ჯუნკო ფურუტა იაპონელი თინეიჯერი გოგონა იყო, რომლის სიკვდილმა მთელი მსოფლიო შეძრა. მას 44 დღის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ და ამ დროს ის თანასკოლელის სახლში იმყოფებოდა. ბიჭის მშობლებიც იმავე სახლში ცხოვრობდნენ, დანარჩენი მოძალადეები კი მისი ნაცნობი თანატოლები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯუნკოს მდგომარეობაზე პოლიციას ორჯერ აცნობეს, მათი დაუდევრობის და გულგრილობის გამო, არათუ ვერ უშველეს, გოგონა მოძალადეებმა ხანგრძლივი წამების შემდეგ მოკლეს კიდეც. საბოლოოდ ჯუნკო ფურუტას მკვლელობა კაცობრიობის ყველაზე სასტიკ მკვლელობებს შორის მოიხსენიება.
ჯუნკო ფურუტა იაპონიაში 1971 წელს დაიბადა. ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგონას ცხოვრებით ცხოვრობდა. კარგად სწავლობდა და ნახევარ განაკვეთზეც მუშაობდა. გოგონა მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა.
ჯუნკო საკმაოდ ლამაზი გოგონა იყო და ერთ დღესაც სკოლის ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე ბიჭმა ჰიროში მიანომ პაემანზე დაპატიჟა. ჯუნკომ უარყო მისი შემოთავაზება. ეს კი მანამდე არც ერთ გოგოს არ გაუკეთებია. ჰიროში ცნობილი დანაშაულებრივი ორგანიზაციის, იაკუძას წევრი იყო. გოგონას უარით განრისხებულმა ჰიროშიმ მასზე შურისძიება განიზრახა.
უარის თქმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჰიროში და მისი მეგობარი შინჯი მინატო ადგილობრივ პარკში ქალებზე უსაფრდებოდნენ. ისინი გამოცდილი მოძალადეები იყვნენ და ყოველთვის აღწევდნენ მიზანს.დაახლოებით 20:30 საათზე მათ ველოსიპედით ჯუნკო შენიშნეს. ის სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ბიჭებმა სცენა გაითამაშეს: მინატომ ჯუნკო ველოსიპედიდან გადააგდო. შემდეგ მიანომ დახმარება და სახლში გაცილება შესთავაზა. ამის შემდეგ ჯუნკო ოჯახს აღარასოდეს უნახავს.
ჰიროში მიანომ გოგონა მიტოვებულ საწყობში გამოამწყვდია, გააუაპატიურა და დაემუქრა, რომ თუ სადმე დააბეზღებდა, იაკუძასთან თავისი კავშირებით მისი ოჯახის ყველა წვრს მოკლავდა.
ამის შემდეგ მიანომ ჯუნკო უკან წაიყვანა პარკში, სადაც მას უკვე მინატო და კიდევ ორი მეგობარი: ჯო ოგურა და იასუში ვატანაბე ელოდნენ. ისინი რიგრიგობით აუპატიურებდნენ ჯუნკოს. შემდეგ მინატოს სახლში წაიყვანეს და იქ გამოკეტეს.
ჯუნკოს მშობლებმა მეორე დღესვე პოლიციას მიმართეს და მათი ქალიშვილის დაკარგვის შესახებ შეატყობინეს, მაგრამ მოძალადეებმა აიძულეს ჯუნკო, დაერეკა სახლში და მშობლებისთვის ეთქვა, რომ სახლიდან გაიქცა და მეგობარ ბიჭთან ცხოვრობდა. მას მინატოს მშობლებისთვისაც უნდა მოეჩვენებინა თავი, თითქოს მათი ვაჟის შეყვარებული იყო.
იმ დროს იაპონიაში იაკუძა უსაზღვრო ძალაუფლებით სარგებლობდა და მინატოს მშობლები 44 დღის განმავლობაში დუმდნენ იმის შესახებ, რომ მათ სახლში უცნობი გოგონა ცხოვრობდა, რომელსაც გამუდმებით აწამებდნენ.
44 დღიანი ჯოჯოხეთის განმავლობაში ჯუნკო 400-ზე მეტჯერ გააუპატიურეს სხვადასხვა ადამიანებმა: ესენი არა მხოლოდ მიანო და მისი თანამზრახველები, არამედ იაკუძას წევრები იყვნენ, რომლებიც სახლში ამისთვის მოჰყავდათ.
