ლოს-ანჯელესის მაცხოვრებლები ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით საკმაოდ შეშფოთებულები და შეშინებულები არიან. რამდენიმე დღის ინტერვალით ორი ახალგაზრდა შავკანიანი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. მათი სიკვდილი კი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.
31 წლის მოდელი მალისა მუნი საკუთარ ბინაში, მაცივარში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწეოდა, იყო მოდელი და უძრავი ქონების აგენტადაც მუშაობდა. ქალაქის ცენტრში ბინა ჰქონდა ნაქირავები.
სახლში გადასვლიდან პირველ კვირებში, თითქოს, ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ, მოულოდნელად გოგონამ ყველასთან კომუნიკაცია გაწყვიტა და აღარსად ჩანდა. ახლობლები შეშფოთებულები იყვნენ, ამიტომაც პოლიციაში დარეკეს და სთხოვეს, გოგონას სახლი შეემოწმებინათ. ადგილზე მისულ პოლიციას საშინელი სურათი დახვდა... იატაკი სისხლით იყო მოსვრილი, ნივთები აქეთ-იქით ეყარა, თავად გოგონა კი "მაცივარში შეუსვამთ".
ახალგაზრდა მოდელს ხელები და ფეხები თოკით შეკრული, პირი კი ახვეული ჰქონდა. სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ტერფები დამტვრეული ჰქონდა და დახრჩობის მცდელობის ნიშნებიც ეტყობოდა.
სამართალდამცავები ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობენ, რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახლის შემტვრევის, ან იქ ფარულად შესვლის ნიშნები არ იკვეთება. სავარაუდოდ, მალისამ დამნაშავეს თავად გაუღო კარი.
კიდევ უფრო გასაოცარი ის იყო, რომ გოგონას სხეულში ნარკოტიკული საშუალებების კვალი აღმოჩნდა. ტოქსიკოლოგის ამ დასკვნამ ახალგაზრდა მოდელის ახლობლები შოკში ჩააგდო, რადგანაც მალისა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, ძალიან მხიარული და თბილი ოჯახი ჰყავდა და ასევე, შვილს ელოდებოდა - მოდელი 10 კვირის ორსული იყო.
მუნის მეგობარ მამაკაცს, რომლისგანაც შვილს ელოდებოდა, არ სჯერა, რომ გოგონა ნარკოტიკულ საშუალებას საკუთარი ნებით მიიღებდა. მამაკაცი ფიქრობს, რომ მალისას ის ძალით გამოაყენებინეს.
გოგონას ცხედარი დასახიჩრებული იყო. ქალაქის პოლიცია გამოძიებას აგრძელებს, თუმცა, როგორც ცნობილია, ამ დრომდე ეჭვმიტანილი არ ჰყავთ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ქალაქში მანიაკი გამოჩნდა, რომელიც გოგონებს ჯერ წამლავს, შემდეგ კი მათ სასტიკად კლავს.
შიშის საფუძველს ამყარებს ისიც, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იმავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი შავკანიანი მოდელი გარდაიცვალა. პოლიციამ 32 წლის ნიკოლ კოუტსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახა. მისი ცხედარიც დასახიჩრებული იყო და ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს.
დეტექტივები ამბობენ, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთს არ უკავშირდება, თუმცა მოსახლეობა შეშინებულია და სწრაფ გამოძიებას ითხოვს.