"წამალდამოკიდებულება ერის გენეტიკურ ფონდს გვინადგურებს. პროცენტულად მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ, რუსეთისა და სეიშელის კუნძულების შემდეგ..." - მშობლები

"წამალდამოკიდებულება ერის გენეტიკურ ფონდს გვინადგურებს. პროცენტულად მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ, რუსეთისა და სეიშელის კუნძულების შემდეგ..."

2023-12-04 13:28:05+04:00

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ექიმი-ნარკოლოგების შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სიღარიბის დაძლევის პრობლემების შემდეგ, ნარკოტიკების მოხმარება ჩვენი ქვეყნისთვის ურთულესი გამოწვევაა. ბნელი 90-იანებიდან მოყოლებული, ამას მთელი თაობები შეეწირა და ტრაგიკული პროცესი დღემდე გრძელდება.

დავით ვადაჭკორია, ექიმი-ნარკოლოგი, ნარკოლოგიური კლინიკა "ნეოგენის" დირექტორი:

- ჩვენი მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 50 ათასი მძიმე ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებელი, პრობლემური წამალდამოკიდებული პირი გვყავს. ასევე, ჯამში 180 ათასი კანაბინოიდების, მარიხუანის მომხმარებელია.

- პატარა ქვეყნისთვის ეს როგორი მაჩვენებელია?

- პროცენტულად მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ, რუსეთისა და სეიშელის კუნძულების შემდეგ. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების მოწოდებაც მაღალი გვაქვს და მოთხოვნაც. ორივე შემადგენელი სინერგიულად მოქმედებს და რაოდენობის ზრდას იწვევს.

- რამდენად შემცირდა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია?

- მნიშვნელოვანი შემცირების დადებითი ფაქტორი უნდა გამოვყოთ. რაღაც დოზით არსებობს, მაგრამ რაც 10-12 წლის წინ იყო, ის მასშტაბები აღარაა. საქართველოში უზარმაზარი მოცულობის სააფთიაქო ნარკომანია გვქონდა და საუბედუროდ, ამაზე რეაგირება არ ხდებოდა. თუ გახსოვთ ე.წ. ნიანგი, კოაქსილი, კუსტარული სტიმულატორები, ჯეფი, ვინტი და ა.შ. არც მინდა ჩამოვთვალო ბევრი სხვა პრეპარატი, რომელთა მავნე გამოყენებაც ხდებოდა. მისასალმებელია, რომ მათი მასშტაბები შევამცირეთ.

- კონკრეტულად მარიხუანის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია?

- ამ სფეროში ლიბერალიზაციის პროცესი 5-6 წლის წინ დაიწყო და ამან მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია როგორც მოზარდებში, თქვენ წარმოიდგინეთ, ასაკოვან ხალხშიც. აღსანიშნავია, რომ ტენდენცია მიდის სტაბილიზაციისკენ, რადგან ბევრი ხვდება დამანგრეველ შედეგებს, რასაც მარიხუანის მოხმარება იწვევს. ჩვენთან მოდის ბევრი სტუდენტი, სკოლის მოსწავლე და აფიქსირებენ, რომ სწავლა გაუჭირდათ, მეხსიერება დაუქვეითდათ, ემოციურები, დეპრესიულები გახდნენ... მოდიან მომხმარებლები, რომლებიც ათვითცნობიერებენ იმ ვნებას, რაც მათ მარიხუანის მოხმარებამ მიაყენა. წარსულს ბარდება ის მიდგომა, თითქოს კანაფის გამოყენება საზიანო და საშიში არ არის.

- ლიბერალიზაციის გათვალისწინებით, თუნდაც მარიხუანის მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით გამოსავალს რაში ხედავთ?

- ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის სწორი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამუშაო-პრევენციული ღონისძიებების დანერგვა და გატარება. ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე ახსნა, თუ რა შედეგებს იწვევს მოხმარება.