ჯუნკოს ყოველდღე აწამებდნენ: მაკრატლებს, შამფურებს, ფეიერვერკებს და ანთებულ ნათურასაც კი გენიტალიებში უდებდნენ, რითაც აზიანებდნენ მის შინაგან ორგანოებს. მალე გოგონა შარდისა და ნაწლავთა მოქმედებას ვეღარ აკონტროლებდა. იატაკის დასვრის გამოც ბევრჯერ სცემდნენ.
აიძულებდნენ ამაზრზენი მოქმედებების შესრულებას: ეჭამა ცოცხალი ტარაკნები, დაელია საკუთარი შარდი. ერთხელ ჭერზე ჩამოკიდეს და ჯოხებით სცემეს, სიგარეტით, სანთებელებით და სანთლის ცვილით ქუთუთოები და სასქესო ორგანოები დაუწვეს.
ამ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ნაწილი ის არის, რომ ჯუნკოს სიკვდილის თავიდან აცილება შეიძლებოდა. გოგონას მდგომარეობის შესახებ პოლიციამ ორჯერ მიიღო შეტყობინება და ვერც ერთხელ ვერ შეძლო მისი შველა.
პირველად მინატოს სახლიდან დაბრუნებულმა ერთ-ერთმა ბიჭმა უამბო მშობლებს ჯუნკოს შესახებ და პოლიციას მიმართეს. თუმცა მინატოს სახლში პოლიცია რომ მივიდა, დაარწმუნეს, რომ სახლში გოგო არ იყო. ამ პასუხმა პოლიციელები დააკმაყოფილა და სახლი არ შეუმოწმებია.
მეორედ ჯუნკომ თავად მოახერხა პოლიციის გამოძახება, მაგრამ სანამ რამეს იტყოდა, დამნაშავეებმა აღმოაჩინეს. როცა პოლიციამ დარეკა, მიანომ უპასუხა ტელეფონს და დაარწმუნა, რომ წინა ზარი შეცდომა იყო.
ჯუნკო სასტიკად დასაჯეს დახმარების თხოვნის მცდელობისთვის: კრიმინალებმა მას ცეცხლი წაუკიდეს, თუმცა ჯუნკოს სხეულმა ამასაც გაუძლო.
1989 წლის 4 იანვარს ჯუნკო დაიღუპა. ამ დროს ის მხოლოდ 17 წლის იყო. უცხო სხეულებით ნაწამებმა შინაგანმა ორგანოებმა, გარეგანმა ჭრილობებმა, ინფექციებმა, შიმშილმა მას ბოლო მოუღო. მკვლელობის ბრალდების შიშით, მოძალადეებმა მისი ცხედარი კასრში ჩადეს, სველი ბეტონით აავსეს და სამშენებლო ტერიტორიაზე დააგდეს.
ორი კვირის შემდეგ პოლიციამ მიანო და ოგურა ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. მიანოს დაკითხვისას ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ მას მკვლეობაშიც ადანაშაულებდნენ. პოლიციელი სრულიად სხვა ქალისა და მისი შვილის მკვლელობას გულისხმობდა, (რომელიც ჯერ კიდევ ჯუნკოს გატაცებამდე მოხდა და დღემდე გაუხსნელია). მიანოს კი ეგონა, პოლიციამ ჯუნკოს მკვლელობის შესახებ გაიგო და იქვე აღიარა, თუ სად იყო გოგონას ცხედარი.
რამდენიმე დღის შემდეგ ისინი ყველა თანამზრახველი დააკავეს.
ვინაიდან ყველა მოძალადე არასრულწლოვანი იყო, სიკვდილით დასჯას გადაურჩნენ და საკმაოდ რბილი სასჯელები მიღეს.
ჰიროში მიანოს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, შინჯი მინატოს ცხრა წლამდე, ჯო ოგურას 5-დან ათ წლამდე, ხოლო იასუში ვატანაბეს 5-დან შვიდ წლამდე.
ბევრი ვარაუდობს, რომ იაკუძა ზეწოლას ახდენდა სასამართლოზე.
ჯუნკოს ყველა მკვლელი ციხიდან ცოცხალი და უვნებელი გამოვიდა. სამმა მათგანმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ სახელი შეცვალა, მაგრამ ამან არ უშველა - მხოლოდ იასუში ვატანაბე ეწეოდა წესიერ ცხოვრებას და მეტი დანაშაული არ ჩაუდენია.
დღემდე, ბევრი იაპონელი დარწმუნებულია, რომ იუნკოს საქმეში სამართლიანობამ ვერ გაიმარჯვა და დამნაშავეებს სათანადო სასჯელი არ მიუღიათ.