ყველასთვის ცნობილია, რომ ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თურქული სერიალის - "სხვისი შვილის" - ვარსკვლავი გახდა. თუმცა ამ ცნობილი სერიალის მთავარმა გმირმა - ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანმა მორიგ სეზონში მონაწილეობაზე უარი თქვა და ნანას ახალი პარტნიორი ჰყავს, რომელთან ერთადაც გადაიღეს მეოთხე სეზონი. ეს ალბანელი ვარსვლავი ნიკ ჯელილაია.
ნიკი 1983 წლის 5 მარტს არის დაბადებული ალბანეთში, ტირანაში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. მამას სურდა, რომ მისი შვილიც მის გზას გაჰყოლოდა და ჯერ კიდევ 14 წლისა სტამბოლში გაუშვა სამხედრო სკოლაში. თუმცა იქ სულ შვიდი თვე ისწავლა ნიკმა და შემდეგ შინ დაბრუნდა - დარწმუნდა, რომ სამხედრო სამსახური არ იყო მისი მოწოდება.
მოგვიანებით იურისტობას გეგმავდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და საბუთები ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტში შეიტანა. იქვე დაიწყო სამსახიობო კარიერა, პირველივე კურსზე. ბიჭი ალბანელმა რეჟისორმა პირო მილკანმა შენიშნა და მთავარი როლი მიანდო დრამატულ მელოდრამაში "პანი შნაიდროვას მწუხარება". ფილმი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, "ოსკარის" შორტ-ლისტშიც კი მოხვდა, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
2009 წელს მსახიობმა ასევე მთავარი როლი ითამაშა იოჰანეს ნებერის "ალბანელში", რომლისთვისაც პრიზიც დაიმსახურა, შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე ფილმი, ასევე როლი გერმანულ სერიალში, ამჟამად კვლავ აგრძელებს კინოსა და თეატრში თამაშს და ახლა უკვე თურქ მაყურებელსაც მოხიბლავს ახალი როლით ცნობილ სერიალში.