სულ მალე, ლიტერატურის მოყვარულების ყველაზე საყვარელი დღესასწაული - „თბილისის წიგნის დღეები“ დაიწყება! წლის ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვან დღესასწაულზე წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი იქნება წარმოდგენილი. თუ ბიბლიოთეკის გამდიდრება გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონს, 10, 11 და 12 ნოემბერს.
ლიტერე - სიახლის ბიბლიოთეკა მაძიებელ მკითხველს უამრავ აღმოჩენას პირდება.ვისაც ლიტერატურის სფეროში სიახლეები უყვარს, თვალს ადევნებს თანამედროვე ავტორების შემოქმედებას და უჩვეულო გამოცემებით ინტერესდება, პალიტრა L-ის ეს სერია თბილისის წიგნის დღეებზე უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.გთავაზობთ ლიტერეს გზამკვლევს თბილისის წიგნის დღეებისთვის:
„მოვლენა“ ნობელიანტი მწერლის მეორე წიგნის პირველი თარგმანია, რომელიც “ლიტერეს“ სერიის ფარგლებში გამოიცა. ანი ერნო ჩავარდა ორმოში, რომელსაც „არასასურველი ორსულობა“ ჰქვია, იმ ორმოში, რომელში ჩავარდნის რისკიც მან წინასწარ იცოდა. ამ ორმოს შეიძლება ეწოდოს თავად „კულტურა“, რომელიც პოზიტიურად ჟღერს ზოგიერთებისთვის, მაგრამ სრულიად ნეგატიურად ჟღერდა ანი ერნოსთვის, რადგანაც იგი არ ეკუთვნოდა იმათ წრეს, ვისაც თავიანთ კულტურაში თავისუფლად ნავარდის ფუფუნება აქვთ.“ „იყვნენ სხვა გოგოები, რომელთა მუცლებიც ცარიელი იყო, და ვიყავი მე“ – 1963 წელს, 23 წლის ასაკში თავს გადამხდარი ამბავი ავტორმა 40 წლის შემდეგ დაწერა, 2021 წელს კი მის მიხედვით ოდრი დივანის მიერ გადაღებულმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრემია, ოქროს ლომი დაიმსახურა.
წიგნის თარგმანი ზაზა ჭილაძეს ეკუთვნის და ლიტერატურული პრემია „საბა“ 2023-ის „საუკეთესო თარგმანის“ ლაურეატია. უილიამ ფოლკნერის „იგავი“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე. „იგავი“ უილიამ ფოლკნერის ერთ-ერთი მთავარი ნაწარმოები და მისი შემოქმედების გვირგვინია. ავტორმა მასზე ათი წლის განმავლობაში იმუშავა და სურდა, მისი „ცხოვრებისა და, შესაძლოა, ეპოქის საუკეთესო ნამუშევარი ყოფილიყო“. ასეც გამოვიდა - რომანმა 1955 წელს მიიღო როგორც პულიცერის პრემია, ისე წიგნის ეროვნული ჯილდო. მოქმედება ვითარდება საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს, და ეს არის ამბავი ომზე თითქმის საომარი მოქმედებების გარეშე. ამბავი კი ასეთია: კაპრალი სტეფანი ჯარისკაცებს უბრძანებს, არ გადავიდნენ შეტევაზე. მიზეზი? - ამ უაზრობის – ომის – მოსათავებლად მხოლოდ ერთი სიტყვა - გვეყოფა! - უნდა ითქვას და ეს სიტყვა ითქვა. მაგრამ ომში „გვეყოფა“ უკვე ამბოხია... ჭირისუფლებს უმწეობა და უსამართლობის განცდა კი არ უგლეჯდათ გულებს, არამედ ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანური ტკივილი... ტკივილსა და სატანჯველს ხომ ერთადერთ საპირწონედ არარა, არაფერი, სრული სიცარიელე მოეძევება, ტკივილსა და არარას შორის უკანასკნელს კი მხოლოდ ლაჩარი თუ აირჩევს.
რომანი „საბა”-ს 2023 საუკეთესო თარგმანის ლაურეატია. ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის მომაჯადოებელი რომანი, რომელიც მწარედ, ტკივილით დაგვაფიქრებს სიყვარულსა და მარტოობაზე, იმაზე, თუ როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს მომავალში.ეს კლარას ამბავია, რომელსაც ის თავად მოგვითხრობს. კლარა განსაკუთრებული, ყველა ანალოგისგან გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ხელოვნური მეგობარია. ის მაღაზიის ვიტრინაში დგას და ყურადღებით ადევნებს თვალს გამვლელებს, აკვირდება მათ და ელის კლიენტს, რომელიც მას ამოირჩევს. ასეთი კლიენტი გამოჩნდება და კლარა ნამდვილ ოჯახს იძენს. მაგრამ რას ნიშნავს „ნამდვილი“ სამყაროში, რომელიც გაჟღენთილია პრაგმატიზმით, რაციონალურობითა და ათასგვარი შიშით? „კლარა და მზე“ არის სულის შემძვრელი, დაუვიწყარი წიგნი, რომელიც, რობოტის გულწრფელი და შეუდარებელი თხრობის მეშვეობით, სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს საკუთარ თავებს, ჩვენს ქცევას და დაგვაფიქრებს მარადიულ კითხვაზე: რა არის სიყვარული?
