ეს ტრაგედია ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ჰურგადაში 2018 წლის ზაფხულში მოხდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი მხოლოდ ახლა დაადგინე, მანამდე უამრავ ვერსიაზე მუშაობდნენ კრიმინალისტები.
ბრიტანელი ცოლ-ქმარი ჯონ და სიუზენ კუპერები ქალიშვილთან და მის შვილებთან ერთად გაემგზავრნენ დასასვენებლად ჰურგადაში. თავდაპირველად ბებიასთან და პაპასთან ნომერში ერთ-ერთი შვილიშვილიც იწვა, თუმცა პირველივე ღამეს 12 წლის გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო და პაპამ დედის ნომერში გადაიყვანა.
მეორე დილით, ცოლ-ქმარი სასაუზმოდ ქვემოთ არ ჩავიდა. შეწუხებული გოგონა ნომერში ავიდა და გამაოგნებელი სურათი დახვდა - დედა საწოლში გმინავდა, მამა კი ფაქტობრივად ვერ სუნთქავდა. პერსონალმა მაშინვე გამოიძახა მედიკოსები, თუმცა ჯონი მათ მისვლამდე ნომერში გარდაიცვალა, მისი ცოლი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ვერც იმას უშველეს.
თავდაპირველად ექიმებმა ივარაუდეს, რომ ტურისტები ნაწლავურ ინფექციას ემსხვერპლნენ. გარდაცვალების მიზეზად ქალს დაუდგინდა გულის შეტევა, მამაკაცს - მოწამვლა. თუმცა ქალიშვილი ამბობდა, რომ არანაირი დაავადება მათ არ სჭირდათ და არაფერს უჩიოდნენ. გარდა ამისა, ბევრმა აღნიშნა, რომ მათ ნომერში სინესტის უჩვეულო სუნი იყო.
დამსვენებლები პანიკაში ჩავარდნენ, 300-მა ტურისტმა მაშინვე დატოვა სასტუმრო, ზოგიერთი მათგანი კი საკვებით მოწამვლაზე საუბრობდა. საქმე თავის კონტროლზე აიყვანა ქვეყნის ტურიზმის სამინისტრომ და პირობა დადეს, რომ ბოლომდე მიჰყვებოდნენ.ჩატარდა დიდი სანიტარული შემოქმება, შეამოწმეს წყალი, საჭმელი, კონდიციონერები და ბევრი სხვა. ჰაერში დაბინძურება არ აღმოჩენილა და ვენტილაციიდან აირით მოწამვლა გამოირიცხა. ასევე არ იყო აღმოჩენილი რაიმე ბაქტერია.
მხოლოდ წლების შემდეგ გამოიღო შედეგი ძიებამ. წყვილის გარდაცვალების მიზეზი აღმოჩნდა ლოგინის ბაღლინჯოების საწინააღმდეგო ქიმიკატები, რომლითაც რამდენიმე დღით ადრე დაუმუშავებიათ ნომერი.
ცოტა ხნით ადრე სასტუმროში გერმანელების ოჯახი დაბინავდა, რომელიც შეწუხდა სინესტის სუნით. საწოლის ქვეშ რომ შეიხედა, ოჯახის უფრომა ბაღლინჯოები აღმოაჩინა. სასტუმროს პერსონალმა ბოდიში მოუხადათ და სხვა ნომერში გადაიყვანეს ისინი, ოთახში კი დეზინფექცია ჩაატარეს. ეს ფაქტი სხვა თვითმხილველებმაც დაადასტურეს, რომელთაც დაინახეს სამი მამაკაცი უნიფორმაში. 10 წუთში გამოვიდნენ ისინი ოთახიდან, რომელიც პესტიციდებით დაამუშავეს და კარი ჩაკეტეს.
ამ მომენტში საქმეზე მოსმენა კვლავ მიმდინარეობს. სასტუმრო კი ჩვეულებრივ მუშაობს ამ წლების განმავლობაში.