განათლების პროცესში მასწავლებლებთან ერთად მშობლებსაც დიდი როლი აქვთ. არსებობს მოსაზრება, რომ მშობელი არ უნდა ერეოდეს სწავლია პროცესში, თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვს მარტო გაკვეთილის მომზადება უჭირს. ამ თემებზე სასაუბროდ გადაცემაში "პირვლემადე" მიწვეული იყო ტელეწამყვანი, გვანცა დარასელია, რომელსაც 2 შვილი ჰყავს და ორივე სკოლის მოსწვალეა.
გვანცამ აღნიშნა, რომ შვილებთან მათი ინდივიდუალური ხასიათიდან გამომდინარე განსხვავებული მიდგომები აქვს. ერეკლეს სჭირდება შეხსენება, რომ გაკვეთილები აქვს მოსამზადებელი, ლილე კი პარასკევსვე სწავლობს ყველაფერს, რომ შაბათ-კვირით ისიამოვნოს.
მართალია, როგორც ყველა იმ მშობელს, ვინც კერძო სკოლაზე აკეთებს არჩევანს, მასაც ჰქონდა ნაწილობრივ მოლოდინი იმისა, რომ ეს იქნებოდა ადგილი, სადაც ბავშვი ყველა საგანს იდეალურად ისწავლიდა, მაგრამ, მხოლოდ სკოლა არაა ის რგოლი, რომელიც განათლების მიღებაში მონაწილეობს, სახელმძღვანელოები უნდა იყოს შესაბამისი, რომ მოსწავლემ იმ შემთხვევაშიც კი შეძლოს გაცდენილი გაკვეთილის დაძლევა, როცა სკოლაში არ იყო, მასწავლებელი უნდა იყოს ავტორიტეტი მოსწავლისთვის და ა.შ.
"ამ ეტაპზე ეს ჩემი ცხოვრების მთავარი გამოწვევაა. მყავს ორი შვილი, ორივე განსხვავებული ხასიათის. დღეში ერთს საათს მაინც ვუთმობ ამას, რომ ან ტესტისთვის მოვამზადო, ან გაკვეთილი ჩავიბარო, ან მივეხმარო რომელიმე საგანში. ზოგჯერ მიხმარება, ზოგჯერ კონტროლი, ზოგჯერ თავზე დადგომა და შექება სულ სჭირდება მოტივაციისთვის".
როგორც გვანცა აღნიშნავს, მისთვის მთავარია სკოლამ შეუქმნას სწავლის მოტივაცია ბავშვს. გვანცას გამოცდილებასა და მიდგომებზე, ასევე ფსიქოლოგ ზანდა ჩეჩელაშვილის რჩევებზე ამის შესახებ, ვრცლად ვიდეოდან შეიტყობთ.
თეკლა ჟვანია