ახალი თაობისთვის ვირტუალურმა რეალობამ ყველაფერი დიდი დოზით ჩაანაცვლა: ურთიერთობები, წიგნების კითხვა და სწავლაც კი. უფროსები განგაშს ტეხენ, რომ გაჯეტებთან ამდენი ხნით ურთიერთობა ჯანმრთელობას შეურყევთ. ეს ტყუილი შიშია თუ გაჯეტები მართლაც მოქმედებს არა მხოლოდ ფსიქიკაზე, არამედ სხეულის ზოგად მდგომარეობაზე?
ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება დღეში მხოლოდ 17 წუთით, 10 წლის განმავლობაში, კიბოს განვითარების რისკს 60%-ით ზრდის.
ეს შედეგები 46 სხვადასხვა კვლევის სტატისტიკურმა ანალიზმა გამოავლინა, რომლებიც ბერკლის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს.
მათ დაადგინეს, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება 1000 საათის განმავლობაში, ანუ დაახლოებით 17 წუთით დღეში ათი წლის განმავლობაში, 60 პროცენტით ზრდის კიბოს განვითარების რისკს. მკვლევარებმა განმარტეს, რომ მობილური სიგნალების ემისია „უჯრედულ მექანიზმებს ერევა“, რაც ეგრეთ წოდებულ „სტრესის“ ცილებს წარმოქმნის, რაც უკიდურეს შემთხვევაში დნმ-ის დაზიანებას, სიმსივნეს და ზოგიერთი უჯრედის სიკვდილსაც კი იწვევს.
აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ სასწრაფოდ უარყო ეს შედეგები და მათთან რაიმე კავშირი. მათ განაცხადეს, რომ „არ არსებობს თანმიმდევრული ან სანდო სამეცნიერო მტკიცებულება ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, რომლებიც მობილური ტელეფონების მიერ გამოსხივებული რადიოსიხშირული ენერგიის ზემოქმედებითაა გამოწვეული“.
ბერკლის ექსპერტები ვერ შეეგუნენ ამ განცხადებას: მეცნიერებმა გადაწყვიტეს ადრე ჩატარებული კვლევებისთვის გადაეხედათ, რომლებიც თავის დროზე აშშ-ში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ახალ ზელანდიაში ჩატარდა, რათა სრული სურათი მიეღოთ მობილური მოწყობილობების გამოყენების და მათი გავლენის შესახებ მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
კვლევის ავტორმა ჯოელ მოსკოვიცის თქმით, ადამიანებმა უნდა შეამცირონ მობილური ტელეფონების გამოყენების დრო, თავი აარიდონ ამ „ჩუმ მკვლელებს“ და, თუ ეს შესაძლებელია, ფიქსირებული ტელეფონი გამოიყენონ.
„მობილური ტელეფონების გამოყენება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბევრ ბევრ პრობლემას წარმოშობს, თუმცა, სამწუხაროდ, სამეცნიერო საზოგადოება ამას სათანადო ყურადღებას არ უთმობს“, - წუხს მოსკოვიცი.
როგორც ხშირად ხდება სამეცნიერო საზოგადოებაში, კვლევებს, რომლებიც ისეთი პროდუქტის მავნე ზემოქმედებაზე მეტყველებენ, რომელთა ამოღებაც არც ისე ადვილია ადამიანების ცხოვრებიდან, უბრალოდ დასცინეს.
„გრძელვადიანი ეფექტების კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ მთლიანობაში საუკეთესო სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება არ ზრდის კიბოს რისკს“, - განაცხადა მიშელ მიტჩელმა, კიბოს კვლევის ინგლისის დირექტორმა.
ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპიკერმა დაადასტურა ეს მოსაზრება:
„არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედება ჯანმრთელობაზე არასასურველი პროცესებს იწვევს“.
თუმცა, მოსკოვიცი კიდევ ერთხელ შემოიჭრა მეცნიერების სამყაროში მტკიცებით, რომ მისი კვლევა, რომელიც კიბოსა და მობილურ ტელეფონებს შორის კავშირს ადასტურებს, მთლიანად ან ნაწილობრივ სმარტფონების ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერაა დაფინანსებული. მან დასძინა, რომ ამ კავშირის აშკარა მტკიცებულებას დავინახავთ, როდესაც სურათს უფრო ფართო სპექტრით შევხედავთ და რამდენიმე კვლევას შევადარებთ ერთმანეთს.
მეცნიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბევრი ექსპერტი, რომელიც მხარს უჭერს მის რწმენას, ამბობს, რომ უკაბელო მოწყობილობების მოდულაცია რადიაციულ ენერგიას უფრო „ბიოლოგიურად აქტიურს“ ხდის.
მისი თქმით, მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულება ხელს უშლის ჩვენს უჯრედულ მექანიზმებს, მაგალითად, ხსნის კალციუმის არხებს და კალციუმს უჯრედებსა და მიტოქონდრიებში უჯრედში შეღწევის საშუალებას აძლევს, ხელს უშლის ჩვენს ბუნებრივ უჯრედულ პროცესებს და სტრესის ცილებს და თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნის.
”ხშირ შემთხვევაში, ამან შეიძლება უჯრედების სიკვდილი გამოიწვიოს”, - დასძინა მოსკოვიცმა.