გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, პროფესორი მადონა ჯუღელი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას გოგონას ნაადრევ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებამ და რაში შეუშლის ეს მომავალში ხელს:
-ვაგინალური მიკრობიოტა ეს არის როგორც პათოგენური, ისევე პირობით პათოგენური და ჩვენი მცველი ბაქტერიების ერთობლიობა. მოზარდების ასაკში მიკრობიოტა ჩამოყალიბებული არ არის. ამიტომ, სქესობრივი ურთიერთობის დროს ხშირად არის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა საშვილოსნოს ყელის, ვაგინალური ეპითელიუმის დაზიანება. ასევე, ხშირია ვაგინალური დისბიოზი იმიტომ, რომ წონასწორობა ირღვევა. ლაქტობაცილების რაოდენობაც ჯერ საკმარისი არ არის იმიტომ, რომ იქ ქალის ჰორმონი, ესტროგენი, რომელიც ეპითელიუმს, ანუ საშოს ლორწოვანს საშუალებას აძლევს, რომ თავის სიმწიფეს მიაღწიოს არ არის. შესაბამისად, დაზიანებაც ადვილად ხდება. მაგრამ, დაზიანებასთან ერთად, ირღვევა მიკრობიოტა. დარღვეული მიკრობიოტა აღმავალი ინფექციის მიზეზი ხდება. შესაძლოა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები არ განვითარდეს, მაგრამ პირობით პათოგენურმა ინფექციამ შეიძლება ისეთი გართულებები მოიტანოს, როგორებიცაა ბართოლინის ჯირკვლის აბსცესი, აღმავალი ინფექცია, მომავალში მილების გამავლობის პრობლემა შექმნას. ეს იმიტომ ხდება, რომ სისტემა მოუმწიფებელია.