თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია თავისი საერო ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ საუბრობს. ჩვეული გულახდილობით გვიზიარებს მის შეხედულებებს, ემოციებს იმ რთულ წუთებსა თუ სასიამოვნო მოგონებებზე, რომლებიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
- პირველ რიგში, ცოლ-ქმარს უნდა ესმოდეს, რომ ისინი ერთნი არიან. ხშირად მომისმენია, მაგალითად ფრაზები - ჩემი ცოლის მხრიდან, ჩემი მხრიდან, შენებმა არაფერი გაგვიკეთეს, ჩემებმა რამდენი რამე გაგვიკეთეს - აი, ასეთი დაყოფა არ უნდა არსებობდეს. ამის პირველი მიზეზი ისაა, რომ არ ესმით ეს ერთობა. როცა ჯვარს ვწერთ, პირდაპირ წერია, რომ ეს საიდუმლო ძალიან დიდია - როგორ ხდება ორი ადამიანი ერთი - ერთ ხორც და ერთ სისხლ. როგორც ადამიანი საკუთარ თავს ვერ განეშორება, ჩვენი მეუღლეც ასეა - სულ ჩვენთან. არც ერთ ნათესავთან, არავისთან ხარ ერთი, მხოლოდ მეუღლესთან. თუ ეს ერთობა დაირღვა, განადგურდები და რომ არ დაირღვეს, სულ ცდილობ, რომ ის ადამიანი შენით იყოს ბედნიერი.
ორივემ ერთმანეთი უნდა აბედნიეროს.
ჩემს შვილებს სულ მაგას ვარიგებ, ცოლს რომ მოიყვან, მისთვის უნდა იცხოვრო. დაიკო გყავს, შენ როგორ გინდა მას მოექცნენ? ისეთმა ბიჭმა შეირთოს, რომელიც შენს ნინიკოს ხელის გულზე ატარებს, ამიტომ, შენც ასევე უნდა მოექცე.
ასევე ვარიგებ გოგონას.
- ეგოიზმი ყველაფერს კლავს და გვღუპავს. როდესაც ჩვენ ქრისტიანობიდან გამოვდივართ, მთავარი რა არის? „უარყავი თავი თვისი, აიღე ჯვარი და შემომიდექი მე“. ადამიანის უმთავრესი პოსტულატი ამაზეა დამყარებული. ჩემი თავი უნდა უარვყო შენთვის, განსაცდელები სწორად მივიღო და შევუდგე ქრისტეს.
ეს რომ ყველას ესმოდეს, წარმოგიდგენიათ, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ?
ადამიანებისთვის უნდა ვიცხოვროთ და არა - მათ გამოსაყენებლად.
ბედნიერება არა მიღებაშია, არამედ, გაცემაში. ჭეშმარიტ ქრისტიანთან ურთიერთობა ყველაზე მარტივია, ის შენგან არაფერს ელოდება და არასდროს გამოგიყენებს. არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითად, ღვთისგან რაიმეს თუ ვერ მიიღებენ, მერე მასზე ბრაზდებიან, რაში მჭირდება ასეთი ღმერთიო, ამდენი ვილოცე და უფალმა არ შემისრულაო. მას უფალთან გამომყენებლური დამოკიდებულება აქვს. ასეთ ადამიანს ყველაფერთან ასეთი მიდგომა აქვს.
- დიახ, სწორედ ასეა - ეს არ არის დასასრული, გარდაცვალებით იწყება ადამიანის ცხოვრება, თუ ქრისტიანული აზროვნება გაქვს. ნამდვილი ცხოვრება ჩვენი გარდაცვალებიდან იწყება და თუ შევხედავთ საეკლესიო კალენდარს, აღმოვაჩენთ, რომ წმინდანების დღესასწაულების, რომლებსაც ჩვენ აღვნიშნავთ, უმეტესი ნაწილი სწორედ მათი გარდაცვალების დღეა - თავის კვეთის, წამების. ცოტა ხნის წინ, 100 000 მოწამის ხსენების დღე აღვნიშნეთ, წარმოიდგინეთ, მთელი ქალაქი დახოცეს, თავები დააჭრეს და დღეს ჩვენ ამას დღესასწაულის სახით აღვნიშნავთ და რას ვულოცავთ, ადამიანების დახოცვას? არა, მათ წარდგომას მარადიულ სამყაროში. ადამიანმა გაიმარჯვა, ამ ქვეყანას სძლია და იქ მარადიულ ცხოვრებაში წარდგა. მთავარი ამის გააზრებაა, რომ ადამიანები არ კვდებიან, ისინი გარდაისახებიან მარადიულ სამყოფელში. ქართველებს საოცარი სიტყვა გვაქვს - განისვენა, მისი ამქვეყნიური შრომა და მოღვაწეობა დამთავრდა და განისვენა. ოღონდ მთავარია, ადამიანი სწორად წარდგეს იქ, თორემ თუ გამართლებული ვერ წარდგა, მარადიულ სატანჯველში წასვლა, ცხადია, რთულია.
ადამიანები ძალიან მარტივად ვიღებთ ხოლმე გათენებულ დღეს და დაღამებულ ღამეს, ვთვლით, რომ ეს ასეც უნდა იყოს და არავითარი მადლიერების გრძნობა არ გვაქვს. ავდგებით, ხელ-პირს დავიბანთ, ვისაუზმებთ და გავრბივართ, ერთ მადლობას არ ვიტყვით ამისთვის, რამხელა საჩუქარია, რომ ღმერთმა გაგითენა დღევანდელი დღე. ადამიანი ამას მარტივად იღებს და არც კი უღრმავდება, რამხელა სასწაულია, რომ კიდევ მოგეცა საშუალება იმისა, რომ შენი ცოდვები შეინანო, წმინდად იცხოვრო, პატიება ითხოვო... იხილეთ სრულად