ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
"ისრაელ-პალესტინის პრობლემის ნარკოლოგიური ასპექტები
1961 წელს, როდესაც გერმანელი მასწავლებელები ძალიან შეწუხდნენ ზედმეტად ცელქი, „ჰიპერკინეტიკური“ ბავშვებით, ანუ იმ პრობლემით, რასაც ამჟამად „ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის მოშლილობას“ უწოდებენ, გერმანელმა ფარმაკოლოგებმა შექმნეს წამალი - ფენეტილენი. ფენეტილენი ამფეტამინისა და თეოფილინის ქიმიური კომბინაციაა და მოგვიანებით დეპრესიისა და ნარკოლეფსიის სამკურნალოდაც იყენებდნენ. ფენეტილენი გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტებისათვისაც უსაფრთხო იყო, რადგან ამფეტამინისაგან განსხვავებით არ იწვევს მკვეთრ არტერიულ ჰიპერტენზიას, ანუ წნევის გაზრდას.
ამერიკელები ცოტა სკეპტიკურად განეწყვნენ ამ წამლის მიმართ და FDA-მ არ გასცა ნებართვა; თუმცა, ამის მიუხედავად, ერთი პერიოდი ევროპელი და ამერიკელი ექიმები საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში.1981 წელს ამერიკამ ფენეტილენი პირველი ხარისხის კონტროლირებადი ნივთიერებების სიაში ჩასვა და სულ მალე, 1986 წელს WHO-მ ოფიციალურად გამოაცხადა მძლავრ ფსიქოტროპულ საშუალებად და მისი წარმოება, შეძენა და გამოყენება არალეგალური გახდა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში.განვითარებულმა სამყარომ მალე დაივიწყა ფენეტილენი, რადგან გაიაზრა, რომ მისგან მიღებული ზიანი ბევრად აღემატებოდა სარგებელს. სამაგიეროდ, ფენეტილენით არაჯანსაღად დაინტერესდნენ ახლო აღმოსავლეთის არაბული ქვეყნები. მუსულმანური სამყაროს ნარკო-სამყარომ ფენეტილენი „ღარიბების კოკაინად“ მონათლა. გერმანული გენიალობით შექმნილი მარტივი წარმოების პრეპარატი ადვილი დასამზადებელია კუსტარულ საწარმოებში და ფასიც შესაბამისი აქვს, რამდენიმე დოლარად იყიდება თითო ტაბლეტი. ასე „შეჯდა“ კაპტაგონზე მთელი ახლო აღმოსავლეთი.
ფენეტილენის „ახალი სიცოცხლე“ ISIS-ის ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო.ცხადია ტერორისტებს დეპრესიის მკურნალობა ნაკლებ აინტერესებდათ, მაგრამ მათ შეიტყვეს, რომ ფენეტილენი (ბრენდული სახელწოდებით „კაპტაგონი“) ეიფორიასთან ერთად იწვევს არაბუნებრივ სიმშვიდეს და განურჩევლობას, სრულიად აქრობს შიმშილისა და შიშის შეგრძნებას და ამავე დროს გონებას უნარჩუნებს აღმატებულ სიფხიზლესა და გამჭრიახობას. ISIS-მა დაიწყო კაპტაგონის მასიური წარმოება და სულ მალე აქცია ძალიან შემოსავლიან ბიზნესად. სწორედ კაპტაგონის დამსახურება იყო ISIS-ის ტერორისტების არაადამიანური სისასტიკე და ინდიფერენტულობა, არაბუნებრივი გამძლეობა და სიმამაცე.
როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ISIS-ის ხალიფატი პირწმინდად გაანადგურა, ასადმა გადაწყვიტა, „ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო“ და სირიელებმა, რუსების მხარდაჭერით, კაპტაგონის წარმოების მონოპოლიზაცია მოახდინეს. 2022 წელს ასადის რეჟიმმა კაპტაგონის გაყიდვებით მიიღო 57 მილიარდი დოლარი, რაც 3-ჯერ აღემატება ყველა მექსიკური ნარკო-კარტელის ერთობლივ შემოსავალს. კაპტაგონი იყიდება ყველა მუსულმანურ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთშიც და საუდის არაბეთშიც. კაპტაგონს იყენებს აბსოლუტურად ყველა მუსულმანური ტერორისტული ორგანიზაცია საკუთარი მებრძოლების მოსამზადებლად, მათ შორის "ჰეზბოლაც". სხვათა შორის, სირიასთან ერთად ლიბანი წარმოადგენს კაპტაგონის არალეგალური წარმოება/ვაჭრობის მეორე მნიშვნელოვან ცენტრს.
2023 წლის 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან შემოცვენილი „ჰამასის“ დახოცილ ტერორისტებს ისრაელის სპეც-რაზმებმა ჯიბეებში დიდი რაოდენობით კაპტაგონი აღმოუჩინეს, რამაც გასაგები და ლოგიკური გახადა მათი არაადამიანური სისასტიკეც და თავზეხელაღებულობაც.
"მოსადის" მონაცემებით, ისრაელში შემოსული კაპტაგონის წარმოება "სამხრეთ ევროპაში" ხდება და შემდეგ თურქეთის გავლით შემოდის ქვეყანაში.ლიბანელი და სირიელი ექიმების განცხადებების თანახმად, ტერორისტებთან ერთად კაპტაგონს კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანებიც იყენებენ, რადგან წამლისგან მოგვრილ ეიფორიასთან (კაიფი) ერთად ისინი ახერხებენ ენერგიის შენარჩუნებას ჭამისა და ძილის გარეშე. ასევე "მოსადის" მონაცემებით, ღაზას სექტორის მაცხოვრებლები დიდი რაოდენობით მოიხმარენ ამ წამალს. შესაბამისად, გასაგები ხდება ეგზალტირებული მიტინგების წარმართვის "ხელოვნებაც".ასე იქცა სრულიად უწყინარი მიზეზით შექმნილი მედიკამენტი საზარელ ფსიქოტროპულ იარაღად. როგორც ამბობენ, ISIS-ის ტერორისტები თავიანთ მსხვერპლს თავის მოკვეთის ცერემონიის გადაღების წინ სწორედ კაპტაგონით აბრუებდნენ, რაც შიშის დამბლასთან ერთად ლოგიკურად ხსნის მათ არაადამიანურ სიმშვიდესა და განურჩევლობას.
აი, რა მოაქვს კაცობრიობისათვის ასადის სირიას და მათ უკან მდგომ რუსებს და რატომ არის ეს უბოროტესი ქვეყანა ძალიან საშიში კიდევ ერთი ასპექტით".