ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული მსახიობი გურანდა გაბუნია 1938 წლის 26 აგვისტოს, სოხუმში დაიბადა. მამა სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, დედა - მსახიობი. თუმცა თავად მსახიობობაზე არ უფიქრია და ბავშვობიდან ბალერინობაზე ოცნებობდა.
ერთხელ სოხუმში იგორ მოისეევის ანსამბლი ჩავიდა, ძალიან მოეწონა გურანდას ცეკვა და მოსკოვში წასვლა შესთავაზეს, თუმცა მამამ უარი განაცხადა. ცეკვისადმი ინტერესი არ განელებულა. შემდეგ დედასთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა მსახიობობა.
"სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. ორი რამ მიყვარდა ყველაზე ძალიან – ზღვა და ცეკვა. ზღვა აფხაზეთში აბსოლუტურად სხვანაირი იყო, საოცრად ლურჯი და თბილი. მე მხოლოდ იქ, იმ ზღვაში მიყვარდა ცურვა. ბავშვობაშიც კი, როცა მამას მივყავდით ოდესაში, იალტაში ან სხვაგან, არსად ვცურავდი, მე მელოდებოდა სოხუმი და ჩემი ზღვა…
არ მიფიქრია, რომ მსახიობი გავხდებოდი, ბალერინობა მინდოდა. იქნებ თეატრის კულისებში მუდმივად ყოფნამ იქონია გავლენა ან იქნებ ბავშვობაში სცენაზე შესრულებულმა ეპიზოდურმა როლებმა… ვერ გეტყვით, როდის მომწიფდა ჩემში აზრი, რომ თეატრალურში გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ფაქტია, ჩავაბარე" - ამბობდა გურანდა გაბუნია.
სწორედ უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო მომავალი მეუღლე, ოთარ მეღვინეთუხუცესი. მაშინ გურანდა 19 წლის იყო, ოთარი - 27-ის. ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.
"მე პირველ კურსზე ვიყავი, ოთარი – მეოთხეზე. რაღაცას ვღიღინებდი და ინსტიტუტის ფოიეში მივაბიჯებდი. გამაჩერა ჩემმა მეგობარმა, ნუგზარ გაჩავამ და გამაცნო თავის გვერდით მდგომი ჭაბუკი. გავოგნდი, რომ შევხედე, ისეთი ლამაზი იყო. ქართველს არ ჰგავდა, მაღალი იყო, ღია ფერებით და დიდი ლურჯი თვალებით. პირდაღებული შევყურებდი.
მერე კიბეები ავირბინე, ლექციები მქონდა. რამდენიმე საათის შემდეგ ოთარი ისევ სასწავლებლის ვესტიბიულში დამხვდა. მომიახლოვდა და მითხრა: “მე გაგაცილებთ”. რაღაც ძალიან იოლად გამოვიდა. მთელი გზა გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, მას კი ხმა არ ამოუღია, ზოგჯერ თუ ჩაურთავდა თითოოროლა სიტყვას. ორი წელი გაგრძელდა ჩვენი შეხვედრა-გაცილებები, მერე დავქორწინდით.