გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, რა საფრთხეს უქმნის ფოთლების დაწვა ადამიანის ჯანმრთელობას, რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ ფოთლებს დაწვავთ და რა ალტერნატივა არსებობს:
- ფოთლების დაწვის პროცესით გარემოში გარკვეული მავნე ნივთიერებები გამოიყოფა. ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გამოყოფილი კვამლი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას და სასუნთქი გზის დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს.
ჩვენი თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ. ბოლო 2 წლის განმავლობაში, 450-მდე ფაქტი გამოვლინდა და ადამიანები დაჯარიმდნენ. ფოთლების დაწვა დაჯარიმებას ექვემდებარება. სამართლებრივი კუთხით, ამ ყველაფერს ნარჩენების მართვის კოდექსი არეგულირებს და ფიზიკური პირისთვის 500-ლარიანი სანქციაა გათვალისწინებული.
ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტიპის გარემოსდაცვითი დარღვევების დროს, როდესაც უშუალოდ აჯარიმებენ ადამიანს, ინფორმაციით მაშინ ინტერესდებიან. თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები ძალიან აქტიურ კამპანიებს აწარმოებენ.
გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი და სამინისტრო მოქალაქეებს, საინფორმაციო თვალსაზრისით, გარკვეულ ალტერნატივებს სთავაზობს, თუ სად შეუიძლება, წაიღონ ფოთლები. ამ შემთხვევაში გარკვეული ალტერნატივები არსებობს, მაგრამ ყველაზე პოპულარული და აპრობირებული განვითარებულ ქვეყნებში როგორც ხელნაკეთი, ასევე ქარხნული რეზერვუარების არსებობაა, სადაც თავსდება როგორც ფოთლები, ასევე სხვა ნარჩენები. ხდება დამუშავება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, სასარგებლო სასუქად გარდაიქმნება, რომელსაც სოფლის მეურნეობაში იყენებენ. ადამიანებს შეუძლიათ, ინტერნეტში ნებისმიერ ენაზე მსგავსი ტიპის ხელნაკეთი რეზერვუარების დამზადების შესახებ მოიძიონ ინფორმაცია. თუმცა, შესაძლოა, რეგიონებში ჩვენს მოქალაქეებს ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდეთ. არსებობს ხალხური მეთოდი - ეს არის კომპოსტირება. შეგვიძლია, ამოვთხაროთ მიწა, გავაკეთოთ ღრმული, არსებული ფოთლები დავმარხოთ. ამ კუთხით, ეს ფოთლები ნიადაგს სარგებელს აძლევს.