მსახიობი ზურა ყიფშიძე შვილთან, ლენუკა ყიფშიძესთან ერთად, გადაცემაში "ჩვენი ოჯახი" ოჯახურ ურთიერთობებსა და შვილიშვილებთან დამოკიდებულებაზე საუბრობს:
- ლენუკას ჰყავს ისეთი შვილი, რომელიც ჩემს შვილად მიმაჩნია. ფანტასტიკური ბავშვია. რაც უარყოფითი არსებობს მის გარშემო, ნათესაობაში თუ ასე შემდეგ, ყველაფერი აიცილა და მაგარი გზა აქვს აღებული. შვილიშვილებმა ნამდვილად გაამართლეს. ნიკოლოზი, ნატალია, ალექსანდრე და ის ორი პატარა "ბაჯაჯღუა" რომ დარბის, ჩემს ცხოვრებაში მთავარია. ადამიანი რომ ბერდება, ბავშვდება. ჩემს საქმიანობაში, რაც უფრო მიაღწევ იმას, რომ ბავშვივით ითამაშებ, შეიძლება, მით უფრო საინტერესო იყოს. ბავშვი რომაა, ისეთი გულწრფელი ხომ არავინაა? ასე თუ გააკეთებ შენს საქმეს, შეიძლება, საინტერესო იყოს. ბავშვებს დიდხანს ვერ ვიტოვებ, მაგრამ უნდა გაართო. ბავშვთან ჩხუბი, ყვირილი, წივილი, ცემა არ შეიძლება. 2-3 თვე გავიდა, რაც ძაღლი დამეღუპა. პატარამ იცის, როგორი ურთიერთობა მქონდა მასთან. ამასწინათ მოვიდა და სათამაშო ტაქსა მაჩუქა. ეს ისეთი სასიამოვნო იყო, რომ ამ სათამაშოსთან ერთად მძინავს.
ლენუკა ყიფშიძე კი მამის შესახებ ამბობს:
- რაც წლები ემატება, უფრო ბავშვური და საყვარელი ხდება. თუ ღამით ავდგები, წყალი მომინდება, მეკითხება, არ გძინავს? სასწაული დუეტი გვაქვს. მერე ჩემს შვილს ეკითხება: "ნიკუშა, რატომ არ გძინავს? რაღაცას რომ ვუყურებ, შემოიხედავს ოთახში და მეც მეკითხება: "რატომ არ გძინავს?!" ავიწყდება, რომ უკვე "80 წლის" ვარ და არა 20 წლის.