მშობიარობის შემდგომი დეპრესიული აშლილობა მხოლოდ ქალების პრობლემა არ ყოფილა.
პედიატრიის ამერიკული აკადემიის (AAP) დასკვნის მიხედვით, მამაკაცების 2-დან 25%-ს პარტნიორის ორსულობის ან ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს დეპრესია აღენიშნება. ეს მაჩვენებელი შეიძლება 50%-მდე გაიზარდოს, თუ ბავშვის დედაც პოსტსამშობიარო დეპრესიაშია.
ექსპერტებსთვის მაჩვენებლები შემაშფოთებლად ეჩვენებათ - ამით, პირველ რიგში, ბავშვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ექმნება საფრთხე, რადგან პატარები ძალიან მგრძნობიარენი არიან მოზრდილების ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიმართ.
ნებისმიერი მშობელი შეიძლება ჩავარდეს დეპრესიაში - და ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდი მშობელი ან წარუმატებელი ადამიანია. ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ სერიოზულ ცვლილებებს ცხოვრებაში მამაკაცებიც მწვავედ განიცდიან. მათ ახალი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, თავიანთ ახალ როლს აცნობიერებენ და უფრო მეტს შრომობენ, რადგან ბავშვიან ოჯახს მეტი რესურსი სჭირდება.
გარდა ამისა, ორსულობის, მშობიარობისა და ახალშობილის მოვლის დროს ხშირად ჩნდება ისეთი სიტუაციები, რომლებზეც ახალგაზრდა მამები ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ, ვერაფერს შველიან და ეს მათ გარკვეულწილად, უსუსურად აგრძნობინებს თავს.
მამაკაცი ასევე ხვდება, რომ კარგავს იმ ემოციურ სიახლოვეს, რომელიც ცოლთან ბავშვის დაბადებამდე ჰქონდა. ქალი მთლიანად ბავშვზეა ორიენტირებული, მამა კი მხოლოდ ახლა ირგებს ახალ როლს.
გარდა ამისა, მამებს ტავიანთი როლის გაცნობიერება უფრო უჭირთ, რადგან არ აქვთ დედობრივი ინსტინქტი, მათი კავშირი პატარასთან არც ისე ძლიერია, ყოველ შემთხვევაში, თავიდან.
მამაკაცებში დეპრესიის იდენტიფიცირება რთულია, რადგან მათ ურჩევნიათ თავიანთი გრძნობები დამალონ და მარტო დარჩნენ თავიანთ განცდებთან. მამები საკუთარ თავსაც არ უტყდებიან, რომ ფსიქოლოგიურად და ემოციურად უჭირთ. ეს კი მხოლოდ ამძიმებს სიტუაციას: ისინი შვებას ალკოჰოლში, ნარკოტიკებში ან რაიმე ექსტრემალურ გატაცებებში ეძებენ.
ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მამების დეპრესიული მდგომარეობა აუცილებლად აისახება ბავშვის განვითარებაზე. ერთ კვლევაში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მამის დეპრესია 3-5 წლის ბავშვებში ემოციური და ქცევითი პრობლემების უფრო მაღალ რისკთანაა დაკავშირებული. უახლესმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მამის დეპრესია წლების შემდეგ მათ თინეიჯერ ქალიშვილებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.
დეპრესიული მამების ადრეული იდენტიფიცირება დროულად მკურნალობას უზრუნველყოფს, რათა მამაკაცებმა თავი სრულფასოვნად იგრძნონ და ოჯახურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია დღეს ძალიან აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით ქალებში. მზრუნველი და ბავშვის აღზრდაში ჩართული მამა კი დედის დეპრესიის ცუდი შედეგებისგან პირველი დამცველი უნდა იყოს.
მამაკაცები ყოველთვის ღიად არ საუბრობენ თავიანთ გრძნობებზე, მაგრამ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენი ქმარი დეპრესიაშია. ასეთ დროს სასწრაფოდ მიმართეთ დახმარებას. ნუ დამალავთ პრობლემას და არ დაუშვათ, ჩუმად იტანჯოთ.