე-13 დღეს ერთ-ერთმა გადარჩენილმა ჩურჩულით თქვა, რომ მიცვალებულების ცხედრების შეჭმა მოუწევდათ... თვითმფრინავში თითქმის ყველა კათოლიკე იყო; ამის გაკეთება უფლის წინააღმდეგ წასვლა იქნებოდა. მაგრამ სხვაგვარად გადარჩენა აღარ შეეძლოთ.

"ადამიანების ხორცის ჭამა ადვილი არ არის. გონება უნდა აიძულო, რომ ეს გააკეთო. ჯერ პირის გაღება, შემდეგ კი გადაყლაპვა იყო ძალიან რთული." - გაიხსენა ხოსე ლუისინსიარტემ.

6-1697703769.png

მე-14 დღეს გადარჩენილები შეთანხმდნენ, რომ ვინც უახლოეს მომავალში გარდაიცვლებოდა, მას აირჩევდნენ მსხვერპლად. მე-15 დღეს კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდათ თავს. ზვავი ჩამოწვა და ამ ფაქტმა გადარჩენილების მორალი მთლიანად შეარყია...

12 დეკემბერს ნანდო პარადომ, ანტონიო ვისინტინიმ და რობერტო კანესამ გადაწყვიტეს, ჩილესკენ ფეხით დაძრულიყვნენ. ორი დღის შემდეგ ვისინტინი უკან დაბრუნდა, პარადომ და კანესამ 9 დღე ფეხით იარეს. მოგზაურობის მე-10 დღეს ისინი მწყემსს, სერხიო კატალანს შეხვდნენ, რომელმაც დაკარგულების შესახებ ადგილობრივებს აცნობა. 22 დეკემბერს მათ გადასარჩენად თვითმფრინავი გაუშვეს. მაშველები რომ მივიდნენ, ადგილზე გათანგული, გაუბედურები, ლამის ჩონჩხად ქცეული ადამიანები დაინახეს. თვითმფრინავს ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ სწორედ ორმა გადარჩენილმა შეატყობინა. ავიაკატასტროფას 45 მგზავრიდან საბოლოოდ 16 გადაურჩა.

ამბავმა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. გაზეთებში კანიბალიზმის შესახებ აქტიურად იწერებოდა. გადარჩენილებს საშინელი კოშმარები აწუხებდათ. სიცილს, ბედნიერებას ვეღარ ახერხებდნენ და არ იცოდნენ, როგორ უნდა დამტკბარიყვნენ ცხოვრებით...

თუმცა თანდათან ისინი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ზოგი სპორტში დარჩა, ზოგი კი მედიცინის მიმართულებით წავიდა.

2012 წელს ურუგვაის ნაკრების გადარჩენილი წევრები სანტიაგოში სათამაშოდ ჩავიდნენ და Old Boys-ის კლუბთან შეხვედრა გამართეს. მატჩი 0:0 დასრულდა.

როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის - შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა