დაბალ თვითშეფასებას ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა პრობლემა მოაქვს. ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს არ აფასებენ, ურთიერთობებში, კომუნიკაციაში, სამსახურში ხშირად ექმნებათ დაბრკოლებები და ბედნიერად ცხოვრებას ვეღარ ახერხებენ. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს. დაბალი თვითშეფასებისა და კომპლექსების ჩამოყალიბებაზე კი გარემო, აღზრდა, ახლობლების დამოკიდებულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
თვითშეფასება არის ის, თუ როგორ აფასებ საკუთარ თავს, როგორ ხედავ შენს შესაძლებლობებს, მიღწევებს, თვისებებს, მოქმედებებს. ჯანსაღი თვითშეფასების პირობებში საკუთარი პირადი საზღვრების დაცვა, გარკვეული წესებისა და მოთხოვნების დაყენება მარტივადაა შესაძლებელი. ადამიანებმა, როგორც წესი, ზუსტად იციან, რა სურთ რომანტიკულ, თუ საქმიან ურთიერთობებში, ხმამაღლა ამბობენ იმის შესახებ, რაც არ მოსწონთ და რის გაუმჯობესებასაც ისურვებდნენ.
ადამიანებს, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ, ჰგონიათ, რომ იმ მდგომარეობაზე უკეთესს, რომელშიც არიან, არ იმსახურებენ. ეშინიათ საკუთარი აზრის გამოხატვის და სხვისი სურვილების შესრულებას ადვილად თანხმდებიან. ეჩვევიან იმას, რომ სულ სხვები უნდა გაითვალისწინონ და საკუთარი სურვილები დათრგუნონ.
სპეციალისტების თქმით, თვითშეფასება ბავშვობაში ყალიბდება. მის ფორმირებაზე მშობლები, მასწავლებლები, თანატოლები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. თუ უფროსები ბავშვებს მუდმივად ამცირებენ, ეუბნებიან, რომ მისგან არაფერი გამოვა, „უნიჭოს“ უწოდებენ, განსაკუთრებულ პრობლემას უქმნიან.
თუმცა, კარგი ის არის, რომ ამ პრობლემას ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია ვებრძოლოთ და საკუთარი თავის განვითარებაზე ვიზრუნოთ. მთავარია, გავაცნობიეროთ, რომ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს სათანადოდ არ ვაფასებთ და სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ მარტივად ვექცევით. გაგიზიარებთ 5 მნიშვნელოვან ნიშანს, რომლებითაც შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ დაბალი თვითშეფასება გაქვთ და ამ კუთხით, მუშაობა გჭირდებათ.
ყველაფერში სხვების ცქერის და სხვებთან შედარების ჩვევა ბავშვობიდან მოდის. შესაძლოა, მშობლები მუდმივად გადარებდნენ სხვა ბავშვებს, გეუბნებოდნენ, რომ თქვენი თანაკლასელი, მეზობელი, მეგობარი თქვენზე ყოჩაღია, მას უკეთესად გამოსდის რაღაცები, უფრო კარგად წერს და კითხულობს.
სპეციალისტების თქმით, ამას მშობლები ხშირად უწყინარი მიზეზით აკეთებენ. სურთ, რომ თავიანთი შვილი დააფიქრონ და წინსვლისთვის წაახალისონ. თუმცა, უკუშედეგს იღებენ. მუდმივად სხვებთან შედარება უამრავ კომპლექსს აყალიბებს და ბავშვს აფიქრებინებს, რომ საკმარისად კარგი არ არის, რომ არც მომავალში გამოუვა რამე.
ამიტომ, ამ საკითხზე დაფიქრება აუცილებელია. სხვასთან თავის შედარება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ცუდი არ არის. შესაძლოა, ადამიანში რაიმე თვისება, უნარი განსაკუთრებით მოგწონდეთ და თქვენც გინდოდეთ, იმავეს განვითარება. ეს კი მოტივაციად აქციოთ. მაგრამ, ის, რომ მუდმივად იმაზე იფიქროთ, რომ სხვა გაჯობებთ, სხვა უკეთესი იქნება, მნიშვნელოვნად დაგაზარალებთ. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და სხვადასხვა მიმართულებითაა უნიკალური.
თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს თავს მუდმივად სხვა ადამიანებს ადარებთ და მათთან შედარებით ზომავთ წარმატებას, ეს ნიშნავს, რომ თვითშეფასებასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ და ამაზე უნდა იმუშაოთ.
თუ ცდილობთ, რომ ყველას ასიამოვნოთ, არავის აწყენინოთ, ყველას აზრი და სურვილი გაითვალისწინოთ, ეს ნიშნავს, რომ დაბალი თვითშეფასება გაქვთ. თუ შეგიძლიათ, საათობით უსმინოთ იმ საუბარს, რომელიც არ გაინტერესებთ და არაფერში გჭირდებათ, ან აკეთებთ იმას, რაც არ გსიამოვნებთ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ დროსა და სურვილებს პატივს არ სცემთ, არ გსურთ სხვისი განაწყენება და ემოციურად თავად ზარალდებით.
თუკი თქვენი პოზიციის გამოხატვა ძალიან გიჭირთ და აზრის დაფიქსირების გეშინიათ, გრცხვენიათ იმ საქმეზე უარის თქმის, რაც არ გევალებათ, მაგრამ სამსახურში მაინც გაკეთებინებენ, ვერ ამბობთ, რომ უფრო მაღალ ანაზღაურებას იმსახურებთ, ეს ნიშნავს, რომ დაბალი თვითშეფასება გაქვთ და თქვენი აზრის გამოხატვის გეშინიათ.
სპეციალისტები გირჩევენ, რომ პირველი ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგათ. თავდაპირველად, შესაძლოა, ეს განსაკუთრებით არაკომფორტული იყოს, მაგრამ დროდადრო მიეჩვევით, რომ არ დასთანხმდეთ იმას, რაც თქვენთვის არახელსაყრელია და მოითხოვოთ ის, რაც გეკუთვნით.
ჯანსაღი თვითკრიტიკა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ საკუთარი თავით გადამეტებული უკმაყოფილება შესაძლოა, დაბალი თვითშეფასების მაჩვენებელი იყოს. აღიარეთ წარმატებები, მოტივაცია მიეცით თქვენსავე თავს და წარსულში დატოვებული საქმეების გამო ნუღარ გადაწყვეტთ ტანჯვას.
თუკი იფიქრებთ, რომ თქვენმა თითოეულმა არასწორმა ნაბიჯმა მნიშვნელოვანი გაკვეთილი მოგიტანათ, შედეგის მიღება ბევრად უფრო მარტივი იქნება. წარსულზე მუდმივად დარდი, ფიქრი, სხვანაირად რომ მოქცეულიყავით, უფრო უკეთ იქნებოდით, სასიცოცხლო ენერგიას გართმევთ და ბედნიერად ცხოვრების უფლებას აღარ გაძლევთ.
თუ ყოველი გადაწყვეტილების წინ გაწუხებთ ფიქრი, რას იფიქრებენ ამაზე ნათესავები, მეზობლები, ახლობლები და ამის გამო თქვენს რეალურ სურვილებს უგულებელყოფთ, ეს ნიშნავს, რომ დაბალი თვითშეფასება გაქვთ.
მკაფიო ხედვა უნდა გქონდეთ და ამ გზაზე არავის მისცეთ უფლება, თქვენს შესაძლებლობებსა და უნარებში ეჭვი შეგატანინოთ.
თავად ახლობლებსა და მეზობლებზე უკეთ იცით, რა გჭირდებათ და ისიც შეუძლებელია, ყველა ადამიანს მოსწონდეთ. ამიტომ, ამაზე დაფიქრება აუცილებლად ღირს.
თვითშეფასებაზე მუშაობა რთული, მაგრამ აუცილებელია, რადგანაც ის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში გვეხმარება.