2024 წლის 1-ელი იანვრიდან აბორტის გაკეთების წესები იცვლება. კერძოდ, ვიდრე ქალი აბორტის გაკეთებას გადაწყვეტს, აბორტისწინა კონსულტაცია/გასაუბრება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში ჩატარდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 2023 წლის 26 ოქტომბრის ბრძანებაში ვკითხულობთ.
ახალი ბრძანების მიხედვით, ქალს 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა ეძლევა. ვადის ამოწურვის შემდეგ პროცედურამდე ჩატარებული რადიოლოგიური კვლევის შედეგები უნდა ჩაიწეროს და სურათი უნდა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში განთავსდეს.
აქვე აღნიშნულია, რომ თუ 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა დაირღვევა, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ბრძანებაში ასევე განმარტებულია:
- 7 კვირამდე (< 49 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი განხორციელდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით.
- 7 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ქირურგიული მეთოდით შესაძლებელია განხორციელდეს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება.
- 10 კვირამდე (70 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტის განხორციელება შესაძლებელია სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში და სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონე მინიჭებულ ამბულატორიაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით. მედიკამენტური აბორტის გამომწვევი მედიკამენტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმ მეან-გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დანიშნულებით.
- 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა ხორციელდება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში (გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს დაწესებულების დონეზე) სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ და შეტყობინება (სამედიცინო დოკუმენტაციის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული ასლი) უნდა გაეგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს.“
12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალი კი შეგიძლიათ, ვრცლად იხილოთ:
თამარ იაკობაშვილი