მსახიობების კოტე თოლორდავასა და მარიამ ჯოლოგუას ვაჟი ბუკა თოლორდავა ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, თუმცა 23 წლის მსახიობი ხშირად არ გვათამამებს ინტერვიუებით. ამჯერად ჩვენი ინტერვიუ ცნობილი მშობლების შესახებ საუბრით დაიწყო:
- 23 წლის ვარ, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ამჟამად დაკავებული ვარ 2 სპექტაკლში. ასევე ვმონაწილეობ სერიალში "ცვალებადი ნიშნები", რომლის გადაღება მალე განახლდება.
ჩემი მშობლები 19 და 20 წლისანი იყვნენ, მე რომ დავიბადე. პირველი შვილიშვილი ვიყავი ორივე ბებია-ბაბუისთვის. მათაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს აღზრდაში. არასდროს გამოუჩენიათ დიდი სიმკაცრე, მაგრამ არც ის მომენტი ჰქონია არც ერთს, რომ მეტისმეტად გავეთამამებინე. თავიდანვე მიმაჩვიეს, რომ ყველაფერი ნაჩუქარი არ უნდა იყოს ცხოვრებაში. ახლა უფრო მესმის რაღაცების ფასი, სწორედ მათი აღზრდიდან გამომდინარე... ბავშვობიდან დედ-მამის სპექტაკლებს ვესწრებოდი.
- თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ, რომ კულისებში გაიზარდეთ.
- კი. თუმცა თავიდან კატეგორიულად არ მინდოდა ამ გზით წასვლა. უკვე თინეიჯერობაში თეატრალურ სტუდიაში მოვსინჯე ძალა და იმდენად მომეწონა, რომ იტყვიან, თევზი წყალშიო, ისე ვიგრძენი თავი და მომინდა მსახიობის პროფესიისთვის მიმეძღვნა ცხოვრება.
- რაც უფრო მეტ დეტალს ეცნობი პროფესიაში, ალბათ, მშობლების სპექტაკლებსა და როლებს უფრო სხვა თვალით აფასებ...
- მე გამოცდილებასთან ერთად უკეთეს მაყურებლადაც ჩამოვყალიბდი, თან გამიმართლა, რომ თეატრში ისეთი ადამიანები შემხვდნენ, ვისგანაც დიდი ცოდნა მივიღე. აქედან გამომდინარე, ვრწმუნდები, რომ ორივე ძალიან კარგი მსახიობია. ადრეულ ბავშვობაში უფრო აღფრთოვანებას გამოვხატავდი მათ სცენაზე ხილვისას, ახლა ობიექტურად შემიძლია ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი მსახიობების შვილი ვარ.
- როგორც მსახიობი, მანერულად უფრო რომელს ჰგავხარ?
- მგონი, არც ერთს.
- გარეგნობით ძალიან ჰგავხარ მამას...
- კი, განსაკუთრებით ჩემხელა რომ იყო, როცა ფოტოებს ვათვალიერებ, მართლაც დიდი მსგავსებაა.
- ბევრი როლი აქვს შესრულებული კოტეს, მაგრამ განსაკუთრებული იყო "ჩემი ცოლის დაქალებში" დიტო.
- დიტო დღემდე ძალიან პოპულარული პერსონაჟია, რაც ისევ იმაზე მეტყველებს, რომ მამაჩემი მართლაც ძალიან კარგი მსახიობი იყო. მიხარია, რომ ხალხის ამხელა სიყვარული მოიპოვა ამ როლით, რომელიც მგონია, რომ მისი შესაძლებლობების მქონე მსახიობისთვის უმარტივესი შესასრულებელი იყო.