მეორე საკითხია, როგორ ვმართავთ უკვე დამოკიდებულ პირებს, რამდენად სწორად ვთავაზობთ სერვისებს და მკურნალობას; რამდენად სწორადაა ორგანიზებული იგივე სარეაბილიტაციო მკურნალობა ქვეყანაში, რაც პრობლემატურია. დიდი ინვესტიციები სჭირდება ამ საქმეს. არადა, უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში ერთ-ერთი უპირველესი გამოწვევაა. ერთია ეკონომიკური პრობლემები - სიღარიბე და სიდუხჭირე, მეორე ტერიტორიული მთლიანობა და მესამე წამალდამოკიდებულება, რომელიც ფაქტობრივად ერის გენეტიკურ ფონდს გვინადგურებს. პირველი ორი რად გვინდა, თუ ეს მესამე საკითხი არ მოგვარდა? და რომელი უფრო მწვავეა დღეს ქვეყანაში, რთული სათქმელია. სამწუხაროდ, მდგომარეობის დამძიმების ტენდენცია ისევ შეინიშნება. მთელ მსოფლიოში ასეა, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ერისთვის ათმაგად უფრო მძიმეა ეს რეალობა.

- რა მდგომარეობა გვაქვს ნარკოდანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით?

- ქვეყანაში პრევენციის მწყობრი სისტემა არ არსებობს. პრევენციას აზრი აქვს, როცა ამას ადრეულ ასაკში იწყებ - ვატარებთ ღონისძიებებს სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში საკმარისად? სამწუხაროდ, არა. გამოყოფილი გვაქვს სკოლაში მოწყვლადი ჯგუფები, სადაც რისკი მაღალია. ვმუშაობთ ამ ჯგუფებზე? სამწუხაროდ, ვერა. პრობლემამ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც ფართოდ შეაღწია. ქმედითი საპრევენციო ღონისძიებების ორგანიზების გარეშე რთულია სასურველი შედეგები მივიღოთ.

- რა უშლის ხელს ამის ორგანიზებას?

- ამ პრიორიტეტის კარგად გათვითცნობიერება. კი, ყველა ხელისუფლებას და მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ ამ პრობლემის მიმართ შეურიგებელია, მაგრამ სისტემის დამუშავება ვერაფრით მოხერხდა იმ დონეზე, რომ სიტუაციის შემდგომი დამძიმებისგან დაგვაზღვიოს. პრევენცია ერთი მომენტია, რომელმაც უნდა მოგვცეს შედეგი, რომ ქვეყანაში ნარკოტიკზე მოთხოვნა შემცირდეს. მეორე პრობლემაა, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის. სატრანზიტო ქვეყანა ვართ და ესეც გასათვალისწინებელია. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთ რეგიონში მთელი ანკლავები გვაქვს, სადაც ამ ნარკოტიკების გასაღება ხდება. იჭერენ ათეულობით გამსაღებელს, მაგრამ მის ადგილზე ოცეული ჩნდება. ამ პრობლემას ვერაფრით მოვერიეთ.

ამიტომ დროა საქართველოში უკვე პრემიერის პატრონაჟით შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო შსს-ს, ჯანდაცვის მინისტრის, სპეციალისტების შემადგენლობით, რომელიც მწყობრად დადებს პროგრამას, თუ როგორ შევამსუბუქოთ, ვმართოთ ქვეყანაში ეს ურთულესი პრობლემა. დღესვე რადიკალური ზომები თუ არ გავატარეთ, ქვეყანაში წამალდამოკიდებულების გაახალგაზრდავება მიმდინარეობს. შემთხვევები დაფიქსირებულია 15-16-17 წლის მოზარდებში. გვხვდებიან გოგონებიც, რაც ადრე არ შეინიშნებოდა. გვყავს პაციენტები, რომლებმაც 50-60 წლის ასაკში დაიწყეს ნარკოტიკების მოხმარება. განაგრძეთ კითხვა

მსოფლიოს ფსიქიატრიული საავადმყოფოები მარიხუანას მწეველებითაა გადავსებული, რომლებსაც ათასგვარი ფობია, დეპრესია, უმძიმესი ფსიქიკური აშლილობები აქვთ - სპეციალისტი მარიხუანას გამოყენების საფრთხეებზე
ბოლო ორი თვეა ძალიან გახშირდა მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები. ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენს გენოფონდს!
მარიხუანას ერთჯერადი მოხმარების შემდეგ მისი მოქმედების კვალი რჩება 7 დღის განმავლობაში - რა მავნებლობა აქვს სინამდვილეში მარიხუანას?
თუ მომავალი მამა მარიხუანას (კანაფს) ეწევა - რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ნაყოფზე