ავტობიოგრაფიული ფაქტებითა და ილუზიებით ნაკარნახები ნაწარმოები “ბეტონების იქით” გარეუბნელი ბიჭის ისტორიას გვიყვება, რომელიც „ბეტონების ჯუნგლებში“ დაიბადა. ადგილს, სადაც ის ცხოვრობს მალებოლჯე ჰქვია (“ჯოჯოხეთის” მერვე წრე) და სოციალურ-კულტურული უდაბნოა, ვაკუუმია, სადაც არაფერი ხდება გარდა ავაზაკების ბოგინისა და დანაშაულზე თვალების ფართოდ დახუჭვისა. ნაწარმოების ავტორი, 22 წლის მათე ბაღაშვილია, რომლის სამწერლო დებიუტიც გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2023 გამარჯვების შედეგად შედგა. როგორც თავად ამბობს, ის სამუნივერსიტეტგამოცვლილი, ამჟამად მასობრივი კომუნიკაციების სტუდენტი და თბილისის ღვთისგან მივიწყებული და ამავე ღვთის პირიდან გადავარდნილი გარეუბნის - ლილოს დასახლების - მკვიდრია. მისი ნამუშევრის შთაგონების წყარო სწორედ გეტოში ცხოვრების თავისებურებები, იქ დამკვიდრებული სოციალურ-კულტურული ღირებულებები გახდა.
- იქ, სადაც მე ვცხოვრობ - ლილოში - არსებობს ასეთი გრძელი ბეტონის კედელი, რომელიც ჩემს უბანს გარკვეული ტერიტორიისგან ჰყოფს. მთელი ჩემი ბავშვობა ამ ბეტონის მიღმა არსებული სივრცის ერთი წამით დანახვა მინდოდა, მაგრამ ჩემი და ჩემი მეგობრების მშობლები მკაცრად აკონტროლებდნენ ბეტონების იქითა და აქეთა სივრცეების გამყოფ ზოლს. „იქით საშიშია“, „აქეთ დაეტიეთ“, - ეს ფრაზა მესმოდა სულ, ყველასგან, ნებისმიერ ვითარებაში. მაგრამ ვერავინ ხვდებოდა, რომ ყველაფერი პირიქით იყო. თუმცა, როგორც ყველა ბავშვის, ისე ჩემიც, დამალულისა და აკრძალულის შეცნობა მთავარი მამოტივირებელი ძალა იყო. ბევრჯერ მიპოვნია გზა ბავშვობაში ამ „ბეტონების იქით“ აღმოსაჩენად და აღმოვჩენილვარ კიდეც და ისე აღმოჩნდა, რომ მერე მთელი ცხოვრება მეტაფორული თუ ფიზიკური ბეტონების მიღმა გასაღწევად მიწევდა და მიწევს ბრძოლა.
ვიღაცამ დაგვიწუნა კიდეც გრამატიკა, „ბეტონებს“ უნდა ეწეროსო, მაგრამ რა ვუყოთ ჩემს ბავშვობას?! რა ვუყოთ ყველაფერ იმას, რაც ნაწარმოების ორიგინალ სახელში ეტევა?! ადამიანის ემოციური კავშირები ნებისმიერი მოვლენისადმი, თუგინდ სიტყვისადმიც კი, უფრო უზენაესია, ვიდრე ნორმები, რომლებიც მყიფე და დროებითია.
