სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე ხდება ცნობილი - ამის შესახებ ინფორმაციას ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ.
აღსანიშნავია, რომ თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება.
თუმცა, აღნიშნული წესი შინ სწავლების რეჟიმზე არ ვრცელდება.
შინ სწავლების რეჟიმი გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისაც.
როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, შინ სწავლების რეჟიმი მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება აირჩიოს მშობელმა. სხვა ტიპის გამონაკლისს კანონმდებლობა არ ცნობს.
აღსანიშნავია, რომ შინ სწავლება ზოგიერთ უცხოურ სკოლაში საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა შტატში შინ სწავლებასთან დაკავშირებით განსხვავებული წესები მოქმედებს. ზოგან აუცილებელია, მოსწავლე დადგენილ სასწავლო გეგმას მიჰყვეს და შესაბამისი ტესტებიც ჩააბაროს, ზოგან კი საკმარისია, მშობელმა შინ სწავლის მიზანი დაასაბუთოს, სხვა შემთხვევებში განათლების სისტემა პროცესის მიმდინარეობაში აღარ ერევა. ამავდროულად, არის შემთხვევები, როდესაც საშინაო სკოლის მოსწავლეების ოჯახები ხშირად მეგობრდებიან, ბავშვებს ერთმანეთთან კომუნიკაციის, მეგობრობის შესაძლებლობა აქვთ და ერთობლივ საგანმანათლებლო საქმიანობაში ერთვებიან.
შინ სწავლების რეჟიმი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც საკმაოდ პოპულარულია და განსხვავებულ წესებს ითვალისწინებს. ზოგან აუცილებელია, მშობელს სკოლასთან პარალელური კომუნიკაცია ჰქონდეს, მოსწავლემ სხვადასხვა ტესტი და გამოცდა ჩააბაროს, ზოგან კი ამ პროცესში აბსოლუტურად თავისუფლები არიან და თავად განსაზღვრავენ, რა მიმართულებით მისცენ შვილს განათლება.
ერთ-ერთი მშობელი, რომლის შვილებმაც სკოლა საქართველოში დაამთავრეს, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
"სამი შვილი მყავს. სულ მეგონა, რომ მე ვასწავლიდი, მე ვზრდიდი, მე ვიყავი მათთვის გზის მაჩვენებელი, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა: მათ დამიმსხვრიეს ყველა სტერეოტიპი, რაც კი აქამდე მქონდა და ჩემში ახალი ადამიანი ჩამოაყალიბეს, ახალი ხედვით და ახალი აზრებით. ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: სულ მეგონა, რომ კარგი მოსწავლე იმას ერქვა, ვინც ყველა გაკვეთილს დაესწრებოდა, სულ უმაღლეს შეფასებებს მიიღებდა სკოლაში და ყველაზე საუკეთესო იქნებოდა კლასში აკადემიური მოსწრებით. ჩემმა შვილებმა დამარწმუნეს, რომ შეიძლება ამ ყველაფრის გარეშეც მიიღო კარგი განათლება და თუნდაც მასწავლებლების რისხვა დაიმსახურო გაცდენების გამო, ბოლოს მაინც შეძლო სკოლის წარმატებით დამთავრება და ყოველგვარი მომზადების გარეშე უმაღლესი ქულებით სტუდენტიც გახდე.
უფროსი მაინც პირველი იყო და ბოლო წელს ვთხოვე, ცოტა ხნით ევლო მასწავლებლებთან, მეშინოდა, რამე არ დამეკლო ბავშვისთვის, მაგრამ ახლა ვხვდები, სულ ზედმეტი იყო ჩემი სიფთხილე.
შუათანას და უმცროსს ბოლო 3 წელი არ უვლიათ სკოლაში, ექსტერნებით გადადიოდნენ კლასიდან კლასში და, მერე წარმატებით აბარებდნენ საატესტატო გამოცდებს. არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ არც ერთი არ მიტარებია წლობით მასწავლებლებთან სხვადასხვა საგანში, თავისით გავიდნენ ეროვნულ გამოცდებზე და უმაღლესი შეფასებები მიიღეს.“ - ამბობს ის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება.
თამარ იაკობაშვილი