მოვიდა ვირუსების სეზონი და მშობელთა ჯგუფებშიც დაიწყო დედების წუხილი: "ორი დღე დადის, ორი კვირა სახლშია", ახლაც 40 აქვს სიცხე". "სურდო ვერ მოვურჩინე", "ხველით დავიტანჯეთ"... ხშირად მხვდება ასეთი შინაარსის კომენტარები და გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება დამეწერა. ორი ბავშვი ვატარე ბაღში, ახლა ორივე სკოლაში დადის და იმ დედებს, ვისაც ახლა ჰყავს ბაღის ასაკის პატარა, შეიძლება ჩემი რჩევა გამოადგეთ.
სამი წლის 4 თვის იყო ჩემი უფროსი გოგონა ბაღში რომ შევიყვანე ვირუსებით დატანჯულები არც მანამდე ვყოფილვართ და ისე დაასრულა ბაღი, წელიწადში ერთი-ორჯერ თუ გახდებოდა ავად. საერთოდ არ შეგვხებია ბაღის ვირუსების პრობლემა. მეორე შვილი უკვე 4 წლის იყო, ბაღში რომ შევიყვანე და მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო. თუ შეიძლებოდა ყოველ ორ კვირაში ავად გახდომა, ვერც წარმომედგინა. ბავშვი, რომელსაც მანამდე არაფერი განსაკუთრებული არ აწუხებდა, დაიტანჯა ამდენი დისკომფორტით. ცხვირი ან სულ გაჭედილი ჰქონდა, ან დენა ჰქონდა და მოხოცვისგან გამოწვული სიწითლე აღარც ურჩებოდა ხოლმე. გაიჭყიპა ამდენი სიცხის დამწევით. ხველა ცალკე პრობლემა. ერთხელ ყურის ანთება დაემართა. ორშაბათს რომ მივიყვანდი, პარასკევამდე სიარულს ვერ ასწრებდა. ეს გრძელდებოდა თვეების განმავლობაში.
ბოლოს რომ დავუკვირდი ჩემს მდგომარეობას, რა სარგებლობა მოჰქონდა ბაღს? კი, თამაშობდა და რაღაცებსაც სწავლობდა, თუმცა იმის ნახევარსაც ვერ ისმენდა, რასაც სხვები, თანაც რის ფასად? ბავშვი სულ ავად და სულ შეწუხებული იყო, მე - სულ განერვიულებული, ოჯახის ბიუჯეტის დიდი ნაწილი - წამლებში და შედეგი? ბავშვი ძირითადად, მაინც სახლში იჯდა, ოღონდ არა ჯანმრთელი და ბედნიერი, არამედ გაციებული.
თითქმის ერთი წელი ვატარე, თუ ამას ტარება ერქვა, მომავლი წლიდან აღარ მიმიყვანია და არც მინანია. ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში გაუჭირდა ან შეგუების მხრივ ან ჯანმრთელობის მხრივ. ჩვეულებრივად გავაგრძელეთ სწავლა, განსაკუთრებული პრობლემები არ შეხვედრია. თუმცა, აშკარად უფრო მიდრეკილია ვირუსებისკენ, ვიდრე უფროსი ბავშვი. იმას არც დაწყებითებში ჰქონია ვირუსების პრობლემა და არც მერე. ასეთი ორგანიზმი აქვს და არა ბაღში ხშირად ავადობისგან „გაკაჟებული“.
ამიტომ, ჩემი აზრით, თუ ბავშვი მაინც ვერ ახერხებს ბაღში სრულფასოვან დასწრებას, რა აზრი აქვს სიარულს, ხომ მაინც ვერ მოახერხებს პროგრამის ნორმალურად გავლას. გამოდის, ავად გასახდომად ვუშვებთ? ეს ხომ ბავშვის წვალებაა. არც ავადმყოფობით გამომუშავებული იმუნიტეტის მჯერა, ავადმყოფობა და წამლები ასუსტებს, კი არ აკაჟებს. ბავშვის ავად გახდომა კარგი და სასარგებლო როგორ არის, არ მესმის. როგორი ორგანიზმიც აქვს ბავშვს, იმის მიხედვით ხვდება ვირუსები. ნერვებიც უფუჭდებათ წარამარა ექიმთან სიარულით, წამლების სმით, დისკომფორტით და ტკივილით.
ამიტომ ჩემსავით თუ ძალიან წვალობთ, ისტრესებით მშობელიც და ბავშვიც, თვეები გადის და არაფერი იცვლება, ანტიბიოტიკების სმა ხშირად გიწევთ და ბავშვი ძირითადად, მაინც სახლში ზის, იმ წელს ნუ ატარებთ. მოაძლიერეთ, გააკაჟეთ და მომდევნო წლიდან შეიყვანეთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება გაქვთ.
ყველა ბავშვი ერთნაირი ვერ იქნება, და არც ერთნაირი მიდგომაა გამართლებული ყველა ბავშვთან. ზოგი ბაღის გარეშეც ხშირად ავადობს, ამიტომ, კარგად გააანალიზეთ კონკრეტულად თქვენი მდგომარეობა და გადაწყვეტილება თამამად მიიღეთ იმის მიხედვით, თქვენს შვილს რა არგებს და არა იმის მიხედვით, როგორ იქცევა უმრავლესობა.
ნათია, 32 წლის