ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ განმსაზღვრელი ანუ ე.წ. ნიშნიანი შეფასება, რა თქმა უნდა, რჩება ძალაში, არანაირი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. შეფასების გზებსა და საშუალებებშია თავისუფლება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სკოლას შეუძლია ეს სამი კომპონენტი: საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი ძალაში დატოვოს, თუ მას ასე მიიჩნევს, ხოლო კონკრეტული საგნის მიმართულებით განსხვავებული შეფასება, კომპონენტი შემოიტანოს.
"განმსაზღვრელი ანუ ე.წ. ნიშნიანი შეფასება, ვიცით, რომ მეხუთე კლასის მეორე სემესტრიდან შემოდის. ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ განმსაზღვრელი ანუ ე.წ. ნიშნიანი შეფასება, რა თქმა უნდა, რჩება ძალაში. განმსაზღვრელი, ნიშნიანი შეფასების აქამდე არსებულ რედაქციაში ეწერა სავალდებულო კომპონენტები, ის შედგება: საკლასო დავალებისგან, საშინაო დავალებისგან და შემაჯამებლისგან. შემაჯამებლის ნაწილში განსაზღვრულიც კი იყო როგორ და რამდენი შემაჯამებელი იყო საჭირო. შესული ცვლილების მიხედვით, არავის არათუ არაფერი გაუუქმებია, არამედ, მეტი შესაძლებლობა მიეცა სკოლას. სკოლას შეუძლია ეს სამი კომპონენტი: საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი ძალაში დატოვოს, თუ მას ასე მიიჩნევს, ხოლო კონკრეტული საგნის მიმართულებით განსხვავებული შეფასება, კომპონენტი შემოიტანოს.
მაგალითად: შესაძლოა, სამოქალაქო განათლებაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგანსა ან ჰუმანიტარულ საგანში მასწავლებელმა მიიჩნიოს, რომ სჭირდება საკლასო დავალებაც, საშინაო დავალებაც, შემაჯამებელიც და პროექტული დავალებაც სჭირდება, დიაგნოსტიკური, სხვადასხვა მიმართულებით. მას ამაში თავისუფლება ეძლევა. რა თქმა უნდა, ეს კომპონენტები, საბოლოო ჯამში, 10-ბალიან სისტემაში უნდა დაკონვერტირდეს.
ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იყო შემდეგი: მასწავლებლებისგან ძალიან ხშირად იყო უკუკავშირი - "ნუ, გვკარნახობთ, მაინცდამაინც, საშინაო, საკლასო თუ რამდენი შემაჯამებლით უნდა გავიდე მე საბოლოო შედეგზეო. არის ისეთი, სადაც მინდა კომპონენტების ლავირება ან კომპონენტების ცვლილება და ამას ასე ნუ გვკარნახობთო". ჩვენ აქ მათ ვაძლევთ თავისუფლებას, თუმცა უნდა დაადასტუროს, რომ ამით გავა კონკრეტულ შედეგზე.
თავისუფლება მიეცემათ მათ, თავად განსაზღვრონ საბოლოო შედეგზე როგორ გავლენ, საშინაო დავალების, საკლასო დავალებისა და შემაჯამებლის კომპონენტით თუ აქედან ორს დატოვებს და მესამეს ახალ შემოიტანს, თუ კიდევ რაღაცას დაამატებს. განმსაზღვრელი, ე.წ. ნიშნიანი შეფასება არანაირი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, შეფასების გზებსა და საშუალებებშია თავისუფლება - ან იმავეს გამოიყენებს სკოლა, რომელიც აქამდეც ჰქონდათ, ან ექნებათ აქ თავისუფლება.
რაც ყველაზე მთავარია, სასწავლო-სასკოლო გეგმაში ეს უნდა აისახოს. თუკი სკოლა გადაწყვეტს, რომ კონკრეტული საგნების მიხედვით ახლა სჭირდება მას რაიმე ასახოს, კომპონენტი დაამატოს ან ჩაანაცვლოს, აქ, რა თქმა უნდა, მას ამის საშუალება ექნება, მაგრამ ამ ყველაფერს სასკოლო საზოგადოება აკეთებს. მათ ამისთვის დროც აქვთ, დასხდნენ, გაიარონ, კონკრეტულ შედეგზე როგორ გავიდა კონკრეტული საგნის პედაგოგი, ხომ არ ჯობდა პროექტული დავალება ჩაერთო, დიაგნოსტიკის სხვა ფორმები გამოეყენებინა... ამ თავისუფლებაზეა საუბარი.
კიდევ ერთხელ, არათუ განმსაზღვრელი შეფასება არ გაუქმებულა, არამედ ის კომპონენტებიც კი, რომელიც აქამდე იყო, სკოლებს თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ. ამასთან, სამინისტრომ გადაწყვიტა, სკოლამ მასთან კი არ შეათანხმოს შეფასების სისტემა, არამედ ავტონომიურობის ფარგლებში, თავად გადაწყვიტოს რა კომპონენტებს გამოიყენებს ქულა რომ დაწეროს და შეფასება მიიღოს. მაგრამ თუ ამ მოდელში, მას დასჭირდება, დაინახავს, რაღაც სხვა მეთოდები უნდა რომ გამოიყენოს, მთლად ამით კმაყოფილი არ არის, სამინისტრო როგორც სერვისის მიმწოდებელი, მხარდამჭერი, ამხსნელი, დამკვალიანებელი, რა თქმა უნდა, რჩება და არა შემთანხმებელი. ვაპირებთ, დარგობრივი მიმართულებით მხარდაჭერასაც კი. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა არ გეუბნებათ, რომ საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალება აღარ უნდა გქონდეთ. რაც შეეხება დროს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ [ამ ცვლილების გაზიარება] ცვლილების არსი არ ნიშნავს იმას, რომ ახლავე რაღაც უნდა შეცვალონ. ცვლილების არსი არის მეტი შესაძლებლობის მიცემა, მეტი თავისუფლება და არა ის, რომ არსებული, რაც აქამდე იყო არ შეიძლება რომ გამოიყენონ."- განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმაზეც, ხომ არ იგეგმება დაწყებით საფეხურზეც შეფასებების სისტემის გადახედვა ან/და ცვლილება:
"განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებით, წინმსწრებით, ვერაფერს გეტყვით, რას და როგორ ვგეგმავთ. ამ ეტაპზე ასეთი განზრახვა არ გვაქვს. კიდევ ერთხელ, ამ ცვლილების მთავარი არსი იყო შემდეგი - განმსაზღვრელ ნიშნიანი შეფასება რჩება, კომპონენტები კი, რომელიც აქამდე იყო, ყველასთვის სავალდებულო არ არის. თუკი კონკრეტული სკოლა, კონკრეტულ საგანში მიიჩნევს, რომ შეუძლია შესაბამის კათედრებთან კომუნიკაციით გაიაროს ეს თემა, კომპონენტი ან ჩაანაცვლოს, ან დამამატოს ან იგივე დატოვოს, ამ გზაზე განათლების და მეცნიერების სამინისტრო მათ მარტო არ დატოვებს. ჩვენგან იქნება არამხოლოდ ზოგადი კონსულტირება, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, დარგობრივიც." -ამბობს თამარ მახარაშვილი.
ვრცლად ინტერვიუ შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე:
ინტერპერსნიუსი