9 წლის იყო თედო ბექაური, როდესაც გაღმა ნაპირში განსახიერებული როლით, მსოფლიომ გაიცნო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა.... დღეს თედოს ცხოვრება არაფრით ჰყავს მის მიერ განსახიერებულ, „გაღმა ნაპირზე" მცხოვრები ბიჭისას. ის უკვე თავად მამაა და ახლა მისი მთავარი ფიქრი და საზრუნავი 2 წლის დემეტრეს მომავალია (რომელიც მამის ორეულია).
ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთელი ბიჭის ცხოვრება, რომ არა ერთი შემთხვევითი შეხვედრა ფილმის რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან. როგორც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს თედო ბექაური, ამ შეხვედრამ მისი ცხოვრება ძირეულად შეცვალა.
- მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია. ყველაფერი ბედნიერი შემთხვევითობის შედეგია. ერთ დღეს, თბილისში, თვალის კლინიკაში ჩამომიყვანა დედამ, სადაც სრულიად შემთხვევით შევხვდი გიორგი ოვაშვილს, რომელსაც შვილები ჰყავდა ექიმთან ვიზიტზე მოყვანილი. ამ შეხვედრამ ჩემი ცხოვრება ძირეულად შეცვალა. ვიზიტის მოლოდინში ბატონი გიორგის ქალ-ვაჟმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, ცელქობდნენ. ბიჭს ხელში რაღაც სათამაშო ეჭირა, თამაშობდა, უცებ გოგომ გამოსტაცა და თავში ჩაარტყა. ამაზე გულიანად გადავიხარხარე. თურმე სწორედ ამ სიცილით მივიქციე რეჟისორის ყურადღება. მოვიდა, გამომელაპარაკა. მერე დედაჩემს გაესაუბრა და გადაწყვიტეს, სინჯებზე მივეყვანე.
- მახსოვს, სტუდიაში რომ შევედი, ბატონმა გიორგიმ მითხრა, ახლა მე მაგიდაზე რაღაც რიტმს დავუკრავ და შენ იცეკვეო. მე ჯერ მორცხვად ვიდექი, მერე კი უცებ ენერგიულად ავცეკვდი. რეჟისორმა, რომელიც კმაყოფილი ჩანდა, გამაფრთხილა, იცოდე, სანამ გადაღებები არ ჩაივლის აღარსად იცეკვოო. გადაღებები 2 კვირაში დაიწყო და 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამასობაში, პირველად ვნახე ზღვა. მანამდე თბილისს არ ვიყავი გაცილებული. გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ შესაძლებლობები გამომემჟღავნებინა. თავიდან ისე ვმორცხვობდი და ისეთი ჩაკეტილი ვიყავი, რომ რეჟისორს ეუბნებოდნენ, ტყუილად კარგავ ამ ბავშვთან დროსო. მერე ბატონი გიორგი დამიჯდა, სერიოზულად დამელაპარაკა და ამ საუბარმა შედეგი გამოიღო... გადაღებების დროს, ჯანო იზორიასთან ერთად ვცხოვრობდი ოთახში. ისე მანებივრებდა, სულ კისერზე ვყავი შემჯდარი. ყველგან ერთად დავდიოდით.
- ძალიან ემოციური გამოვიდა ეს კადრები, რომელშიც ჩემი საყვარელი დათუნია სხირტლაძეც მონაწილეობს. ამ სცენის გადაღებისას ტირილი მიჭირდა. ისევ ბატონი გიორგი ფსიქოლოგიურმა მიდგომამ ითამაშა გადამწყვეტი როლი და ისე ავტირდი, გადაღების დასრულების შემდეგ კარგა ხანს ვეღარ მამშვიდებდნენ.
- მოულოდნელად ძალიან პოპულარული გავხდი. მერე კი ისევ უცაბედად, დავიწყებას მიეცა ჩემი სახელი... ყოველ შემთხვევაში რეჟისორების მხრიდან, თორემ ხალხის სიყვარულს მუდამ ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ. ყველას ვახსოვარ, მცნობენ, მეფერებიან, ათას თბილ სიტყვას მეუბნებიან. იმდენი ფესტივალი მოატარა ამ ფილმმა, ყველგან ისე მეფერებოდნენ და ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდა მაყურებელზე ეს ფილმი... ერთხელ, სერბეთში ფილმის ჩვენება რომ დასრულდა და დარბაზში სინათლე აინთო, ერთ-ერთმა კინომოღვაწემ გამოაცხადა, თედო ახლა ამ დარბაზშიაო. ყველა მოვიდა, მეფერებოდა, ერთ-ერთმა აქვითინებულმა მაყურებელმა გულში ჩამიკრა და ჯიბეში ფული ჩამიკუჭა... ფილმმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, მართლა გაჭირვებული ვეგონე. მერე ამ თანხით, ტკბილეული ვიყიდე და ჯგუფის წევრებს გავუმასპინძლდი.
- 27 წლის გახლავართ. უკვე დაოჯახებული ვარ, ჩემი მეუღლე, ანი ხუციშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანია. ჩვენი პატარა ვაჟკაცი დემეტრე კი უკვე 2 წლისაა. განაგრძეთ კითხვა