ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე გადაცემაში "იმედის დღე" სიზარმაცის შესახებ საუბრობს და ამბობს, რაში ეხმარება ეს თვისება ადამიანს:
- სიზარმაცეზე მაგარი რამ არ არსებობს. სიზარმაცე რომ არ ყოფილიყო, ვერ განვვითარდებოდით. დარვინი ხომ ამბობდა, რომ ოთხზე დავდიოდით. რომ დაგვეზარა ოთხზე სიარული, გადავწყვიტეთ, რომ ორ ფეხზე გვევლო. რომ დაგვეზარა ფეხით სიარული, ცხენი გავწვრთენით. რომ მივხვდით, რომ ცხენზეც დავიღალეთ და სხეული დაგვენგრა, ეტლი მოვიგონეთ. შემდეგ უკეთესი - მანქანა მოვიგონეთ. სიზარმაცე სიახლეებს აუცილებლად წაახალისებს. ებრაელების წმინდა წიგნში, თორაში პირდაპირ წერია, რომ ადამიანი, რომელიც არის ზარმაცი, სწორად ცხოვრობს. იმიტომ, რომ სიზარმაცის დროს უფრო მეტად ფიქრობს, როგორ იპოვოს გამოსავალი. ბეჯითი ადამიანი ცდილობს, რომ სულ დაკავებული იყოს და შეიძლება ისეთი რაღაცები აკეთოს, რაც საერთოდ არ სჭირდება. როცა ზარმაცი ხარ, ფიქრობ - "ახლა ეს მე მინდა?" როდესაც ჩემთან ბავშვები მოჰყავთ, პრობლემა ის არის, რომ მათ თავისუფალი დრო საერთოდ არ აქვთ. ყველგან დაატარებენ. ბავშვებს სიზარმაცისთვის დრო აუცილებლად მივცეთ. დღეში, მინიმუმ, 2 საათი მაინც. უბრალოდ, თუნდაც წამოკოტრიალდეს და არაფერი აკეთოს. ზუსტად ამ დროს, არაფრის კეთებაში იბადება იდეები. როცა არაფერზე ფიქრობ, ზუსტად ის ამოდის ჩვენი არაცნობიერიდან, რაც გვჭირდება. ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც გვაქვს.
რას იწვევს წარსულზე ფიქრი? - დეპრესიას. მომავალზე ფიქრი კი შფოთვას იწვევს, იმიტომ, რომ არ ვიცით, რა იქნება. ჩვენი ფიქრი და რეალობა რაც უფრო აცდენილია ერთმანეთს, მით უფრო შინაგანი კონფლიქტი გვაქვს. იმას კი არ ვამბობ, რომ მომავალზე არ ვიფიქროთ, გვქონდეს მიზანი, მაგრამ ახლა რაც გვაქვს, იმით დავტკბეთ. რა ჯობს, ჩვენი შვილი ბედნიერი იყოს, თუ ათოსანი? არ არის აუცილებელი, ყველა ბავშვი ათოსანი იყოს. თუ მათემატიკა არ უყვარს და მოსწონს ისტორია, ისტორიაში ისწავლოს, მოიძიოს ფაქტები, განვითარდეს, წინ წავიდეს. რატომაა ეს პრობლემა? მივცეთ ბავშვებს საშუალება, აღმოაჩინონ ის, თუ რა უნდათ. ბევრი რამ მოსინჯონ. რა თქმა უნდა, არ ვამბობ იმას, რომ ადამიანი მარტო ზარმაცი უნდა იყოს. სიბეჯითე ძალიან კარგია. მაგრამ, ბავშვი თავისთავად ხდება ბეჯითი, როცა იმას აკეთებს, რაც უყვარს. თუმცა, თუ გინდა, რომ გქონდეს, ის, რაც გინდა, ზოგჯერ გიწევს იმის გაკეთება, რაც არ მოგწონს. სულ ვამბობ, ბავშვებს თავსუფლება სჭირდებათ, ოღონდ ჩარჩოებში. მივცეთ თავისუფლება, მაგრამ იცოდეს, რომ ის, რაც გასაკეთებელია, მათემატიკა, თუნდაც საბაზისო ფარგლებში, ცოტა გააკეთოს. ისტორია გინდა? კი ბატონო, განვითარდი. მაგრამ, ესეც უნდა იცოდე. ბალანსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.