„ბავშვის აღზრდას მთელი სოფელი სჭირდებაო“, — ამბობს უძველესი აფრიკული ანდაზა. ამ ხალხური გამოთქმის გზავნილი ასეთია: იმისათვის, რომ ბავშვი უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში გაიზარდოს, მას ადამიანთა მთელი საზოგადოება სჭირდება, რომლის თითოეულ წევრს ის უყვარს და მის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს.
წარმოიდგინეთ იდეალური „სოფელი“, სავსე ბრძენი და კეთილი ადამიანებით, მათ შორის, მოხუცებით, რომლებიც ბავშვებს უვლიან და ზრუნავენ მათზე. იმავე "სოფელში" მცხოვრები მშობლები ყოველთვის მზად არიან მოუსმინონ შვილს, მხარი დაუჭირონ, რჩევა მისცენ, დაეხმარონ. კარგად ჟღერს, არა? „აღმზრდელობით სოფელში“ მოიაზრება ის გარემო, როცა ბავშვის ირგვლივ დიდი ოჯახი, სანათესაო, სამეზობლო ან ოჯახის სამეგობრო ტრიალებს და ყველანი ამ ბავშვის მიმართ სიყვარულით და ზრუნვით არიან გამსჭვალულნი.
რაც უფრო მეტი მოსიყვარულე და მზრუნველი უფროსია გარშემო, მით უფრო მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს ბავშვი. ასეთი გარემოცვა, ანუ „აღმზრდელობითი სოფელი“ ბავშვში უსაფრთხოების ძლიერ განცდას ქმნის.
ასეთი საზოგადოება ეხმარება დედას ოდნავ მაინც მოდუნდეს და „ამოისუნთქოს“. მან იცის, რომ ყოველთვის ეყოლება ვინმე, ვისაც ბავშვის აღზრდისას დახმარებას სთხოვს.
„აღმზრელობითი სოფელი“ ეხმარება ბავშვს უმტკივნეულოდ გაიაროს მოზარდობის პერიოდი. იმ მომენტში, როდესაც მოზარდი მშობლებს შორდება, მას შეუძლია მხარდაჭერა და უერთიერთგაგება საიმედო უფროსთან იპოვოს - ანუ ამ "სოფლის" ერთ-ერთი "მაცხოვრებელი".
„აღმზრდელობითი სოფელი“ აუცილებელი არ არის სისხლით ნათესავებისაგან შედგებოდეს: ბებია-ბაბუა, დეიდა, ბიძა და ოჯახის სხვა წევრები თავისთავად იგულისხმებიან, მაგრამ ამსაზოგადოებაში შედიან ოჯახის მეგობრები, საბავშვო ბაღის და სკოლის მასწავლებლებიც, წრეების პედაგოგები და მეზობლებიც კი.
თუ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასახლდით ან რაიმე მიზეზით გაწყვიტეთ წინა სოციალური კავშირები, ასეთივე სოფლის შექმნა ახალ ადგილზე სულაც არ არის შეუძლებელი. საამისოდ რამდენიმე რეკომენდაცია არსებობს:
1. შეადგინეთ სია
გასაგებია, რომ თქვენს ირგვლივ „სოფელი“ თავისთავად არ გაჩნდება. იმ ადამიანების პოვნას, რომლებიც მისი „მაცხოვრებლები“ გახდებიან და ვისაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ, ძალისხმევა სჭირდება.
ამ გზაზე, დიდი ალბათობით, მოგიწევთ გადალახოთ თქვენი სიმორცხვე, გაუბედავობა, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის შიში და ზოგიერთ შემთხვევაში, ენობრივი ბარიერიც კი.
დასაწყისისთვის, გონებაში განიხილეთ ყველა ადამიანი, ვისთანაც გასული კვირის ან თვის განმავლობაში კონტაქტი გქონდათ და შეარჩიეთ ისინი, ვინც სასიამოვნო შთაბეჭდილებები დაგიტოვათ.
„სოფლის“ პოტენციური მაცხოვრებლების სიაში შეგიძლიათ, მაგალითად, შეიყვანოთ კეთილი მასწავლებელი, რომელიც თქვენ და თქვენს შვილს ახალ სკოლასთან შეგუებაში გეხმარებათ . ასევე მეგობრული მეზობელი, რომელსაც ყოველდღე ხვდებით, ტქვენი შვილის თანატოლის დედა, რომელსაც სათამაშო მოედანზე გამოელაპარაკეთ და ა.შ. დ.
2. გააძლიერეთ თქვენი კავშირები
მას შემდეგ რაც პოტენციური „მიზნები“ დაადგინეთ, შეუდექით საქმეს. მოძებნეთ ნებისმიერი შესაძლებლობა თქვენთვის სასურველ ადამიანებთან კომუნიკაციის გაღრმავებისა და გაფართოებისთვის.
ეცადეთ, ყოველთვის მიესალმოთ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღე ხვდებით. ადამიანთან საუბრის შემდეგ, აცნობეთ მას, რომ სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა, მოთმინებით მოუსმინეთ, თუნდაც არც თუ ისე დაინტერესებული იყოთ.
ხშირად შესთავაზეთ დახმარება და თავადაც ითხოვეთ. მაგალითად, სთხოვეთ, გირჩიოთ კარგი პედიატრი ან აქტივობები თქვენი შვილისთვის. ზოგადად, ბუნებრივად მოიქეცით და გულწრფელი იყავით. ადამიანები ყოველთვის გრძნობენ სიყალბეს და აფასებენ პატიოსნებას და გახსნილობას.
3. იხელმძღვანელეთ თქვენი ინტერესებით
ფეხბურთის მოყვარულებს შორის მეგობრები არ უნდა ეძებო, თუ ფეხბურთი არ გაინტერესებს. შეეცადეთ, შეუერთდეთ ჯგუფებს და ონლაინ საზოგადოებებს, რომლებიც თქვენს ინტერესებს იზიარებენ. იქ უფრო სავარაუდოა, რომ "თქვენი" ხალხი იპოვოთ.
4. იპოვეთ ადამიანი, რომელიც გადაუდებელ შემთხვევაში დაგეხმარებათ
საკუთარი „სოფლის“ შექმნა სწრაფად შესრულებადი ამოცანა არ არისდა ცხოვრებამ შეიძლება მოულოდნელი „სიურპრიზები“ მოგვევლინოს. სამწუხაროდ, არავინ არის დაზღვეული პრობლემებისა და წარუმატებლობისგან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად იპოვოთ ადამიანი, რომელსაც ენდობით და შუაღამისას დაურეკავთ, რათა დასახმარებლად მოვიდეს - მაგალითად, მიხედოს ბავშვებს, როცა თავს ცუდად გრძნობთ.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი თქვენთან ახლოს ცხოვრობდეს. ასეთი სასწრაფო მეგობრის პოვნა თქვენი პრიორიტეტი უნდა იყოს. და თუ თქვენ თვითონ გახდებით ასეთი ვინმესთვის, თქვენი საკუთარი ადგილობრივი „მხარდაჭერის ჯგუფის“ შექმნის შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.