ბავშვის ბაღში სიარულისას გამუდმებით ვირუსებთან ბრძოლა ბევრი მშობლის პრობლემაა, თუმცა, გარკვეულწილად, შეგუებულნი არიან იმ ფაქტს, რომ ბაღს ვირუსები მოსდევს. სამაგიეროდ ძალიან გაოცებულნი არიან იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც ბაღში არ დადიან, მაგრამ არც ერთ ვირუსს "არ ტოვებენ".
პედიატრები განმარტავენ, რომ ვირუსის "დასაჭერად" საბავშვო ბაღში სიარული არ არის აუცილებელი. მეტიც, საერთოდ არ დაგჭირდებათ სახლიდან გასვლა.
ბევრ მშობელს უკვირს, როგორ ხდება, რომ ბავშვი, რომელიც ბაღში არ დადის და ხშირად ქუჩაშიც არ გაჰყავთ, ახალ-ახალი ვირუსით ავადდება. მშობლები ჰიგიენას იცავენ, ოთახს გამუდმებით ანიავებენ, ჰაერის დამატენიანებელს იყენებენ, ბევრ ხალხთან შეხება არ აქვთ და ბავშვი მაინც ავად ხდება.
საქმე ისაა, რომ ბავშვები ვირუსებით შეიძლება დაინფიცირდნენ არა მხოლოდ სხვა ბავშვებისგან, არამედ ზრდასრული ოჯახის წევრებისგანაც, რომლებიც გარეგნულად სრულიად ჯანმრთელები არიან. ზრდასრულების უმეტესობას მთელი ცხოვრების განმავლობაში მრავალი ვირუსი აქვს გადატანილი და რესპირატორული ჯგუფის ვირუსების უმეტესობის მიმართ იმუნიტეტი აქვთ, ასე რომ, თუ რომელიმე ეს ვირუსი მოხვდება მათ ორგანიზმში, დაავადება არ ვითარდება, მაგრამ ვირუსი მათ ლორწოვან გარსში დიდხანს რჩება - რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. და იმ მომენტში, როდესაც (გარეგნულად აბსოლუტურად ჯანმრთელი) დედა, ან ოჯახის სხვა წევრი, კოცნის შვილს, შეუძლია ეს ვირუსი გადასცეს.