პირველად მე-19 სეზონის მე-16 სერიაში გამოჩნდა და პოპულარული სერიალის მაყურებლის ყურადღება მაშინვე მიიქცია. მისი პერსონაჟი პოლიციელია. "უარყოფითი როლის თამაში მიწევს და სწორედ ეს არის საინტერესოო" - აღნიშნავს დავით დვალი...
ვინ არის გაჩა ზვერაძე, რა გზა გაიარა აქამდე და რას ფიქრობს სერიალზე, რომელშიც მოულოდნელად აღმოჩნდა.
დავით დვალი:
- პროფესიით ეკონომისტი ვარ. "ჯავახიშვილში" ვსწავლობდი, მქონდა ურთიერთობა უნივერსიტეტის კულტურულ ღონისძიებებთან. "კავეენსაც" ვთამაშობდი, ნაკრებში ვიყავი, ასევე უნივერსიტეტის თეატრში. იქ იყო დასი, რომელსაც არაჩვეულებრივი, ძალიან ნიჭიერი რეჟისორი ხელმძღვანელობდა. ის იყო თხემით ტერფამდე, საქართველოს და ადამიანის სიყვარულით სავსე ზაზა წაქაძე, რომელიც სამწუხაროდ, წელიწად-ნახევარია, რაც გარდაიცვალა. მან უნივერსიტეტის თეატრში მსახიობის ოსტატობის სრული კურსი შეგვასწავლა.
- როდესაც ადამიანს ამ სფეროში მოღვაწეობის სურვილი აქვს და იმის ამით მიიღოს სიამოვნება, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა, პოლიციელი იქნებოდა ჩემი პერსონაჟი, უბრალო გამვლელი, თუ სხვა ვინმე. მთავარია, საინტერესო პერსონაჟი ყოფილიყო. საინტერესო კი ნამდვილად არის, დადებითია, თუ უარყოფითია, ამას ჩემთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ამ გმირზე მუშაობა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, უინტერესო არ არის. ამ თვალსაზრისით მომეწონა. ფაქტია, რომ უარყოფითი პერსონაჟია, მაგრამ ყველას აქვს თავის პლუს-მინუსები და ალბათ მასაც ექნება დადებითი თვისებები, რაც წესით, გამოჩნდება. მოკლედ, ამ როლზე მუშაობა საინტერესო პროცესია, დანარჩენი - მაყურებლის შესაფასებელია.
- მეუბნებიან, ცუდად გახასიათებენ, გლანძღავენ, ამბობენ, რომ ცხოვრებაშიც ალბათ ასეთიაო... ხომ ვამბობ, აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟები ვართ. ჩემი მეგობრები, ვინც კარგად მიცნობენ, ხშირად ამბობენ, რომ გიყურებთ და შენ საერთოდ არ ხარო. სიმართლე გითხრათ, ამას რომ მეუბნებიან, მსიამოვნებს, თუ ასეა, ე.ი. სწორი გზით მივდივართ. ეს ნამდვილად გამარჯვების ტოლფასია. ზუსტად ეგ არის საინტერესო, რომ მე არ მგავს...
- მეუღლე გახლდათ თამარ ნადიბაიძე. ქორწინებაში აღარ ვართ, თუმცა უნივერსიტეტის თეატრში, დასში ერთად ვიყავით, სადაც სამსახიობო მოღვაწეობას ვეწეოდით. როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, ყოფილ მეუღლესთან, ცივილური ურთიერთობა მაქვს.
- წარმოშობით რაჭიდან ვარ, ნიკორწმინდაში მაქვს მამაპაპისეული, ძირძველი ადგილ-მამულები, სადაც სასტუმრო ავაშენე და მინდა, ტურისტულ საქმიანობა განვავითარო. სურვილი მაქვს, რაჭა ამ კუთხით აღორძინდეს, განახლდეს და ადამიანებიც დაუბრუნდნენ.