- ბევრს ვფიქრობდი ვისთვის ვწერდი ამ (მოდით, მე დავარქმევ „ნაწარმოებს“, „წიგნის ნაცვლად) ნაწარმოებს. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრს ვფიქრობდი სამიზნე აუდიტორიაზე, ვფიქრობდი დასასრულზეც, რადგან ჩანაფიქრში ყველაფრის კატასტროფამდე მიყვანა და ცოდვა-ბრალის დატრიალება მქონდა. მაგრამ იმდენად ჩამითრია 14-15 წლის გარეუბნელი ბავშვების განცდებზე წერამ, რომ მივხვდი ერთ რამეს - 13 წლის ლილოელ მათეს, რომ სცოდნოდა ბეტონების იქით არსებული სამყაროს შესახებ, იმ მრავალწახნაგოვანი ცხოვრების შესახებ, რომელიც შენი თვალსაწიერის მიღმა არსებობს, ბევრ რამეზე ფიქრით თავს არ მოიკლავდა და ვაი-უშველებელს არ დაიმართებდა.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ „ბეტონების იქით“ ყოფილიყო გზამკვლევი ყველა იმ ახალგაზრდისთვის, რომელიც ცხოვრების ერთ მომენტში ბნელ ფიქრებს სისხლის დაცლამდე მიაყვანინებს თავს და ჩათვლის, რომ „აი, აქ, ჩემი ცხოვრება დასრულდა!“ - არა! არა! და არა! – „ბეტონების იქით“ არის პასუხი ამ რადიკალიზმზე, რომლამდეც ცხოვრებას ხშირად მივყავართ.
- სიმართლე გითხრათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ახლა დგას. ადრეც ვიძახდი, რომ, მგონია, გავშიშვლდი-მეთქი.
ახლაც იმ მსახიობს ვგავარ, რომელსაც, თეატრის სცენაზე, როლის შესრულების დროს, სიმხურვალე და შინაგანი აღტაცება ტანში აიტანს და სხეულს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ რეფლექსებს მიჰყვეს, მერე ცოტა ხანი დააპაუზებს ცხოვრებას, მიხვდება, რომ წინ მაყურებელია, თვალებს ზევით ააპარებს და დაინახავს, რომ ის შიშველია ყველას წინაშე. ამ მდგომარეობაში ვარ მეც - თეატრის სცენაზე, მაყურებლის წინაშე მდგარი „გაშიშვლებული“ მსახიობი, რომელიც მათგან ელის სიგნალს ღირდა თუ არა მთელი ეს თავგანწირვა ყველაფერ ამად?!
- ჩემი საყვარელი მონაკვეთები, ალბათ, მაინც პროლოგი და ეპილოგია, რადგან ამ ორმა მონაკვეთმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც რაჭაში, ჩემს სოფელში, ტრაგედია მოხდა. მახსოვს, რომ როცა მაშინ რაჭიდან ვბრუნდებოდი, გზად ტელეფონში გახსნილი მქონდა ეს მონაკვეთები და ვკითხულობდი. ვკითხულობდი და ვფიქრობდი, რომ ამ ტკივილს ვერ მოვერეოდი, რომ სახლი დავკარგე, რომ კომფორტის შესაძლებლობა მომისპეს, რომ სიზმარი დასრულდა. ეგაა, კარგი სიტყვა ვისწავლე მე-10 კლასში - „ამბვივალენტობა“. თან მეზიზღება ყველაფერი, რასაც აღვწერ, რადგან მისგან აღარაფერია დარჩენილი და თან მიყვარს, რადგან მოსაგონად მხოლოდ ეს დამრჩა.
- ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი ამ გამოცდილებამ დახურა და ახლა ძალიან გრძელი და თავგადასავლებით სავსე ეტაპი მოდის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ახალი ისტორიების, ადამიანების, ადგილების აღმოჩენაზე დგას. მგონია, რომ ცხოვრების ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად შეძლებს ჩემს გამოძერწვას და მომცემს იმის შესაძლებლობას, საჭირო ადგილზე თავაწეული მივიდე.
წერა განუწყვეტელი პროცესია, რომელსაც ვერ დაგეგმავ და განსაკუთრებით ამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ რამდენჯერაც დავეგმე, რომ დავწერდი, იმდენჯერ ვერაფერი დავწერე ან რაც დავწერე ყვავებს მივუგდე საძიძგნად. ამ ეტაპზე მგონია, რომ ჩემი ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამდენიმე სათქმელი ერთად უკვე გავაჟღერე. „ბეტონების იქით“ მხოლოდ გაჟღერება იყო, აი, ამ სათქმელებში უფრო ღრმად ჩასვლაზე კი ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დამეხმარება, რომელსაც შესასვლელშივე აწერია: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საოცრებათა ქვეყანაში (ალისასთან ერთად და მის გარეშეც)“.
R