ტონი მორისონი უკვე კლასიკოსია, პირველი აფროამერიკელი მწერალი, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა. მისი თითოეული რომანი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ყველაზე ნათელი წარმომადგენელია, რადგან ისტორიისა და პოეტიკის საშუალებით იგი ასახავს ადამიანის ნამდვილ ბედს.მერძევე ძალიან ფერადი პერსონაჟია. ბიზნესმენის შვილი, მთელი ცხოვრება ოჯახის მოვალე იყო: დედას, რომლის სიყვარული ხანდახან ავადმყოფობას აგონებდა და მამას, რომელიც არასოდეს შეგუებოდა იმ ფაქტს, რომ შვილს შეეძლო საკუთარი ბედის დამოუკიდებლად არჩევა. არჩევანი - ასეთი თავხედობის უფლება არავის აქვს! მაგრამ პომერი უნდა გათავისუფლდეს და გაიგოს ვინ არის სინამდვილეში და რისი მიღწევა შეუძლია. ერთ დღეს ის ისმენს სიმღერას თავის ბაბუაზე, სოლომონზე, რომლის ცხოვრება გარშემო მყოფთათვის საიდუმლოდ დარჩა. და ის გადაწყვეტს რისკზე წასვლას...
ელვუდ კურტისი კოლეჯში სწავლას გეგმავს, თუმცა ერთი უნებლიე შეცდომა ყველაფერს ცვლის - იდეალისტი და გულუბრყვილო ბიჭი ნიკელის აკადემიაში მიჰყავთ, სადაც ფიზიკური, ემოციური და სექსუალური ძალადობა, ქურდობა და უსამართლობა ხვდება. ნებისმიერი ბიჭი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას გაბედავს, უბრალოდ, ქრება. ელვუდის მეგობარი ტერნერი ფიქრობს, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მჩაგვრელთა სისასტიკისა და ცინიზმის მიბაძვაა. ელვუდის იდეალიზმსა და ტერნერის სკეპტიციზმს შორის განსხვავება განაპირობებს გადაწყვეტილებას, რომლის შედეგებიც ათწლეულები გასტანს. რომანისთვის „ნიკელის ბიჭები“ კოლსონ უაითჰედს 2020 წელს თავისი რიგით მეორე პულიცერის პრემია მიენიჭა. ნაწარმოებს დოზიერის ვაჟთა სკოლაში მომხდარი შემზარავი ამბები დაედო საფუძვლად.
სამხრეთაფრიკელი დრამატურგისა და რომანისტის ამ შთამბეჭდავმა ტექსტმა 2021 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია მოიპოვა. „პირობა“ სამხრეთ აფრიკის ისტორიასთან ერთად ავტორის უნიკალურ წერის სტილს გაგაცნობთ, რომლის გამოც გალგუტს ხშირად უილიამ ფოლკნერსა და ვირჯინია ვულფს ადარებენ. „პირობა“ პრეტორიის მახლობელ ფერმაში მცხოვრები სამხრეთაფრიკული ოჯახის დაშლის ამბავს ჰყვება. ავტორი თხრობის პერსპექტივას ოთხ პერსონაჟს შორის ცვლის და მათი ცხოვრების ყოველმხრივ განსხვავებულ გზებს აჩვენებს. მათი განვითარებისა და დაცემის პარალელურად, გალგუტი ოთხი სივრცის გაერთიანებით პოსტ-აპარტეიდის ხანას წარმოაჩენს. სვორტების ოჯახური საგა სამხრეთ აფრიკის ისტორიისა და ადამიანური ყოფის მკაფიო, პირდაპირი შეფასებაა, რომელიც ამბის თხრობისას ანგარიშმიუცემლად ეთამაშება შეკითხვებს: „საიდან მოვდივართ, რანი ვართ, საით მივდივართ,“ მაგრამ, უპირველეს ყოვლისა – რად ვიქცევით ცხოვრების გზაზე.
შთამბეჭდავი და გაბედული წიგნი, ფინელ-ესტონელი ავტორის საერთაშორისო ბესტსელერი პოსტსაბჭოთა სივრცის, როგორც სუროგაციიის გლობალური ბაზრის შესახებ გვიამბობს. სოფი ოქსანენი უკრაინელი სუროგატი დედების ბედს მათი მშობლიური სოფლებიდან ჰელსინკის ქუჩებამდე მიუყვება. დასავლეთისა და აღმოსავლეთის გასაყარზე ქალების შანტაჟისა და მათი სხეულების ექსპლუატაციის გზით შექმნილი ბიზნესი, ერთი შეხედვით, ორივე მხარისთვის სასარგებლო უნდა იყოს… მაგრამ ძაღლების პარკში შვილის „დამკვეთი“ ოჯახების მოლოდინში გართული ქალები თავად ხდებიან სხვა, გაცილებით უფრო სახიფათო და დაუნდობელი პარკის „ბინადრები“.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი გამომცემლობები, სტამბები და მაღაზიები, რომლებიც მკითხველს წიგნების მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებენ. წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, „თბილისის წიგნის დღეები“ მრავალფეროვან კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას გააერთიანებს. არ გამოტოვოთ საუკეთესო შეთავაზებები, სიახლეები და ფასდაკლებები „პალიტრა L”-ისგან!
იხილეთ გამომცემლობა „პალიტრა L”-ის კატალოგი
R